Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდარ ვუჩიჩის ორი პოლუსი


ალექსანდარ ვუჩიჩი
ალექსანდარ ვუჩიჩი

2 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი დარწმუნებით აცხადებდა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თანამდებობიდან გადადგებოდა, ხოლო მომავალი მთავრობის ფორმირებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში მისი ლიდერობით მოქმედი მმართველი „პროგრესის პარტია“ მოახდენდა.

ალექსანდარ ვუჩიჩის ორი პოლუსი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00
გადმოწერა

თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, სერბიაში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, უკვე პრეზიდენტის რანგში, თავად დანიშნავს თავის მემკვიდრეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე და შეეცდება კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს პრეზიდენტის უფლებამოსილება. ამ გამოწვევაზე თავის კომენტარში მიანიშნა ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, რომელმაც „დამაჯერებელი“ უწოდა ალექსანდარ ვუჩიჩის გამარჯვებას პრეზიდენტის არჩევნებში.

იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

„მისი მთავარი საზრუნავი ახლა სწორედ ეს იქნება. თავის პირველ განცხადებაში მან მკაფიოდ თქვა, რომ სრულად დაიცავს კონსტიტუციის ჩარჩოებს და მე მას დავუჯერე“, განაცხადა 3 აპრილს იოჰანეს ჰანმა და დასძინა, რომ იგი „მოუთმენლად ელის“ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთობლივი მუშაობის დაწყებას სერბიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რასაც თავის ერთ-ერთ უახლოეს მიზნად მიიჩნევს სერბიის მომავალი პრეზიდენტი.

ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისი მიზანია სერბია ევროკავშირში გაწევრიანდეს 2019 წლამდე. ამავე დროს, ვუჩიჩმა, რომელიც ინფორმაციის მინისტრი იყო იუგოსლავიის ყოფილი ავტორიტარი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის, მმართველობის დროს, სერბია რუსეთთანაც დააახლოვა კრემლთან სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებზე ხშირი მოლაპარაკებების წყალობით.

ალექსანდარ ვუჩიჩის ამ ორპოლუსიან პოლიტიკას საეჭვოდ მიიჩნევს ერიკ გორდი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის მკვლევარი, რომელიც მიიჩნევს, რომ სერბიის ლიდერს ქვეყნის გარეთ პროევროპული ლიდერის იმიჯი აქვს, ხოლო ქვეყნის შიგნით - დიქტატორი მმართველისა.

„როგორ შეიძლება, სლობოდან მილოშევიჩის ყოფილი ინფორმაციის მინისტრი ევროპელად გადაიქცეს? როგორ შეიძლება ევროპელად იწოდებოდეს კაცი, რომელიც დგას იმ ბულვარული პრესის უკან, სკანდალურ ამბებს რომ აქვეყნებს არა მარტო მის მეტოქეებზე, არამედ სხვადასხვა ანალიტიკოსზე, მკვლევარსა თუ ჟურნალისტზე და ბევრ მათგანს ჯაშუშებად თუ მაზოხისტებად ნათლავს. ის არასოდეს ყოფილა ევროპელი და ვერც ვერასოდეს გახდება“,- განაცხადა ერიკ გორდმა.

როგორ შეიძლება, სლობოდან მილოშევიჩის ყოფილი ინფორმაციის მინისტრი ევროპელად გადაიქცეს? როგორ შეიძლება ევროპელად იწოდებოდეს კაცი, რომელიც დგას იმ ბულვარული პრესის უკან, სკანდალურ ამბებს რომ აქვეყნებს არა მარტო მის მეტოქეებზე, არამედ სხვადასხვა ანალიტიკოსზე, მკვლევარსა თუ ჟურნალისტზე...
ერიკ გორდი

ასეა თუ ისე, სერბიას მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება ალექსანდარ ვუჩიჩის სახით, რომელიც ამ პოსტზე ტომისლავ ნიკოლიჩს შეცვლის.

ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის არჩევნების პირველსავე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა და დიდი უპირატესობით აჯობა თავის მთავარ კონკურენტს, ქვეყნის ყოფილ ომბუდსმენს, საშა იანკოვიჩს, რომელსაც ამომრჩევლის 16,3%-მა დაუჭირა მხარი. სერბიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ალექსანდარ ვუჩიჩმა ამომრჩეველთა ხმების 55,1% დააგროვა, რაც სავსებით საკმარისია კანდიდატის პირველსავე ტურში გასამარჯვებლად.

ალექსანდარ ვუჩიჩს სერბიის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ფედრიკა მოგერინიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპა თვალს მიადევნებს ვუჩიჩის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე. 3 აპრილს კრემლმაც გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის მისალოცი. რუსეთის ლიდერმა პრეზიდენტის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა ალექსანადრ ვუჩიჩს, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა „რუსეთსა და სერბიას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების პრინციპული მხარდამჭერი“ უწოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG