Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკურად „იმედიანი“ თებერვალი


საქართველოს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ თებერვლის თვე „საკმაოდ იმედიანი“ იყო. ხადურმა მთელ რიგ ეკონომიკურ მონაცემებზე ისაუბრა, რომლებიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. მთავრობის ოპტიმისტურ შეფასებებს არ იზიარებს პოლიტიკური ოპოზიცია და ეკონომისტთა ნაწილი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, კვლავ განაგრძობს გაუფასურებას, მაგრამ მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებებს, რომელთა მიხედვით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის მთავარი მიზეზი შიდა ეკონომიკურ პრობლემებია. შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. უფრო მეტიც, რამდენიმე საგადასახადო პარამეტრზე დაყრდნობით, 19 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თებერვლის თვეს „იმედიანი“ უწოდა.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

"თუ შარშან დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ, დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 მლრდ. 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, არის 165 მილიონი ლარით მეტი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ამ განცხადების მიუხედავად, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში კრიზისული ვითარებაა. ამ ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განაცხადა, რომ ლარის დევალვაციის შედეგები და მის ნიადაგზე გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ყველა ოჯახს შეეხო:

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ორპროცენტიანი ზრდა, პირველ რიგში, ჩვენი განვითარებისთვის არის კრიზისი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კრიზისი შეეხო ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც, ვთქვათ, წვრილი მეწარმე იქნება, მანქანების გამყოდველი, საპარიკმახერო აქვს თუ ნებისმიერი რამ. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ უმუშევრები არიან. მაგალითად პენსიონრები რომ ავიღოთ, პენსია 150 ლარი დღევანდელი კურსით არის უფრო ნაკლები, ვიდრე 125 ლარი იმდროინდელი კურსის მიხედვით. შესაბამისად იკლებს თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ამაშია საქმე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებისგან განსხვავდება ეკონომისტთა ნაწილის მოსაზრებები, რომლებიც 2-პროცენტიან ზრდას კრიზისს არ უწოდებენ. მათ შორის არის ექსპერტი დემურ გიორხელიძე:

„რაც შეეხება მიმდინარე შემოსავლებს, რა თქმა უნდა, არ არის ეს ისეთი, როგორიც სასურველია, მაგრამ ვარდნა არ არის. 2 პროცენტი ზრდა ეს არ არის კრიზისი, ეს არის ძალიან ცუდი ზრდა, მაგრამ კრიზისი ცოტა სხვა რამეს ჰქვია. შედეგებს თუ დავაკვირდებით, ზრდა გვაქვს, მაგრამ თუ ინფლაციას შევადარებთ, ცხადია, სიტუაცია არ არის კარგი... დიახ, არის ეს მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემებით ვერ გავფრინდებით“.

ეს ნამდვილად სასწაულია, იმიტომ რომ თებერვალი არის პატარა თვე. მეორე ის, რომ რთული თვეა ბიზნესისთვის - ზამთარია, არდადეგებია, მოხმარება არ შედის იმ ფაზაში, რომ ეკონომიკა აქტიური იყოს...
ემზარ ჯგერენაია

დემურ გიორხელიძის აზრით, საჭიროა მთავრობამ ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ეკონომიკა სასურველი ტემპით განვითარდეს.

სწორედ ამ განვითარების პერსპექტივას ხედავს თებერვლის თვის მონაცემებში ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია:

„ეს ნამდვილად სასწაულია, იმიტომ რომ თებერვალი არის პატარა თვე. მეორე ის, რომ რთული თვეა ბიზნესისთვის - ზამთარია, არდადეგებია, მოხმარება არ შედის იმ ფაზაში, რომ ეკონომიკა აქტიური იყოს. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია დაახლოებით 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა თებერვლის თვეში“.

ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, მიუხედავად ამ ზრდისა, ლარის კურსის დაცემა სავალუტო ნაკადების შემცირებამ განაპირობა. აქ კი ერთ-ერთი გადამწყვეტია ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება. ასევე თებერვლის თვეში, დაახლოებით, 2 პროცენტით შემცირდა ტურისტების ნაკადი, რაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

XS
SM
MD
LG