Accessibility links

logo-print
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის უცვლელი შემადგენლობა წარმოადგინა. საქართველოს მთავრობაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ცვლილებაა - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის.
დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა, სადაც სამუშაო დღის წესრიგზე იმსჯელებენ და, სავარაუდოდ, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მთავრობას 20 ნოემბერს დაამტკიცებენ. საპარლამენტო უმცირესობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს წარუდგინა, თავის მხრივ, პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი, თუმცა იმავე შემადგენლობის სამთავრობო კაბინეტი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ გუნდმა ერთი წლის განმავლობაში კარგად გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებას - ეს არის, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, ნამდვილად ევროპული გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს თავად ჰყავს მუშაობაში გამოცდილი:

„უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას. ბატონი ბიძინას მეთაურობით, მთავრობამ წარმატებით იმუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. მე იმედი აქვს, ასეთვე შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას ერთად, ერთ გუნდად, და ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

მე პირადად არაფერს არ ველოდები, არავითარ ცვლილებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შედგენილი გუნდი, რომელიც არის წარმატებული გუნდი, მისი ეკონომიკური ნაწილი განსაკუთრებით, მისი ძალოვანი ნაწილი ასევე სერიოზულად წარმატებულია...
სამთავრობო გუნდში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი დასახელდა - ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელი ალექსანდრე ჭიკაიძე. მთავარი პროკურორის შემცვლელის ვინაობა არ დასახელებულა, არც გაერთიანებული შტაბის - დღეიდან, გენერალური შტაბის - ახალი უფროსისა. თავის მხრივ, მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ირაკლი ღარიბაშვილს ხელახლა გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადეს, რომ სამუშაო პრიორიტეტები უცვლელი რჩება.

ის, რომ მთავრობაში ცვლილებები არ იქნებოდა, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლამდეც ნათელი იყო. როგორც უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული და უშეცდომოდ მომუშავე გუნდის შეცვლა ალოგიკური იქნებოდა:

„მე პირადად არაფერს არ ველოდები, არავითარ ცვლილებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შედგენილი გუნდი, რომელიც არის წარმატებული გუნდი, მისი ეკონომიკური ნაწილი განსაკუთრებით, მისი ძალოვანი ნაწილი ასევე სერიოზულად წარმატებულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ წარუმატებელი რგოლი უნდა არსებობდეს, რომ შეცვალო და მარტივი ლოგიკაა, რომ არავინ არ შეიცვლება“.

ქვეყნის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევის, ეკონომიკის გაუარესების, დასაქმების პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ამ მთავრობამ აჩვენა უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უუნარობა. ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ უხვად გაცემული დაპირებები, რომელიც მათ გასცეს საპარლამენტო არჩევნების წინ...
ის, თუ პროცედურულად როგორ მოხდება ახალი სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოცხადება უკვე პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განმარტა:

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქუთაისში ოთხშაბათს პარლამენტის სასესიო სხდომაზე გვქონდეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და მის სამთავრობო გუნდთან. შესაბამისად, ოთხშაბათს პარლამენტის მიერ დამტკიცებული იქნება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი“.

თუმცა საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული სამთავრობო კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განმარტებით, მთავრობის ამ წევრებს საზოგადოების წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთ. მეტიც, მთავრობას წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კითხვები ძალოვანი და ეკონომიკის სფეროს მინისტრებთან ექნებათ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა:

„ქვეყნის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევის, ეკონომიკის გაუარესების, დასაქმების პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ამ მთავრობამ აჩვენა უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უუნარობა. ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ უხვად გაცემული დაპირებები, რომელიც მათ გასცეს საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენ მივიღეთ ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება. ჩვენ ვთვლით, რომ იგივე მთავრობის შემადგენლობის შემოტანა და დაჩქარებული წესით განხილვა არის, უბრალოდ, აბუჩად აგდება საქართველოს მოსახლეობის და, განსაკუთრებით, მათი ამომრჩევლების, რომელთაც სჯეროდათ „ქართული ოცნების“ დაპირებების“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ესმით, რატომ ჩქარობს უმრავლესობა და, კონსტიტუციით დადგენილი ერთი კვირის ნაცვლად, 2 დღეში რატომ აპირებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, 20 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ძველ, მაგრამ ახლად დასახელებულ შემადგენლობას უყრიან კენჭს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG