Accessibility links

logo-print

ინსტრუქციები ახალი გამგებლებისა და მერებისათვის


 სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა

სანამ ახლად არჩეული მერები და გამგებლები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან, მათთან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრის მიზანი იყო თვითმმართველობის ორგანოების ახალი ხელმძღვანელებისთვის თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების განმარტება, ერთ-ერთი მთავარი თემა კი თვითმმართველობის თანამშრომელთა ატესტაციისა და კონკურსის გზით ახალი თანამშრომლების შერჩევის საკითხიც იყო.

მაქვს საკმაო გამოცდილება. სანამ მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, მანამდე ვმუშაობდი შუახევის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. აქ არის საკმაოდ კარგი, კვალიფიციური კადრები...

ახალი გამგებლები და მერები უფლებამოსილების განხოციელებას ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან მე-11 დღეს შეუდგებიან, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური 21 თვითმმართველ ერთეულშია გასამართი. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აუცილებლად მიიჩნია შეხვედროდა არჩეულ მერებსა და გამგებლებს, რათა მათთვის თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები განემარტა. ამასთან, საუბარი იმასაც შეეხო, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მუნიციპალიტეტების 15 ათასი თანამშრომლის ატესტაცია. როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, განმარტა, ატესტაცია შეეხება ყველას. ტესტირება მთავრობის მიერ განსაზღვრულ დაწესებულებებში ჩატარდება და, სავარაუდოდ, პროცესში ჩართული იქნება ოთხი ორგანიზაცია: ეროვნული გამოცდების ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტრო და შსს-ს სასწავლო აკადემია. თუმცა ამ ეტაპზე, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

„ეგ სხვა თემაა. ეგ კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი და სხდომა როცა გაიმართება, თუ პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს, მაშინ ამ ცვლილებების მიხედვით იმოქმედებენ“.

პარლამენტი, სავარაუდოდ, არდადეგების დასრულების შემდგ დაჩქარებული წესით იმსჯელებს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა ერთი წლის განმავლობაში – 2015 წლის 1-ელ ივლისამდე - ატესტაცია უნდა გაიარონ. ატესტაციისა და მასთან ერთად კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი ტესტირება იქნება.

ამავე დროს, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" გათვალისწინებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტში საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არანაკლებ 30 ერთეულით განისაზღვრა, რასაც 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეული დაემატება.

შოთა მურღულია

შოთა მურღულია

როგორც ქუთაისის არჩეული მერი შოთა მურღულია ამბობს, არ არსებობს ქვეყანა, სადაც საჯარო მოხელეებს პერიოდულად ატესტაცია არ უტარდებოდეთ. შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგში საქართველოშიც დადგა, თუმცა მოტივაცია, შოთა მურღულიას განმარტებით, მუნიციპალიტეტების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაა:

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეცვლაზეა საუბარი. ეს ნიშნავს მაღალი დონის პროფესიონალების დასაქმებას თვითმმართველობებში და ასევე თვიმმართველობის ეფექტიანობის გაზრდას. მხოლოდ ამაზეა საუბარი ამ შემთხვევაში“.

მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლის გაშვებასა და ახალი კადრებით მათ შეცვლას არა, მაგრამ კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომლების მიღებას აპირებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე:

„მე მაქვს საკმაო გამოცდილება. სანამ მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, მანამდე ვმუშაობდი შუახევის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. აქ არის საკმაოდ კარგი, კვალიფიციური კადრები. მე ვცდილობ, რომ გარკვეული გადახალისება მოხდეს და სამუშაო გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით მოხდება მათი შერჩევა. ამასთან, აუცილებლად იქნება ახალი კადრებიც, რომლებსაც ჩვენ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მივიღებთ კონკურსის წესით“.

მე პირადად დაგეგმილი მაქვს ცვლილებები, ოღონდ ეს შეეხება მოადგილეებს და სამსახურის ხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, 120 დღის შემდეგ, როდესცა ჩატარდება საჯარო მოხელეთა ატესტაცია, ამის შემდეგ მოხდება მათი შერჩევა...

საკადრო ცვლილებებს გეგმავს მუშაობის პროცესში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი კარლო ჯამბურია:

„მე პირადად დაგეგმილი მაქვს ცვლილებები, ოღონდ ეს შეეხება მოადგილეებს და სამსახურის ხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, 120 დღის შემდეგ, როდესცა ჩატარდება საჯარო მოხელეთა ატესტაცია, ამის შემდეგ მოხდება მათი შერჩევა. შევხედავთ, ატესტაციას ვინ როგორი ხარისხით გაივლის, როგორი უნარ-ჩვევები ექნებათ და ამის მიხედვით მოხდება მათ გადარჩევა“.

„’სამართლიანი არჩევნების’ იურისტის, ნინო ჯანაშიას თქმით, ორგანიზაცია დააკვირდება პროცესს და გასცემს რეკომენდაციებსაც, თუ რის საფუძველზე შეიძლება ამ ადამიანების გათავისუფლება და რა კრიტერიუმებით უნდა ჩატარდეს სერტიფიცირება. ნინო ჯანაშიას თქმით, ამ პროცესის თაობაზე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავების დროსაც არსებობდა შენიშვნები:

„ჩვენი აზრით, ამ საკითხზე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავების დროსაც კი არ არის ძალიან ბევრი ნაფიქრი და კიდევ უფრო მეტი სიზუსტე იქნება საჭირო, როდესაც ამდენი ათასი ადამიანის გათავისუფლებას ეხება საქმე. თუმცა რაღაც კუთხით სერტიფიცირება, ალბათ, აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სერტიფიცირება მხოლოდ გათავისუფლების მიზნით, ანუ ამას რაღაც გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება უნდა უძღოდეს წინ, ალბათ, შესაძლებელია, ტრენინგიც კი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სახელმწიფოს არ უფიქრია წლების მანძილზე“.

რეიგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მერებსა და გამგებლებთან შემდგარი საუბარი შეეხებოდა იმ პროცედურულ საკითხებს, რომლებიც საქმიანობის დღის წესრიგში დადგება. ამის გათვალისწინებით, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა ახალარჩეულ მერებსა და გამგებლებს ის რეკომენდაციებიც მისცა, რაც მათ სამუშაოს პირველ დღესვე დასჭირდებათ. ცენტის დირექტორის, გიორგი ტოკლიკიშვილის თქმით, შემდგომში დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაც.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ასევე 7 თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის გამო შექმნილ ახალ ინფრასტრუქტურულ საკითხებს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ზუგდიდის არჩეულმა მერმა ირაკლი გოგოხიამ, ჯერჯერობით მერიას შენობაც კი არა აქვს. შესაბამისად, გასარკვევია ასევე გამგეობასთან ქონების გამიჯვნის საკითხი.

XS
SM
MD
LG