Accessibility links

logo-print

6 აგვისტოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პირველი შეხვედრა გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალ მინისტრს ურჩევენ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ლაპარაკია ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის აღდგენასა და პენიტენციურ სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურული შეხედრის შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული ფორმატი შენარჩუნდება და მინისტრი რეგულარულად შეხვდება მესამე სექტორის წარმომადგენლებს. კახა კახიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაყენებული საკითხების უმეტესი ნაწილი - მათ შორის, საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა - გრძელვადიან თანამშრომლობას საჭიროებს, რადგანაც, მინისტრის თქმით, ციხე, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ღია კარის პრინციპით ვერ იმუშავებს:

„თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ხედვა მონიტორინგზე, მაშინ უნდა ვიმუშაოთ კრიტერიუმებზე, რადგანაც ციხეებში არის შესაბამისი სარეჟიმო პირობები და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც შედიხარ ციხეში, თავად უნდა იცოდე სტანდარტები, როგორ იმუშაო იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, თავისუფლების შეზღუდვის სახით. ამ სტანდარტებზე თუ ჩვენ შევთანხმდებით, თუ ჩვენ გვექნება გარანტიები, ისევე როგორც არის დადგენილი, მაგალითად, ევროკავშირში, სადაც ციხეებში შედიან არა იმისათვის, რომ მერე გამოვარდნენ და ტელევიზიებში გამოსაჩენად განცხადებები აკეთონ... თუ ეს მექანიზმი იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ნამდვილად აღმოფხვრაზე და არა, უბრალოდ, განცხადებების კეთებაზე, ამას ჩვენ განვიხილავთ აუცილებლად“.

ბუნებრივია, ინტერესთა კონფლიქტის საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, ადვოკატებს თავისთავად აქვთ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ისინი მუშაობენ კონკრეტულ საქმეებზე და შესაძლებელია მონიტორინგის არეალში მოექცნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები...

მინისტრის პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ, პრინციპული თანხმობის შემთხვევაში, მხარეები იზრუნებენ საზოგადოებრივი მონიტორინგის მანდატის, მეთოდოლოგიისა და ეთიკის სტანდარტების შემუშავებაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსაფიქრებელი იქნება ისეთი რეგულაცია, რომელიც გამორიცხავს მონიტორების ინეტერესთა კონფლიქტს.

„ბუნებრივია, ინტერესთა კონფლიქტის საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, ადვოკატებს თავისთავად აქვთ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ისინი მუშაობენ კონკრეტულ საქმეებზე და შესაძლებელია მონიტორინგის არეალში მოექცნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. ასევე გამოსაყოფია ჟურნალისტების საკითხიც. შესაძლებელია, სხვა პროფესიებსაც შეეზღუდოთ მონიტორინგის ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ორი პროფესია განსაკუთრებით გამოსარჩევი და მეტი რისკის შემცველია. ეს საკითხები (ვინ იქნება ჯგუფის წევრი) უნდა გადაწყდეს დიალოგისა და კონსენსუსის გზით. მთავარია გადაიდგას პრინციპული ნაბიჯი და სახელმწიფომ თქვას, გვინდა თუ არა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი“, უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სახელმწიფო ამბობს, რომ საპყრობილეებში ეფექტიანი მონიტორინგი ხორციელდება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას, თუმცა, როგორც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, საზოგადოებრივი მონიტორინგისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმები ვერაინაირად ვერ გადაფარავდნენ ერთმანეთის საქმიანობას:

დღეს არსებული გამოძიების მექნიზმი, როდესაც პენიტენციური სისტემის თანამშრომლის გადაცდომას ან დანაშაულს იძიებს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, არის არაეფექტიანი და საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი...

„გაეროს კონვენციებშიც წერია, რომ უნდა არსებობდეს მონიტორინგის ასეთი მექანიზმები, რომლებიც შეავსებენ ერთმანეთს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა გვერდით გადადოს და გააუქმოს საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი. სინამდვილეში ეს ორი მექანიზმი გააძლიერებს ერთმანეთს, რაც, საბოლოო ჯამში, პატიმრების მდგმარეობაზე აისახება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ შესაცვლელია პენიტენციურ სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მექანიზმი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის აზრით, თუ არ იქნება სათანადო რეაგირება, ძალადობა ციხეებში კვლავ სისტემურ ხასიათს მიიღებს.

„დღეს არსებული გამოძიების მექნიზმი, როდესაც პენიტენციური სისტემის თანამშრომლის გადაცდომას ან დანაშაულს იძიებს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, არის არაეფექტიანი და საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. რა ერქმევა მას, არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ არ მუშაობს გენერალური ინსპექციების ინსტიტუტი“, უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი საპყრობილეების გადატვირთულობის პრობლემა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მიზეზია პატიმართა უფლებების დარღვევისა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, როგორც მინისტრი კახა კახიშვილი ამბობს, ინფრასტრუქტურული პპრობლემების გადაჭრა მოკლე ვადებში ვერ მოხერხდება:

„ევროსტანდარტებით რომ აშენდეს, თითო, 1000 პატიმარზე გათვლილი, ციხის მშენებლობა ღირს 70 მილიონი ლარი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ერთ წელიწადში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც შეიძლება დღეს, ჯობია პირდაპირ შეხვედრებზე განვიხილოთ, ასევე გავარკვიოთ, რისი გაკეთება შეიძლება რამდენიმე თვეში და რა ავიღოთ პრიორიტეტად მომავალი წლისთვის“.

კახა კახიშვილის თქმით, ამჟამად სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ისეთი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც ეფექტიანად გამიჯნავს ერთმანეთისგან კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებსა და დანარჩენ პატიმრებს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამგვარი მექანიზმის ამოქმედებით მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგება ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG