Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი ახალ პარტიას ქმნის


ანატოლი ბიბილოვია
ანატოლი ბიბილოვია
დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ანატოლი ბიბილოვმა მმართველი პარტია „ედინსტვო“ (ერთობა) დატოვა და განაცხადა, რომ ქმნის საკუთარ პარტიას, სახელწოდებით „ედინაია ოსეტია“ (ერთიანი ოსეთი). ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ მმართველმა პარტიამ წარადგინა და ჯიოევასთან მარცხის შემდეგ სასამართლოში სარჩელიც „ედინსტვოს“ სახელით შევიდა. პარტია „ედინსტვო“ დღემდე ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სახელთან ასოციირდება. პარლამენტშიც მმართველი პარტიის სახელით შესული დეპუტატები კოკოითის მორჩილი უმრავლესობაა. თავისი გადაწყვეტილება ბიბილოვმა, პირველ რიგში, ადგილობრივ ჟურნალისტებს აცნობა. იგი აცხადებს, რომ ახალი პარტიის შექმნის იდეა დიდი ხანია აქვს და დღეს შესაფერისი მომენტია მის დასაფუძნებლად. ბიბილოვი პარტიის მთავარ ამოცანად ორი ოსეთის გაერთიანებას მიიჩნევს.

ბიბილოვი ჯერ არ ამბობს ვინ შევა მის ახალ პარტიაში, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მასთან „ედინსტვოდან“ გარკვეული ნაწილი გადავა, რაც მმართველი პარტიის დაშლას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ბიბილოვს, ალბათ, სურვილი არ ექნება ახალ პარტიაში კოკოითის თანამებრძოლები იხილოს, რომლებსაც ხალხში ავტორიტეტი აქვთ დაკარგული.

ოსი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ ბიბილოვი სერიოზულ პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნის და ეს მხოლოდ მოდას აყოლილი თამაშია, რადგან ახლა ცხინვალში ნამდვილი მრავალპარტიული ბუმია დაწყებული და ვისაც არ ეზარება, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის.

სხვა აზრისაა ოსი პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი. ის ფიქრობს, რომ კანდიდატმა, რომელმაც არჩევნებში 40-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო, შეუძლია ეს ნდობა პოლიტიკურ პარტიაზეც ასახოს და მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა.

ახლა დე ფაქტო რესპუბლიკაში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩენილი კანდიდატები კი ამ პროცესისთვის საკუთარი პარტიების შექმნით არიან დაკავებულები.
XS
SM
MD
LG