Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში განაგრძობენ ტერაქტების გამოძიებას


სპეცსამსახურების წარმომადგენლები „ბატაკლანთან“, 14 ნოემბერი
სპეცსამსახურების წარმომადგენლები „ბატაკლანთან“, 14 ნოემბერი

საფრანგეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, 13 ნოემბერს პარიზში მოწყობილი ტერაქტების ორგანიზატორი იმავე დღეს დაბრუნდა თავდასხმის ერთ-ერთ ადგილზე.

კერძოდ, პარიზში გამომძიებლებმა სატელეფონო კომუნიკაციის შემოწმების მეშვეობით დაადგინეს, რომ 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორად მიჩნეული პირი, აბდელჰამიდ აბაუდი, „ბატაკლანთან“ დაბრუნდა, როცა ჯერ კიდევ პოლიციელების ალყა ერტყა ამ საკონცერტო დარბაზს, მასში მყოფი მძევლების გამოსახსნელად. მოგვიანებით გაირკვა, რომ სამმა თავდამსხმელმა „ბატაკლანში“ 90 ადამიანი მოკლა.

პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა 24 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია და იქვე განაცხადა, რომ აბაუდი თანამზრახველთან ერთად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აპირებდა მორიგი ტერაქტის მოწყობას - თავდასხმას პარიზის საქმიან უბანში, კერძოდ, თავის აფეთქებას.

დღეს აქ ვიმყოფებით იმის სათქმელად, რომ შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს გვაერთიანებს სრული სოლიდარობა, პასუხი ვაგებინოთ ამ ტერორისტებს და იმათ, ვინც ისინი გამოგზავნა, და დავიცვათ ჩვენი ქვეყნები. დღეს ამ სულისკვეთებით, დამძიმებული გულით, მაგრამ მტკიცე შემართებით მოგესალმებით...
ბარაკ ობამა

ბელგიის მოქალაქე, 28 წლის აბდელჰამიდ აბაუდი, მისი ნათესავი ქალი და კიდევ ერთი პირი 18 ნოემბერს დაიღუპნენ ჩრდილოეთ პარიზში, პოლიციის რეიდის დროს - ხუთ დღეში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტებს შეეწირა 130 ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

პარიზის პროკურორის განცხადებით, ის საჯაროდ ვერ გაამხელს აბაუდის მიერ სავარაუდოდ პარიზის საქმიან უბანში აფეთქების მოწყობის გეგმის დეტალებს. ამასთან, დაწყებულია გამოძიება საფრანგეთის მოქალაქე ჯავად ბენდაუდის მიმართ, რომლის ბინასაც სენ-დენის რაიონში თავს აფარებდა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი თანამზრახველებთან ერთად. პარიზის პროკურორმა ისიც აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია, ჯავად ბენდაუდს, რომელმაც 17 ნოემბერს, ანუ ტერაქტებიდან ოთხ დღეში, შეიკედლა ტერორისტები, არ სცოდნოდა, რომ ტერორისტებს ეხმარებოდა.

ასევე 24 ნოემბერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა უთხრა პარლამენტარებს, რომ მას შემდეგ, რაც ტერაქტებიდან რამდენიმე საათში საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ბრალდებები წაუყენეს 124 ადამიანს. მას არ დაუკონკრეტებია ბრალდებები და არ უთქვამს არც ის, უკავშირდება თუ არა ისინი პარიზის ტერაქტებს. კაზნევის მონაცემებით, ტერაქტების შემდეგ სამართალდამცველებმა განახორციელეს ჩხრეკა 1230 შემთხვევაში და ამოიღეს 200-ზე მეტი ერთეული იარაღი.

პარიზის პროკურორმა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს განცხადებები გააკეთეს იმავე დღეს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ვაშინგტონში შეხვდა ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას.

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

დღეს აქ ვიმყოფებით იმის სათქმელად, რომ შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს გვაერთიანებს სრული სოლიდარობა, პასუხი ვაგებინოთ ამ ტერორისტებს და იმათ, ვინც ისინი გამოგზავნა, და დავიცვათ ჩვენი ქვეყნები. დღეს ამ სულისკვეთებით, დამძიმებული გულით, მაგრამ მტკიცე შემართებით მოგესალმებით, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

24 ნოემბერს, მათი შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიდერი შეთანხმდა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ ოპერაციების გააქტიურებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG