Accessibility links

logo-print

29 თებერვალს ჟურნალისტებმა და მედიაექსპერტებმა სემინარზე ახალი მედიის თვითრეგულირების სტანდარტების თემა განიხილეს, იმსჯელეს ასევე ქართული სოციალური მედიის გამოწვევებზე, ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხებზე ონლაინმედიაში და სხვა.

თაზო კუპრეიშვილი ექვსი წელია რეპორტიორად მუშაობს. მისი ძირითადი საქმიანობა წლების მანძილზე ონლაიანმედიას უკავშირდება. ამბობს, რომ ონლაინმედიასთან თანამშრომლობა მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს, რადგან ეს არის მედიასაშუალება, სადაც მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას თუ სხვა ჟურნალისტურ პროდუქტს ყოველ წუთს შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის რეაქცია და გამოხმაურება კომენტარის სახით და არავინ იცის, როგორი იქნება ეს რეაქცია. სწორედ ამიტომ, თაზოს მიაჩნია, რომ მსჯელობა იმ საკითხზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ონლაინმედიაში გამოქვეყნებულ კომენტარზე, თავად კომენტარის ავტორს თუ კონკრეტულ მედიას, ძალიან მნიშვნელოვანია:

„იმიტომ, რომ ჩვენ ამასთან ყოველდღიურად გვიწევს შეხება და, ერთი მხრივ, ეთიკური დილემების წინაშე ვართ და, მეორე მხრივ, სამართლებრივი დილემის წინაშეც, რადგან თუ შევზღუდეთ კომენტარები, მაშინ მომხმარებლების გამოხატვის თავისუფლებას შევზღუდავთ და ძალიან ცუდად აისახება მედიასაშუალებაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, რთულია, რომ ადამიანების ნაწილმა შენი მედიასაშუალება არ გამოიყენონ პერსონებზე თავდასხმებისთვის, ამიტომ ძალიან რთულია ამ ბალანსის პოვნა“.

არის რამდენიმე მედიასაშუალება, რომელიც პოსტმოდერაციას ეწევა, ანუ მას შემდეგ, რაც, მაგალითად, დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოქვეყნდება, შემდეგ იშლება ეს კომენტარი...

29 თებერვალს ჟურნალისტებმა და მედიაექსპერტებმა განიხილეს სემინარზე ახალი მედიის თვითრეგულირების სტანდარტები. მათ, ამასთანავე, იმსჯელეს ქართული სოციალური მედიის გამოწვევებზე, ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხებზე ონლაინმედიაში, ქართული სოციალური მედიის მიერ ეთიკური სტანდარტების დარღვევასა და ა. შ. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება. ეს კანონი, ამასთანავე, ავალდებულებს მაუწყებლებს, შეიქმნას თვითრეგულირების ინსტიტუციონალური მექანიზმები. გარდა ამისა, 2009 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი დაამტკიცა, რომელიც ჟურნალისტთა პროფესიული ქცევის სტანდარტებს განსაზღვრავს. ამ სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ უფლება, ცალკეული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართონ. ამავე წლის მიწურულს შეიქმნა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც დღეისათვის რამდენიმე ასეულ ჟურნალისტს აერთიანებს და რომლის 9-წევრიანი საბჭო მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტებისა და ქარტიით დეკლარირებული ნორმების დარღვევის შემთხვევებს მათთან შესული საჩივრების საფუძველზე განიხილავს. დავით კლდიაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, რადიო თავისუფლებასთან ქარტიაში შესული საჩივრების მზარდ სტატისტიკაზე ლაპარაკობს. თუკი 2010 წელს ქარტიის საბჭომ სულ ხუთი საქმე განიხილა, 2015 წელს განხილულ საქმეთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია. მისი თქმით, სულ უფრო ხშირდება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მედია თვითრეგულირების გზით, რათა ნაკლები ადგილი დარჩეს რეგულირებისთვის. დავით კლდიაშვილი ქარტიის საბჭოს ექვსწლიანი მუშაობის მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ დღეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს საბჭოს მიმართ ნდობა აქვთ:

დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი

„თვითრეგულირებას, რომელსაც, მაგალითად, ას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ჩვენთან სულ ექვს წელს ითვლის. თვითონ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს შორის აიწია ნდობამ და ცნობადობამ ქარტიის საბჭოში. ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ წავედით სასამართლოში ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ გენდობით თქვენ და მოგმართავთ თქვენ“.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სემინარზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალში მოექცა, ესაა ონლაინმედიაში ეთიკური სტანდარტების დარღვევა და სოციალური მედიის გამოწვევები. ამის შესახებ სპეციალური მოხსენება მოამზადა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა მაია მეცხვარიშვილმა. მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც ონლაინმედიას უნდა ჰქონდეს თავისი სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის რეგულირება. მაია მეცხვარიშვილის თქმით, იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ონლაინმედიაში, მათ შორის ერთ-ერთია მომხმარებლის მიერ ამა თუ იმ მედიასაშუალების ვებგვერდზე განთავსებული მასალების ქვეშ დატოვებული კომენტარები - ის, თუ ვინ არის მათზე პასუხისმგებელი და რა ტიპის თვითრეგულირების მექანიზმები უნდა ვრცელდებოდეს. მაია მეცხვარიშვილის თქმით, ამ მხრივ, განსაკუთრებით აძნელებს საქმეს ის, რომ ხშირ შემთხვევაში მედიასაშუალებებს არ გააჩნიათ ადამიანური თუ ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ განახორციელონ კომენტარების პრემოდერირება:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ კითხულობდეს, მედიასაშუალების თანამშრომელი, კომენტარებს და შემდეგ ქვეყნდებოდეს. როგორც წესი, არც ერთი მედიასაშუალება, გარდა რადიო თავისუფლებისა, ამას არ აკეთებს და, შესაბამისად, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. არის რამდენიმე მედიასაშუალება, რომელიც პოსტმოდერაციას ეწევა, ანუ მას შემდეგ, რაც, მაგალითად, დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოქვეყნდება, შემდეგ იშლება ეს კომენტარი“.

მე, როგორც კერძო, ერთ პირს, მაქვს ჩემი შეხედულება, რომ ეს წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რადგან ხვალ და ზეგ მე უნდა წავიკითხო ამ ჟურნალისტის ინტერვიუ იმ ადამიანზე, რომელზეც მას უკვე გამოთქმული აქვს საკუთარი აზრი და, რბილად რომ ვთქვათ, მე ეჭვი შემეპარება ამ ჟურნალისტის მიუკერძოებლობაში...

გარდა ამისა, მაია მეცხვარიშვილის თქმით, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს სოციალური მედიის გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს, არის ჟურნალისტების თვითგამოხატვა სოციალურ ქსელებში. როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით არც ამ მიმართულებით შემუშავებულა ქცევის წესები: უნდა გამოხატავდეს თუ არა ჟურნალისტი თავის მოსაზრებას ღიად - მაგალითად, სოციალურ ქსელში - და ეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა ეთიკური თვალსაზრისით. მაია მეცხვარიშვილის თქმით, ამ საკითხის გარშემო არც დასავლეთის ქვეყნებშია მკაცრად ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია:

„ეს რომ ძალიან დიდი პრობლემაა, თვალის ერთი გადახედვითაც ჩანს. ფეისბუკში რომ შეიხედო და თვალი გადაავლო ჟურნალისტების პოსტებს, ძალიან ხშირია საკუთარი ხედვებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება, მათ შორის, იმ საკითხებისა, რასაც ისინი აშუქებენ. მე, როგორც კერძო, ერთ პირს, მაქვს ჩემი შეხედულება, რომ ეს წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რადგან ხვალ და ზეგ მე უნდა წავიკითხო ამ ჟურნალისტის ინტერვიუ იმ ადამიანზე, რომელზეც მას უკვე გამოთქმული აქვს საკუთარი აზრი და, რბილად რომ ვთქვათ, მე ეჭვი შემეპარება ამ ჟურნალისტის მიუკერძოებლობაში“.

ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია რამდენიმე ხნის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში შესული განცხადება ერთ-ერთი ჟურნალისტის ფეისბუკსტატუსის გამო. ქარტიის საბჭო ამ დრომდე მსჯელობს, მიიჩნიონ თუ არა ეს კონკრეტული სტატუსი ჟურნალისტურ პროდუქტად. თუმცა, მაია მეცხვარიშვილის თქმით, ეს არის დილემა, რომლის წინაშეც დღეს მედია დგას. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ჟურნალისტურ ქარტიას, რომელიც ამჟამად 11 პუნქტისგან შედგება, დაემატოს ონლაინმედიისთვის განკუთვნილი პრინციპები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG