Accessibility links

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე საქართველოში - ახალი მთავრობის ახალი დაპირებები


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე, 3 დეკემბერი, თბილისში რამდენიმე ადგილას - მათ შორის, სასტუმრო „რედისონშიც“ - აღინიშნა. ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაახლოებით ერთი სცენარის მიხედვით იმართება: ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ერთმანეთს ხვდებიან. ხელისუფლება სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებადამცველები კი - გადაუჭრელ პრობლემებზე. წელს, ამ დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათი უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობის ახალი შემადგენლობა შეხვდა და უახლოეს მომავალში გაეროს შესაბამისი კონვენციის რატიფიცრებასა და შშმ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებას დაჰპირდა.

ეტლით მოსარგებლე პირები, ასევე სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების დროს დაშავებული ჯარისკაცები „რედისონის“ დიდი დარბაზის კედელთან არიან ჩამწკრივებულნი. 3 დეკემბერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღე, რომლის სიმბოლო უკვე ტრადიციული იისფერი ბაფთაა. შშმ პირებს შორის ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან მაია ლომიძე და ირაკლი სეფერთელაძე. მაია ამბობს, რომ სახლიდან ხშირად გამოსვლას ვერ ახერხებს და, მისი აზრით, მთავარი პრობლემაც ეს არის:

„გარემო უფრო მეტად უნდა იყოს ადაპტირებული - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩები. აი, მე ვერ გამოვდივარ სახლიდან ყოველდღე. მარტო საერთოდ ვერ დავდივარ. მაშინ ტაქსი უნდა დავიქირაო და ეს ძვირი სიამოვნებაა“.

შემოსავლების სამსახურში გასაუბრებაზე მივედი. მკითხეს, ხელფასი რამდენი გინდაო. ჩემი გაანგარიშებით, 300 ლარი ტაქსისთვის მჭირდებოდა, სამსახურში რომ მევლო, და 500 ვუთხარი...
ირაკლი კი შრომის ბაზრის მოწესრიგებაზე ჩივის. ის დარწმუნებულია, რომ თუ ქვეყანა შშმ პირთა რესურსს სწორად გამოიყენებს, აუცილებლად წავა წინ. უნდა ნახოთ, რა ენთუზიაზმით და მონდომებით სწავლობენ, - გვეუბნება ირაკლი თავის მოსწავლეებზე, რომელთაც, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, კომპიუტერზე მუშაობას ასწავლის. ამბობს, რომ ეს ორმხრივი რეალიზაციაა - ადამიანები თავს საჭიროდ გრძნობენ:

„ყველა დღე სიურპრიზებით სავსეა. შენი თავის რეალიზების გარდა, მათგან, ვისაც ასწავლი, იღებ იმხელა სიკეთის წყაროს, რომ რა გითხრათ...ძალიან მონდომებულები არიან, მოტივირებულები“.

ირაკლი სეფერთელაძის აზრით, შრომის ბაზრის დარეგულირება შესაძლებელი იქნება, თუ სასწავლებლები ადაპტირებული იქნება და პროფესიული სასწავლებლებიც შეიქმნება, სადაც შშმ პირები ისეთ ხელობას დაეუფლებიან, რაც ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება. და კიდევ, საჭიროა ცოტა მხარდაჭერაც, ამბობს ირაკლი, რომ, მის მსგავსად, გასაუბრებიდან უარით არ გამოისტუმრონ:

„ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა: შემოსავლების სამსახურში გასაუბრებაზე მივედი. მკითხეს, ხელფასი რამდენი გინდაო. ჩემი გაანგარიშებით, 300 ლარი ტაქსისთვის მჭირდებოდა, სამსახურში რომ მევლო, და 500 ვუთხარი, რომ ცოტა არსებობისთვისაც დამრჩენოდა. ებევრათ. აღარ დამირეკეს. რაც ჩემთვის ცოტა იყო, მათთვის ბევრი აღმოჩნდა“.



შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში დღემდე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლის სიტყვებით, დღეს ყველაზე საჩქარო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებაა:

„ეს კონვენცია იქნება დამატებითი მექანიზმი იმისათვის, რომ შშმ პირთა უფლებები დაცული იყოს. ამ კონვენციის რატიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს“.

„ხელისუფლება ვალდებულია შშმ პირებს შეუქმნას არა არსებობის, არამედ ღირსეულად ცხოვრების პირობები“, - განაცხადა 3 დეკემბერს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე და შენიშნა, რომ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დამოკიდებულებით ჩანს, თუ რა გზას ადგას სახელმწიფო:

„მთავრობამ აქტიურად ითანამშრომლა პარლამენტთან და საქართველოს პარლამენტი სულ მალე მოახდენს შშმ პირების 2006 წლის გაეროს კონვენციის რატიფიცირებას. გარდა ამისა, მთავრობის, შშმ პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით მომზადდა და ასევე უახლოეს დღეებში დამტკიცდება შშმ პირების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, სადაც ასევე გათვალისწინებულია კონვენციის პრინციპები და ვალდებულებები - ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური მობილურობა, აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, სოციალური დაცვა და ა.შ.“.

ვერც ერთი სოციალური შეღავათი, ვერც ერთი სახისა და ოდენობის დახმარება ვერ გაუჩენს მათ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის განცდას, თუკი საზოგადოება მათ მიმართ ინერტული დარჩება. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, საზოგადოების მხარდაჭერით, მივაღწევთ იმას, რომ შშმ პირების ცხოვრება თვისებრივად შეიცვალოს...
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს შშმ პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტს, რომლის მიზანიც შშმ პირების გარემო პირობებთან ადაპტაცია და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობაა. თუმცა შშმ პირების უფლებებზე საუბრისას პრემიერმა თავისი წილი პასუხისმგებლობა, ხელისუფლების გარდა, საზოგადოებასაც დააკისრა:

„ვერც ერთი სოციალური შეღავათი, ვერც ერთი სახისა და ოდენობის დახმარება ვერ გაუჩენს მათ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის განცდას, თუკი საზოგადოება მათ მიმართ ინერტული დარჩება. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, საზოგადოების მხარდაჭერით, მივაღწევთ იმას, რომ შშმ პირების ცხოვრება თვისებრივად შეიცვალოს და სწორედ ამ სფეროში განხორციელებული ცვლილებები გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ჰუმანურობის მთავარი ნიშანი“.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვაც გავრცელდა, რომელიც „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე ხმამაღლა წაიკითხეს და რომელშიც წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იქნება საზოგადოების ამ ჯგუფის უფლებათა დამცველი და მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილის პირადი მრჩეველი მიზანმიმართულად იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკაზე:

"ამ ადამიანთა მდგომარეობა ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს სახელმწიფოს სახეს, საზოგადოების კულტურასა და ღირსებას. ბუნების კანონია, რომ თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ყველა ადამიანშია პოტენციალი, რომელიც მას ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის საშუალებას აძლევს. საჭიროა ყველა ჩვენგანის - ხელისუფლების, საზოგადოების, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოორდინირებული მუშაობა, რათა ყველა პირობა შევქმნათ ამ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისა და განვითარებისთვის.

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვიქნები საზოგადოების ამ ჯგუფის უფლებათა დამცველი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მალე დაიკავებს ადგილს ჩემი პირადი მრჩეველი, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს",- ვკითხულობთ პრეზიდენტის მიმართვაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას შშმ პირთა საბჭოსა და რამდენიმე სამინისტროს მიერ ერთობლივად მომზადებული სტრატეგიაც წარედგინება. ამ სტრატეგიის მთავარი იდეა არის არა შეღავათების დაწესება შშმ პირებისათვის, არამედ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. და კიდევ, სერგეენკოს თქმით, ეს პრობლემა არ მიეკუთვნება ერთჯერადად გადასაჭრელ საკითხებს.

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სამშვიდობო ოპერაციების დროს დაშავებული ჯარისკაცები

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სამშვიდობო ოპერაციების დროს დაშავებული ჯარისკაცები

შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამშვიდობო ოპერაციების დროს დაშავებული ჯარისკაცებიც, რომელთაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ არც ერთი დაჭრილი ჯარისკაცი არ დარჩება უყურადღებოდ:

„თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა დაჭრილი მეომრების პროგრამა, რომელიც უკვე ამოქმედდა და არც ერთი დაჭრილი, შშმ ჩვენი მეომარი - არა მხოლოდ მოქმედი სამხედრო, არამედ ვეტერანიც - ამ პროგრამის მიღმა არ დარჩება“.
ანა არგანაშვილი კი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", მიიჩნევს, რომ ყოველ 3 დეკემბერს მთავრობის ხელმძღვანელი და მისი კაბინეტის წევრები, ხელში ყველაზე ზუსტი საზომით, უნდა ზომავდნენ, რამდენი მეტრით გაიზარდა ხელმისაწვდომობა, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ყოვლად მიუწვდომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გზებსა და შენობებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენი პირით მეტი დასაქმდა, რა კოეფიციენტით გაიზარდა მათი ცხოვრების ხარისხი, რამდენი გრადუსით მეტად დათბა მათ გაყინულ სახლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენი ბავშვი გადაურჩა ძალადობას და არასათანადო მოპყრობას, რამდენი პირი გააქტიურდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დისკრიმინაციის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა და რამდენმა მათგანმა მიმართა სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის დათვლა არც ისე რთული საქმეა.
XS
SM
MD
LG