Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან საქართველოში პატიმართა ექსტრადიციის მიზნით ზუგდიდში ორგანიზაცია დაფუძნდა


„პატიმართა დედების და მეუღლეთა კავშირის“ დაფუძნება
„პატიმართა დედების და მეუღლეთა კავშირის“ დაფუძნება

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირი“ დაფუძნდა. მისი მიზანია რუსეთის ფედერაციის ციხეებში მყოფი ეთნიკურად ქართველი პატიმრების საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე მუშაობა. საქმე ეხება ნაკლებად მძიმე ბრალდებით დაკავებულ პირებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკაცრი კლიმატისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასახარბიელოა.

„არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა. ფაქტობრივად, ოც წელზე მეტია ექსტრადიცია არ მომხდარა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად მოხდა ერთი რამ: შუამავლის როლი შეასრულეს და საქართველოს მოქალაქე მანუჩარ კვარაცხელია იქნება ექსტრადირებული. სასჯელის დანარჩენ ვადას მოიხდის სამშობლოში“, - განაცხადა „პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირის“ ადვოკატმა რაულ თოდუამ.

ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, კობა ქარჩავას განმარტებით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე კარგია, რომ გამოჩნდნენ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში მათთან ერთად შუამავლის ფუნქციას შეითავსებენ:

„აქ არის სლავიანური კონგრესის პრეზიდენტია ლიკა ზახაროვა. არიან უკრაინელები, იუგოსლავიელები, რუსები, ბელორუსები, მოლდაველები... ჩვენ ვხედავთ, რუსეთს და უკრაინას შორის რა მძიმე მდგომარებაა. როცა ქალბატონი ამ ურთიერთობების საქართველოში დალაგებას იწყებს, ეს სასიამოვნოა ჩვენთვის. ქალბატონი ლიკა მიბრძანდება მოსკოვში. იქ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას ხვდება და დაარწმუნებს მათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ექსტრადიცია“.

თავის მხრივ, „საქართველოს სლავიანური ხალხის კავშირის“ პრეზიდენტმა ანჟელიკა ვალენტინა ხაზაროვამ აღნიშნა, რომ მათი მიზანი რუსეთის ციხეებში მყოფი 28 ათასი ქართველი პატიმრის ოჯახის წევრების ტკივილისა და პრობლემების ყველა კომპეტენტურ ორგანომდე მიტანაა:

„პოლიტიკა საშინელი რამეა, ის ძალიან დიდ როლს თამაშობს რუსეთში მყოფი ქართველი მსჯავრდებულების მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენ ვცდილობთ... უკვე არის იმედის სხივი. არის მოლაპარაკებები რუსეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებთან. მე ვფიქრობ, ეს პროგრამა იქნება რეალური“.

„პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია არ არის კომერციული და ის შემოწირულებითა და საწევროებით შეინახავს თავს.

XS
SM
MD
LG