Accessibility links

logo-print

ოთხი პარტიის ახალი პოლიტიკური პლატფორმა


5 აგვისტოს შეიქმნა ახალი საარჩევნო ბლოკი: „ვაშაძე - ჯაფარიძე - ახალი არჩევანი“

5 აგვისტოს შეიქმნა ახალი საარჩევნო ბლოკი: „ვაშაძე - ჯაფარიძე - ახალი არჩევანი“

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკ „ახალი არჩევანის“ მიერ წინასაარჩევნოდ ძალთა გაერთიანების შეთავაზებას გამოეხმაურა, რასაც პარტიის ოფისში კონსულტაციები მოჰყვა. „ახალ არჩევანში“ გაერთიანებული არიან პარტიები „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“. საარჩევნო ბლოკში შესაძლო გაერთიანებას არც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ გამორიცხავს. პარტიები მათი დაახლოების საფუძვლად ერთიან პროდასავლურ ორიენტაციას ასახელებენ.

შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე. ბლოკში გაერთიანდნენ პარტიები „გირჩი“, „ახალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“ და თავად პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“. ბლოკის მთავარ ამოცანად პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე, თავმჯდომარე პარტიისა „ახალი საქართველო“, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ასახელებენ.

„ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის საქართველოს 80 %, ვისაც უჭირს, და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა 4 წლის შემდეგ, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას“, ამბობს პაატა ბურჭულაძე.

„ჩვენი გუნდების გაერთიანებით ჩვენ ვქმნით რეალურ ძალას, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის 8 ოქტომბერს, ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იყოს, არამედ იმიტომ, რომ აქვს ღირებულებები და ფასეულობები და უნდა, რომ საქართველო იყოს მართლაც წარმატებული“, აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რეალობას ვაფასებთ მსგავსად და ვხედავთ იმ საფრთხეებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს და მეორე, რაც დაემთხვა, არის ის, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რაც შეიძლება სწრაფი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ და ქვეყანაში არის გასატარებელი რადიკალური ეკონომიკური რეფორმები იმისათვის, რომ მოხდეს მთავარი გამოწვევის, სიღარიბის, დაძლევა...

ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების საერთო ხედვა, პროდასავლური ორიენტაცია და სიღარიბის დასაძლევად გასატარებელი რადიკალური რეფორმები დაასახელა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაერთიანების მთავარ საფუძვლად:

„რეალობას ვაფასებთ მსგავსად და ვხედავთ იმ საფრთხეებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს და მეორე, რაც დაემთხვა, არის ის, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რაც შეიძლება სწრაფი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ და ქვეყანაში არის გასატარებელი რადიკალური ეკონომიკური რეფორმები იმისათვის, რომ მოხდეს მთავარი გამოწვევის, სიღარიბის, დაძლევა“.

იმისათვის, რომ ამომრჩეველს მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არ მოუხდეს არჩევანის გაკეთება, მნიშვნელოვანია მესამე ძალის გამოჩენა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. ამასთან, მისი თქმით, პროდასავლური ხედვის პარტიების გაერთიანება მომგებიანი იქნება ქვეყნის დასავლური კურსის გასაძლიერებლად. ამდენად, მზაობა ასეთ ძალებთან გაერთიანებისა „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ ექნებაო, ამბობს ბაჩუკი ქარდავა:

„მიმდინარეობს პროცესი სამეულთან - „გირჩი“, ვაშაძის პარტია და „ახალი მემარჯვენეები“. გარკვეული კონტაქტები გვაქვს ბურჭულაძის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. იყო გარკვეული ვარიანტები გავლილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ერთობას მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლეთზე ორიენტირებული ძალა დადგეს ერთად და უალტერნატივო, პოლარიზებული არჩევნები არ ჩატარდეს საქართველოში და არ იყოს არჩევანი მარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, არამედ ქართულ საზოგადოებას მივცეთ არჩევანი მესამეც“.

პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების პარალელურად , სწორედ ამ გაერთიანების საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო, პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა რამდენიმე წევრმა, თუმცა თავად პაატა ბურჭულაძის აზრით, რაც მალე დატოვებს ასეთი ხალხი პარტიას, მით უკეთესი.

წინასაარჩევნოდ შექმნილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების იდეოლოგიურ საფუძვლებში ეჭვი შეაქვთ ოპონენტებს. მედიასთან საუბარში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება უწოდა. რესპუბლიკელი თამარ კორძაიასთვისაც გაუგებარია განსხვავებული პლატფორმის ძალთა გაერთიანების სურვილი.

ლევან ალაფიშვილი

ლევან ალაფიშვილი

პოლიტოლოგ ლევან ალაფიშვილის თქმით, გაერთიანების საკითხს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების კონტექსტში უნდა შევხედოთ. პარტიებმა, როგორც ჩანს, თავიანთი ძალები შეაფასეს და ახლა გათვლა მხოლოდ იმაზე აქვთ, რამდენკაციანი შემადგენლობით შევლენ პარლამენტში:

„რაზე შეთანხმდებიან, ვინ რას დათმობს, ეს შემდგომი ეტაპია, მაგრამ მე ვერ განვიხილავ, რომ რაიმე ფასეულობითი თანხვედრა ან კავშირი არსებობდეს. ყველა პოლიტიკური სუბიექტი, გარდა „ახალი მემარჯვენეებისა“, სულ ახლახან ჩამოყალიბებულია, გაზაფხულის შემდგომ არის დარეგისტრირებული და თუ ამას გავითვალისწინებთ, ძნელია რომელიმე პარტია დროის ამ მცირე მონაკვეთში ჩამოყალიბდეს იმ ძალად, იმ ადამიანთა გაერთიანებად, რომლებიც სწორედ ფასეულობების ირგვლივ იქნებიან გაერთიანებულნი“.

თუმცა, ლევან ალაფიშვილის თქმით, მთავარი ის პროცესი კი არ არის, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, მთავარი პროცესი პარლამენტში შესვლის შემდგ დაიწყება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG