Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორია


ირაკლი შოთაძე პარლამენტში
ირაკლი შოთაძე პარლამენტში

საქართველოს პარლამენტმა - 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ - საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ახალ მთავარ პროკურორს მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს. განსხვავებულად აფასებენ ირაკლი შოთაძის შანსებს საპარლამენტო უმრავლესობაში და პროკურატურისგან ელიან როგორც სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას, ისე გაჭიანურებული საქმეების დროულ გამოძიებას.

6 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურას, მთავარი პროკურორის რანგში, ირაკლი შოთაძე ჩაუდგება სათავეში. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებულმა დებატებმა ცხარედ, მაგრამ მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. დეპუტატების წინაშე მისი კანდიდატურა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარადგინა. მანვე გასცა პასუხი დამაზუსტებელ კითხვებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს კი განმარტების გაკეთება მოუხდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ წარდგა პლენარულ სხდომაზე თავად ირაკლი შოთაძე:

“სამი წლის განმავლობაში პარლამენტმა არაერთი პირი აირჩია, მათ შორის - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მათ შორის - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მარეგულირებელი კომისიის წევრები, ცესკოს წევრები და ასე შემდეგ. მივდივართ ჩვენ ამ წესით: უშუალოდ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე კითხვებს არ ვუსვამთ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მივდიოდით რეგლამენტის შესაბამისად“.

თქვენ გქონდათ ძალიან ბევრი დრო იმისთვის, რომ ჩვენთვის გეთქვათ, მაგალითად, რატომ სარგებლობდა იზორიას ძმა „ნარუშილოვკებით“, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. ასევე, თქვენ არასდროს არ გამოიძიებთ, როგორ ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა საყდრისი...
ირმა ნადირაშვილი

რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პლენარული სხდომის წინა დღეს, 26 ნოემბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა საპარლამენტო კომიტეტების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენლების შეკითხვებს. თავის განცხადებებში იგი ცდილობდა დაინტერესებული საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ პროკურატურის სისტემა დეპოლიტიზებულია, თავად კი - დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან. თუმცა სწორედ ეს მოცემულობა დააყენეს ეჭვქვეშ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის, კერძოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელთა გამოც, მისი აზრით, ჯდება ირაკლი შოთაძე საპარლამენტო უმრავლესობის გემოვნებაში:

“თქვენი აქ ყოფნა ამ თანამდებობაზე, მაგალითად, ქალბატონი ბესელიასთვის სრული გარანტიაა, რომ არასდროს არ გამოიძიებთ, რუსეთის ჯაშუშები როგორ გადაიქცნენ პოლიტპატიმრებად და რა თანხები აქვს ამაში ქალბატონ ბესელიას აღებული. თქვენ არასდროს არ გამოიძიებთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა თათუხაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი და რა მონაწილეობა და ინტერესი ჰქონდა აქ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ გქონდათ ძალიან ბევრი დრო იმისთვის, რომ ჩვენთვის გეთქვათ, მაგალითად, რატომ სარგებლობდა იზორიას ძმა „ნარუშილოვკებით“, მაგრამ ეს არ გააკეთეთ. ასევე, თქვენ არასდროს არ გამოიძიებთ, როგორ ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა საყდრისი“.

ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, ვაპირებ ჩვენი პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაქსიმალურად მუშაობის გაგრძელებას და გაძლიერებას და, ასევე, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაგრძელებას და დაჩქარებას...
ირაკლი შოთაძე

ირმა ნადირაშვილისა და მისი თანაფრაქციელების მიერ ირაკლი შოთაძის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში შეტანილი ეჭვის პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ის არგუმენტები დაასახელეს, რის გამოც ირაკლი შოთაძე მათ მხარდაჭერას იმსახურებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია პროკურატურის ისეთი სტანდარტის დამკვიდრება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურატურის სტანდარტებისგან:

“ჩვენი გემოვნების სტანდარტი არ არის ადეიშვილი, ზოდელავა ან სხვა რომელიმე მთავარი პროკურორი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. იმ პროკურორებმა შექმნეს სწორედ ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე ძალადობრივი სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა და ადამიანის უფლებებს არაფრად აგდებდა. ირაკლი შოთაძემ, რომელმაც უკვე იცის, რა არ უნდა გააკეთოს, როგორი არ უნდა იყოს პროკურატურა, რომ არ უნდა დააწიოკოს ბიზნესები და არ უნდა მართოს საკუთარი კაბინეტიდან და არ უნდა აბრალებდეს ადამიანებს ჯაშუშობას და სხვა დანაშაულებებს...“

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მედიასთან საუბარში, თავად ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ მზადაა რეფორმებისთვის და სისტემის მეტად გახსნილობისთვის:

“ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, ვაპირებ ჩვენი პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაქსიმალურად მუშაობის გაგრძელებას და გაძლიერებას და, ასევე, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაგრძელებას და დაჩქარებას. მე გაცხადებული მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით და მასალების გასაჯაროებას ასევე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საზოგადოებაში არსებობს საჯარო ინტერესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებთ თითოეული ამ საქმეების მიმდინარეობისა და გამოძიების შედეგების შესახებ“.

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, 32 წლისაა. 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე იგი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იგი საპროკურორო საბჭომ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრით შეარჩია. ფარულ კენჭისყრაში შოთაძემ 14-დან 13 ხმა მიიღო. პროკურატურის სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით, საპროკურორო საბჭომ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტმა ფარული კენჭისყრით პირველად აირჩია მთავარი პროკურორი.

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ირაკლი შოთაძის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე ამის შემდეგ სავალდებულო სახეს იძენს:

“პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის არჩევის მერე სრულიად განსხვავებული ურთიერთობის რეჟიმი ჩნდება პარლამენტსა და პროკურატურას შორის. ამის შემდეგ უკვე მთავარი პროკურორი გახლავთ ის თანამდებობის პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, აქედან გამომდინარე ყველა ვალდებულებებით - მათ შორის, ანგარიშის წარდგენით, კითხვებზე პასუხის გაცემით და ეს ყველაფერი მოწესრიგებული არის კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით. თუმცა დამატებითი დაზუსტება იქნება რაღაცა საკითხებისა, რომელიც ასევე გაკეთდება“.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს ახალი მთავარი პროკურორის არჩევით დაკისრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, პროკურორობის კანდიდატის ნომინირებისა და შერჩევის პროცესს ახლდა ხარვეზები, რის გამოც არაერთმა ჯგუფმა უარი თქვა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე. კოალიცია მოითხოვს პარლამენტმა დაგეგმოს და უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმის გატარება და სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯები გადადგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG