Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაპარტიული ნიშნით შერჩეული ახალი გუბერნატორები


საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ახალი გუბერნატორები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ახალი გუბერნატორები
არასაპარლამენტო ოპოზიცია რეგიონებში ახალი გუბერნატორების დანიშვნას ეხმაურება. პოლიტიკოსთა განცხადებით, გუბერნატორთა ნაწილი ყოფილი პოლიციელია და ხელისუფლება მათ, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს. საინტერესოა ახალი გუბერნატორების ვინაობა, მათი ფუნქციები და ის, თუ როგორ აფასებენ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებისთვის ამ ნაკლებად ცნობილ, არაპარტიული ნიშნით დანიშნულ თანამდებობის პირებს.

მიხეილ საააკშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ 9 გუბერნატორის პოსტი ვაკანტური აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მიერ დასახელებულ გუბერნატორებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისკენ მოუწოდა:

„თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში დაწყებული ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა განხორციელდეს წარმატებით და ეფექტურად. ჩემი მოწოდება არის, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“.

ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა პრემიერმა დაავალა კახეთის გუბერნატორად დანიშნულ ირაკლი შიოლაშვილს, იმერეთის გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს, შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს, ქვემო ქართლის გუბერნატორს გიორგი მღებრიშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს, გურიის გუბერნატორს გიორგი ჩხაიძესა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს პარმენ მარგველიძეს.
ის ტრადიცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაამკვიდრა, ისევ გრძელდება, ანუ თანამდებობაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი, ეს გახლავთ, რომ იყო ვინმეს ოჯახის ახლობელი, ნათესავი, გამოირჩეოდე პირადი ერთგულების ნიშნით და ეს ტრადიცია გრძელდება და ეს ტრადიცია ქვეყანას არ მიიყვანს კარგ შედეგამდე...
ირმა ნადირაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ გუბერნატორთაგან ერთი ლევან შონიაა სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ გუბერნატორები საპოლიციო სისტემის წარმომადგენლები არიან და მათ ხელისუფლება საჭიროებისამებრ გამოიყენებს. ასეთი განცხადება გააკეთა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პრესკონფერენციაზე:

„სახელი მაინც გადაარქვან ამ გუბერნატორებს და დაარქვან პოლიცმაისტერები, იმიტომ რომ ყველა გუბერნატორი არის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი. თქვენ იცით, რომ მე-19 საუკუნეში ადმინისტრაციული და პოლიციური თანამდებობები იყო შერწყმული და მაზრას ჰყავდა პოლიცმაისტერი“.

გუბერნატორთა პირადი ნაცნობობით შერჩევა უსაყვედურა პრემიერ-მინისტრს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ნეპოტიზმში დაადანაშაულა ირაკლი ღარიბაშვილი:

„ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ამ ადამიანების შერჩევა მოხდა ან კლანური ნიშნით, - ვინ ვისი მეგობარია, ნათესავია, ახლობელია, - ან პირადი ერთგულების ნიშნით, ანუ მოხდა უშიშროებიდან კადრების წამოყვანა. ის ტრადიცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაამკვიდრა, ისევ გრძელდება, ანუ თანამდებობაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი, ეს გახლავთ, რომ იყო ვინმეს ოჯახის ახლობელი, ნათესავი, გამოირჩეოდე პირადი ერთგულების ნიშნით და ეს ტრადიცია გრძელდება და ეს ტრადიცია ქვეყანას არ მიიყვანს კარგ შედეგამდე“.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი დეპუტატების განცხადებით, პირადი ნაცნობობის მიხედვით კი არა, პრემიერმა გადაწყვეტილება გუბერნატორთა პოსტზე დასანიშნი ხალხის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით მიიღო. ამასთან, კოალიციაში მიიჩნევენ, რომ რეგიონებთან მუშაობა გაადვილდება ახალი გუბერნატორების დანიშვნით, ვინაიდან ადრე პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორები კოჰაბიტაციის პერიოდში დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენდნენ.

იმის შესახებ, თუ რა ფუნქციები აქვთ გუბერნატორებს რეგიონებში და რამდენად კარგად ართმევდნენ ისინი თავს ამ მოვალეობას, კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი, ამბობს, რომ მათი ფუნქციაა სამთავრობო უწყებების კოორდინაცია მათ სამოქმედო ტერიტორიაზე და ასევე ბიუჯეტის შემუშავების პროცესში კონსულტაციების გაწევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის. კონსტანტინე კანდელაკის სიტყვებით, ეს ყოველთვის პოლიტიკური თანამდებობა იყო ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის ხელში რეგიონების სამართავად, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გუბერნატორები არანაირ ფუნქციას აღარ ასრულებდნენ.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გუბერნატორების დანიშვნისას პრემიერ-მინისტრის განსხვავებულ ხედვასა და მიდგომაზე საუბრობს, ვინაიდან, მისი თქმით, აქამდე მხოლოდ პარტიული ნიშნით ინიშნებოდნენ ხოლმე გუბერნატორები, ახლა კი ისინი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან:

ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე
„აქედან გამომდინარე, არც ერთი პოლიტიკური პარტია, კოალიციაში შემავალი, ამ დანიშვნებით არ გაძლიერებულა და, პირიქით, შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ უფრო დასუსტდა მათი პოლიტიკური წონა, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან მთავრობის კაბინეტს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყო შესული, ანუ შეეცადნენ, რომ ეს ბალანსი დაცული ყოფილიყო. დღეს ეს თემა დაიხურა, როგორც ჩანს, და პოლიტიკური ძალების გადანაწილების ნიშად არ იქცა ეს გუბერნატორების პოსტები“.

თუ არა პარტიული ინტერესი, მაშინ რა იყო გუბერნატორთა შერჩევის კრიტერიუმი? ამ კითხვაზე ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს, რომ, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს პირადი გავლენის გაძლიერება სურს რეგიონებზე, ვინაიდან აქამდე ეს გუბერნატორების პოსტები მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყო მოქცეული. ცოტა ხანში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა გამგებლების თანამდებობაც არჩევითი გახდება, გუბერნატორთა მნიშვნელობა ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც რეგიონებში მთავარი დასაყრდენისა. შესაბამისად, ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მოტივაციაც ისაა, რომ რეგიონებში პოზიციები გაიმყაროს საკუთარი გუბერნატორების მეშვეობით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG