Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
”ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი” - ასე ეწოდება საქართველოს პარლამენტის რიგით მეცხრე ფრაქციას, რომლის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე დღეს, 6 მარტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა. “ეროვნული ფორუმის” დამოუკიდებელ ფრაქციად ფორმირების შემდეგ უმრავლესობა პარლამენტში 5 ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.

კოალიცია ”ქართული ოცნების” შემადგენლობაში მყოფი 6 პარტიული სუბიექტიდან დამოუკიდებელ ფრაქციად უკვე ხუთი სუბიექტი ჩამოყალიბდა. ამ მიმართულებით ჯერჯერობით გამონაკლისია „მრეწველთა პარტია“, რომელიც პარლამენტში 4 წევრითაა წარმოდგენილი და დამოუკიდებელ ფრაქციად ფორმირების რესურსი, თავისი ძალებით, არ გააჩნია. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიციის სიით ზუსტად 6, ანუ იმ რაოდენობის მანდატი აიღო, რაც ფრაქციის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო. თუმცა ფრაქცია არჩევნებიდან მხოლოდ ხუთი
ეს შიდა ბალანსის პრობლემებია, ანუ რომ ავიღოთ „ქართული ოცნება“, როგორც სისტემა, შიდა სისტემური გადაადგილებები და რყევებია. სისტემის გარეთ როდის გამოვა, მე მაგას ვერ ვიწინასწარმეტყველებ...
დავით დარჩიაშვილი

თვის შემდეგ იქმნება, რაც, თავის მხრივ, შეაფერხა პროცესმა, რომელიც ”ეროვნული ფორუმის” ”ქართულ ოცნებასთან“ შერწყმით იყო ცნობილი. ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის, ოქტომბერ-ნოემბერში გაკეთებული განცხადებების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ გაერთიანება იდენტური პოლიტიკური შეხედულებების გამო იგეგმებოდა. საბოლოოდ, გაერთიანება არ შედგა და დღეს გუბაზ სანიკიძე უკვე ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე აკეთებს განმარტებებს:

”იყო საუბარი, რომ „ფორუმი“ და „ქართული ოცნება“ უნდა გაერთიანებულიყო, მერე, ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, დავრჩით ორგანიზაციულად ცალ-ცალკე. ჩვენ 6 მანდატი გვაქვს, ფორუმელი პარლამენტში არის 6 დეპუტატი. ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ ფრაქცია ”ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი”. ეს ცნობილი იყო ჩვენი პარტნიორებისათვის.”

უფრო ადრე კი პარტნიორებისთვის თავად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ გაერთიანების იდეა „ფორუმის“ თავმჯდომარეს, კახა შარტავას, ეკუთვნოდა, ბიძინა ივანიშვილი კი ამგვარი გაერთიანების წინააღმდეგი იყო, კოალიციაში შიდა კონკურენციის გაზრდის მიზნით. პოლიტიკური ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, თუ კოალიციის სუბიექტების ფრაქციებად დაშლა მართლაც შიდა კონკურენციის ნაწილია, პროცესი პოზიტიურად უნდა მივიჩნიოთ:
თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

”თუ მართლა კონკურენციაზე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი კოალიციის შიგნით, თუ ეს ასეა, როგორც ჩანს, მან დაინახა ძალიან კარგად ის შეცდომები, რაც დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და აქეთკენ დგამს უკვე ნაბიჯებს”.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ მიუხედავად უმრავლესობის სუბიექტთა აბსოლუტური ლოიალურობისა პრემიერ-მინისტრის მიმართ, მათ, იმავდროულად, სურთ საკუთარი ადგილის დამკვიდრება როგორც ერთმანეთთან, ისე ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში. უმრავლესობის ფრაქციებად დაშლის საკითხზე კომენტარისთვის უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით დარჩიაშვილს, მივმართეთ.

”ეს შიდა ბალანსის პრობლემებია, ანუ რომ ავიღოთ „ქართული ოცნება“, როგორც სისტემა, შიდა სისტემური გადაადგილებები და რყევებია ეს. სისტემის გარეთ როდის გამოვა, მე მაგას ვერ ვიწინასწარმეტყველებ”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი წევრი კი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე, დარწმუნებულია, რომ „ფორუმის“ დამოუკიდებელ
ჩვეულებრივ, ჩვენ გვყავს საკმარისი რაოდენობა დეპუტაციის და გადავწყვიტეთ, რომ გვყავდეს ფრაქცია პარლამენტში. სხვა მხრივ თანხვედრაა ყველანაირი უმრავლესობის სხვა სუბიექტებთან...
ანი მიროტაძე

ფრაქციად გასვლა კოალიციის ერთსულოვნებაზე არ აისახება. მისი აზრით, ფრაქციებად დაყოფილი უმრავლესობა უფრო მოქნილია და უკეთ მუშაობს:

”ძალიან ხშირად არის ხოლმე მერე ლაპარაკი: რატომ? არაფერი „რატომ“ ამის უკან არ არის. არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. ჩვეულებრივ, ჩვენ გვყავს საკმარისი რაოდენობა დეპუტაციის და გადავწყვიტეთ, რომ გვყავდეს ფრაქცია პარლამენტში. სხვა მხრივ თანხვედრაა ყველანაირი უმრავლესობის სხვა სუბიექტებთან”.

ფრაქცია ”ქართული-ოცნება - ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის პოსტს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი დაიკავებს.

”იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით შიდაპარტიული განხილვები და შეჩერდნენ ჩემს კანდიდატურაზე. საერთო გადაწყვეტილება იყო ეს, შიდაპარტიული, და, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არანაირი სურვილი არ მქონდა წავსულიყავი”.

სოსო ვახტანგაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ეროვნული ფორუმისა“ და „ქართული ოცნების“ გაერთიანების შესახებ ტაქტიკური მოსაზრებებით შეჩერებული მოლაპარაკებები დროთა განმავლობაში კვლავ განახლდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს პარტიები დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები არიან და ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” შექმნაც, დეპუტატის აზრით, არსებული რეალობის გამოხატულებაა.
XS
SM
MD
LG