Accessibility links

ახალი მთავრობის ახალი და ძველი გეგმები


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ახალ მთავრობაში ძირითადად ეკონომიკური გუნდია „გადახალისებული“. ყოფილი ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამჯერად ფინანსთა მინისტრის პოსტზე მოგვევლინა, ეკონომიკის მინისტრად ყოფილი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაინიშნა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის პოსტი ზურაბ ალავიძემ ჩაიბარა, სოფლის მეურნეობის მინისტრის - ლევან დავითაშვილმა, კახი კალაძე კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტს დაუბრუნდა.

კანდიდატებმა პარლამენტს ეკონომიკური გეგმების მთელი ნუსხა წარუდგინეს. დღეს ფინანსთა და მაკროეკონომიკის მიმართულებით გაკეთებულ აქცენტებზე შევჩერდებით. მათზე საუბარს დავიწყებთ ბიუჯეტით, რომელიც ერთგვარი სარკეა იმ გეგმებისა, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება რეალურად აპირებს.

უკვე ახალი ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, 2017 წლის ბიუჯეტიდან შემდეგ აქცენტებს გამოყოფს: 2017 წლის ბიუჯეტის პროცენტულ გადანაწილებაში 29.4 % მოდის სოციალური ხარჯებზე, მეორე მხრივ, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, სასჯელაღსრულებასა და სასამართლო სისტემაზე - ყველაფერზე ერთად - მოდის 14,6 %. მინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერებისთვის ბიუჯეტის 8,6 %-ია გამოყოფილი. მეწარმეობისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ბიუჯეტის, დაახლოებით, 1,2 %-ია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურაში ბიუჯეტის 19,8 % იხარჯება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი და ვალების მომსახურება შეადგენს 19,6-სა და 6,7 %-ს. მინისტრი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურისა და მეწარმეობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსების თანხები შესაძლოა კიდევ გადაიხედოს - გაზრდის მიმართულებით, თუმცა აქვე ის ადასტურებს, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული რჩება. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, ერთი მხრივ, საინტერესოა სოციალური დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ მძიმე ტვირთია ეკონომიკისთვის - მით უმეტეს, იმ დროს, როცა ექსპორტი შემცირებულია, ლარის კურსი კი - მნიშვნელოვნად შერყეული.

ამ ფონზე ეკონომიკის მინისტრი ასე გამოყოფს მთავარ გამოწვევებს: ძირითადი გამოწვევებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და, რა თქმა უნდა, სავაჭრო დეფიციტის შემცირება. ამ გამოწვევებზე პასუხის გაცემას კი ხელისუფლება შემდეგი ოთხი მიმართულებით გეგმავს:

ბიზნესსახლის კონცეფციის განვითარება, რომელიც გაუადვილებს ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობას, და ადმინისტრირების ხარისხი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის.

ექსპორტის წახალისება: მინისტრი ამბობს, რომ სავაჭრო ბალანსი, მართლაც, უდიდესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს უკვე აქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები როგორც ექსპორტის წახალისების ნაწილში, ასევე დაზღვევის მექანიზმების ამუშავების ნაწილში, ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის ნაწილში და ასე შემდეგ.

ტურიზმის მიმართულებით პროექტების განხორციელება კიდევ ერთი მიმართულებაა, რათა შეიქმნას ტურიზმი, როგორც 4-სეზონიანი ბიზნესი საქართველოში, რომ შევქმნათ სპეციფიკური ტურიზმის ნიშები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანას სეზონურობის მომენტის გადალახვაში. აქვე ამ თემასთანძალიან დიდ სინერგიაში მოდის ტრანსპორტის, განსაკუთრებით, ავიაციის განვითარების გაგრძელება.

ფინანსური ბაზარი - საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომლებმაც, მინისტრის თქმით, გრძელვადიანი დაფინანსების წყარო უნდა შექმნან ქვეყანაში და ხელი უნდა შეუწყონ დაგროვების, დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებას.

ამ გეგმებს, ისევე როგორც ექსპორტის წახალისებისთვის დღემდე არსებული პროგრამების ეფექტიანობას, ექსპერტები არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ. როგორც თავად ხელისუფლებაში ამბობენ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს კიდევ გადახედავენ კრიტიკული თვალით, მანამდე კი ამ დაპირებების რეალობაში განხორციელებას ისევ მედიით და მასზე ეკონომიკის, მათ შორის, ლარის რეაგირებით შეგვიძლია მივადევნოთ თვალი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG