Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა ახალი მინისტრების კანდიდატურები დაასახელა


პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს საზოგადოებას მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა. შვიდი მინისტრის ვაკანტური პოსტიდან ექვსი ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია. უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში კულტურის სამინისტროს. მთავრობის ახალი წევრების სია საქართველოს პრეზიდენტს 23 ივლისს გაეგზავნება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექვსი სამინისტროს ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობებზე ფართო საზოგადოებისათვის ნაცნობი და უცნობი სახეები 22 ივლისს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარუდგინა საზოგადოებას:

„სოფლის მეურნეობის მინისტრად წარმოგიდგენთ ოთარ დანელიას. ის არის პროფესიით იურისტი, აქვს ამერიკული განათლება, მენეჯერად მუშაობის კარგი გამოცდილება. ამ დრომდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ და მე დარწმუნებული ვარ, ახალი ენერგიით წარუძღვება ამ უწყებას. ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრად ბატონ დავით შავლიაშვილს წარმოგიდგენთ. ამ დრომდე ის მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, წარმატებებს ვუსურვებ მას ახალ პოსტზე“...

რეალისტურია მიდგომა, რომ შეცვალონ ის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან უნდობლობა დაიმსახურა. წელიწად-ნახევარში ამდენი ხმის დაკარგვა ნებისმიერი პარტიისთვის განგაშის ზარის შემოკვრის ტოლფასია...
ხათუნა ლაგაზიძე

პრემიერმა ღარიბაშვილმა თანმიმდევრობით წარადგინა და დაახასიათა დანარჩენი მინისტრებიც: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა პროფესიით ფილოლოგი გელა დუმბაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს. გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელმაც ამ პოსტზე გადაინაცვლა ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან. ლტოლვილთა სამინისტროში გადადის სოზარ სუბარი, რომელმაც, პრემიერის შეფასებით, მთლიანად შეცვალა სასჯელაღსრულების სისტემა, ხოლო სუბარის პოსტს სასჯელაღსრულების სამინისტროში დაიკავებს გიორგი მღებრიშვილი, ქვემო ქართლში პრეზიდენტის უკვე ყოფილი რწმუნებული.

ჯერჯერობით უცნობია კულტურის მინისტრის ვინაობა. პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და უახლოეს მომავალში გავიგებთ, თუ ვინ შეცვლის გურამ ოდიშარიას.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ განახლებას საჭიროებდა მინისტრთა კაბინეტის სულ მცირე ორი მესამედი მაინც და ამაში ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებულმა შედეგებმაც დაარწმუნა. ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება კიდევ არაერთ მინისტრს შეცვლის.

„რეალისტურია მიდგომა, რომ შეცვალონ ის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან უნდობლობა დაიმსახურა. წელიწად-ნახევარში ამდენი ხმის დაკარგვა ნებისმიერი პარტიისთვის განგაშის ზარის შემოკვრის ტოლფასია“.

თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, მთავარი არ არის კონკრეტული პირების შეცვლა. პრობლემაა გადაწყვეტილებების მიღების მოშლილი სისტემა:

თუკი ის ვერ ფლობს პროცესს მთელი თავისი კომპოზიციით, ჩავარდნებით, კრიზისით და მისი გამომწვევი მიზეზების ცოდნით, თუ ამაზე მანამდე არ უფიქრია, და ჩვენ ამის მაგალითები გვქონდა, მაშინ ასეთ კანდიდატს უწევს მინისტრის პოსტიდან გაეცნოს ისეთ ზედაპირულ საკითხებს, როგორიცაა ვინ ვინ არის ამ სფეროში...
სოფიო კილასონია

„როგორი წარმატებული და პროფესიონალი ადამიანიც არ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ მინისტრის პოსტზე, თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, როდესაც მინისტრები, ფაქტობრივად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას თავად აიღონ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ სფეროებში, პერსონების ცვლილება ბევრს არაფერს მოგვცემს. არ გვექნება შედეგი, თუ პრინციპი იქნა ისევ ასეთი: „ერთს რომ გეტყვი, უნდა შეასრულო“.

სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა კულტურის მინისტრის შეცვლის ფაქტს და ამ ადგილზე სავარაუდო კანდიდატების გარშემოც გაიმართა დისკუსია. ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, რომ პირადად მას ხუთი საჯარო წერილისთვის მაინც ექნება ხელი მოწერილი, რომლითაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ხან მინისტრთან შეხვედრას და კულტურის სფეროში არსებული კანონდარღვევებისათვის პასუხს ითხოვდა, ხან კონკრეტულ არასწორ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. არც ერთ წერილსა თუ პეტიციაზე მათ არც დადებითი პასუხი მიუღიათ და არც უარყოფითი. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს არა აქვთ იმედი, რომ ქვეყანას ისეთი კულტურის მინისტრი ეყოლება, რომელიც დანიშვნის შემდეგ არ დაიწყებს სფეროს გაცნობას:

„თუკი ის ვერ ფლობს პროცესს მთელი თავისი კომპოზიციით, ჩავარდნებით, კრიზისით და მისი გამომწვევი მიზეზების ცოდნით, თუ ამაზე მანამდე არ უფიქრია, და ჩვენ ამის მაგალითები გვქონდა, მაშინ ასეთ კანდიდატს უწევს მინისტრის პოსტიდან გაეცნოს ისეთ ზედაპირულ საკითხებს, როგორიცაა ვინ ვინ არის ამ სფეროში, ვინ რატომ აკეთებს ამას და არა სხვა რამეს და ამაში, როგორც წესი, ყოველ ჯერზე მიდის ძალიან დიდი დრო, მაგრამ ამ დროში მაინც უწევთ ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო რადგან მათი ინფორმირებულობა ძალიან სუსტია, ძირითადად ეს გადაწყვეტილებები არის ხოლმე არასასურველი ან ძალიან ხშირად ნეგატიური და კულტურის სფეროსათვის საზიანო“.

ერთ დროს ჩვენ გვქონდა ტურიზმის სამინისტრო, მაგრამ დღეს გვაქვს ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც შედის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში - ამით შავდება რამე? პირიქით, იზოგება ფული, არ არის უამრავი დამატებითი საშტატო ერთეული. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, არ არის საჭირო ამდენი სამინისტრო...
რომან გოცირიძე

სოფიო კილასონია კიდევ ერთ საშიშ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას.მისი თქმით, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს გუნდურობის ცნებამ ძალიან შეიცვალა მნიშვნელობა და მან ვიწრო, პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული წრის შინაარსი შეიძინა. ამ გუნდში კი ჯერჯერობით არ ჩანან იმ გამოცდილებისა და თვისებების მქონე ადამაინები, ვინც კულტურის უწყებას ეფექტურად გაუძღვებოდა და ასე იქნება მანამ, ამბობს სოფიო კილასონია, სანამ ამ წრეს ხელისუფლება არ გააფართოებს.

„პრობლემა სწორედ ესაა, რომ გუნდს იქით ვერც გადაწყვეტილებას იღებს ვერავინ, ვერც კადრებს არჩევენ და, შესაბამისად, ძალიან უჭირთ იპოვონ მინისტრი. ეს მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ, რატომ არის ეს წრე ასე ჩაკეტილი და პრემიერი რატომ ახსენებს ხოლმე ხშირად გუნდს, გუნდის არჩევანს, გუნდის გადაწყვეტილებას, როცა ის მთელი საქართველოს პრემიერია და მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი უნდა იყოს“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას აცხადებს, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ შვიდი სამინისტროდან, რომელთა ხელმძღვანელებიც შეცვალეს, ექვსი საერთოდ აღარ იარსებებდა. გოცირიძე სხვა სამინისტროების დეპარტამენტებად გადაკეთების მომხრეა - ეს, მისი აზრით, სახელმწიფო ბიუროკრატიასაც შეამცირებდა და ბიუჯეტის ხარჯებსაც:

„ერთ დროს ჩვენ გვქონდა ტურიზმის სამინისტრო, მაგრამ დღეს გვაქვს ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც შედის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში - ამით შავდება რამე? პირიქით, იზოგება ფული, არ არის უამრავი დამატებითი საშტატო ერთეული. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, არ არის საჭირო ამდენი სამინისტრო. მე რომ მეკითხებოდეს ვინმე, ცხრა სამინისტროს გავაუქმებდი და მათ ფუნქციებს გადავანაწილებდი სხვადასხვა მიმართულებით“.

როგორ აიხსნება ცვლილება სწორედ ამ შვიდ და არა დანარჩენ სამინისტროებში? - რომან გოცირიძის აზრით, ამის მიზეზი იყო ის, რომ ა) ისინი მუშაობდნენ არაეფექტურად და ბ) ყველა ამ სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნული იყო შემთხვევითი ადამიანი, სოზარ სუბარის გარდა, რომელსაც აქვს პოლიტიკური წარსული. მიდგომა, რომლითაც ეს მინისტრები შეირჩნენ, - რომ მინისტრი უნდა იყოს სპეციალისტი, - რომან გოცირიძის აზრით, არის საბჭოური და არაეფექტური. და ამას აქვს მარტივი მიზეზი:

„ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, არ შეუძლიათ სამთავრობო მენეჯმენტის განხორციელება“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG