Accessibility links

logo-print

„კოალიციის საყრდენი წევრი“ პრემიერობის კანდიდატია


საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მოქმედმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ჯერჯერობით უცნობია მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის ვინაობა. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის კანდიდატად დასახელებას, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე. როდიდან და რა პროცედურების შემდეგ შეუდგება ახალი პრემიერი მუშაობას და როგორ ახასიათებენ მას პოლიტიკური გუნდის წევრები?

„კიდევ არ იცოდით“, ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მემკვიდრის საზოგადოებისთვის წარდგენა მას შემდეგ, რაც კონსულტაციები გამართა კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, გუნდი იყო ერთსულოვანი და ისინი ოვაციებით შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას.

„აბსოლუტურად სიხარული იყო ყველას სახეზე. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მეც ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა და გარწმუნებთ, რომ გუნდში არის აბსოლუტურად დემოკრატიული დამოკიდებულება: თუ ექნებოდათ განსხვავებული აზრი, ამის საშუალება ჰქონდა ყველას და ყველა გამოთქვამდა“.

კიდევ ბევრი ეჭვებიც გვაქვს პოლიციიდან, რომ მკვლელობებშიც იყვნენ მონაწილენი და ასე შემდგომ. აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა ნდობა და იმიჯი საზოგადოებაში და, აი, ამ კაცმა მოახერხა ერთი წლის განმავლობაში საოცრება...
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრად მუშაობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ საუკეთესოდ საკუთარი თავის ჩვენება მან სწორედ ამ თანამდებობაზე მოახერხა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე რთული სტრუქტურა:

„პოლიცია, რომელიც იყო ჩვენი სირცხვილი, იყო ზონდერებით დაკომპლექტებული და როგორ ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, რამდენი ჰყავდა ნაცემი და კიდევ ბევრი ეჭვებიც გვაქვს პოლიციიდან, რომ მკვლელობებშიც იყვნენ მონაწილენი და ასე შემდგომ. აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა ნდობა და იმიჯი საზოგადოებაში და, აი, ამ კაცმა მოახერხა ერთი წლის განმავლობაში საოცრება: ასეთი პოლიციისგან ევროპული ტიპის პოლიცია შექმნა, გადაალაგა და დღეს ყველანი ვამაყობთ პოლიციით და ვამაყობთ იმიტომ, რომ საამაყოა“.

ბიძინა ივანიშვილის დახასიათებით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ნაღდი, გულწრფელი კაცი. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, ირაკლი ღარიბაშვილს ბიზნესში და ეკონომიკის სფეროში მუშაობის კარგი გამოცდილებაც აქვს და ამის დასტურად ბიძინა ივანიშვილმა მათი გაცნობის პერიოდთან დაკავშირებული ერთი ამბავიც გაიხსენა:

„ირაკლი გავიცანი, როცა ფრანგულმა კომპანიამ, მომყავდა ვერტალიოტი, და მათ მითხრეს, ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეო, ჩამოვიდეს საფრანგეთშიო. ჯერ ერთი, ფრანგული საიდან იცისო და მერე ასეთი ვაჭრობა როგორ ისწავლაო და მაშინ მივაქციე ირაკლის ყურადღება და დიდი ხანია ვიცნობ. ირაკლი არის ძალიან პრაქტიკული, ამავდროულად, და, საერთოდ, ძალიან მაგარი გუნდი გეყოლებათ“.

დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მომეცა საშუალება ვემსახურო ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, ძალიან დიდი ნდობა და მე გპირდებით ყველას, ვპირდები მოსახლეობას, გპირდებით თქვენ, ვპირდები კოალიციას, მთლიანად მთავრობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელო...
თავად პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას გამოცხადებული ნდობისთვის და კონსულტაციების გავლამდე თავი შეიკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თავისი შემცვლელის დასახელებისგან. ასევე დასძინა, რომ დიდი ცვლილებები მთავრობაში მოსალოდნელი არ არის:

„დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მომეცა საშუალება ვემსახურო ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, ძალიან დიდი ნდობა და მე გპირდებით ყველას, ვპირდები მოსახლეობას, გპირდებით თქვენ, ვპირდები კოალიციას, მთლიანად მთავრობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელო. აქვე მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად კოალიციას, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობის დამტკიცებისათვის“.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დასძინა, რომ ის ამაყია, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიციამ შეასრულა ყველა დანაპირები და ასევე კოალიციის შიგნით გამოიძებნა ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. დავით უსუფაშვილის სიტყვებით, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მათი ერთ-ერთ საყრდენი წევრი პირველი დღეებიდანვე:

„ამას განაპირობებდა არა მხოლოდ მისი სიახლოვე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში მის მოსვლამდე, არამედ მისი პიროვნული თვისებები, საქმიანი თვისებები, მისი ნიჭი და მისი უნარი ძალიან მძიმე კრიტიკულ სიტუაციებში აეღო პასუხისმგებლობა და ემოქმედა, ეაზროვნა მასშტაბურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის“.

ივანიშვილი ათავისუფლებს ქართული ხელისუფლების და, მთლიანად, ქართული პოლიტიკის საკონტროლო პაკეტს და ეს საკონტროლო პაკეტი გადანაწილდება ახალ პრემიერ-მინისტრსა და კოალიციის სუბიექტებზე...
ამასთან, დავით უსუფაშვილის სიტყვებით, ჯერჯერობით წინ მხოლოდ გეგმებია. 17 ნოემბრის - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის - შემდეგ მოქმედი მთავრობა გამოაცხადებს, რომ გადადგა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს პრემიერის კანდიდატურას და ეს უკანასკნელი პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობას. ამასთან, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას მთავრობაში არ ელის, ვინაიდან, თუ ნათქვამია, რომ მთავრობა წარმატებულია, რატომ უნდა წავიდეს წარმატებული მთავრობა ხელისუფლებიდან?

ამ ცვლილების გარდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, ის 24 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე დააყენებს საკითხს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდებს ირაკლი ღარიბაშვილი.

რას შეცვლის კოალიციაში ბიძინა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლება როგორც საქმიან, ასევე პიროვნული დონეზე? ამ კითხვას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი განუზომლად დიდი იყო, ვიდრე კოალიციაში მყოფი ნებისმიერი პირის , თუმცა მისი მნიშვნელობა გადანაწილდება პარლამენტსა და მთავრობაზე:

„ივანიშვილი ათავისუფლებს ქართული ხელისუფლების და, მთლიანად, ქართული პოლიტიკის საკონტროლო პაკეტს და ეს საკონტროლო პაკეტი გადანაწილდება ახალ პრემიერ-მინისტრსა და კოალიციის სუბიექტებზე. თითოეული სუბიექტის - როგორც მთავრობის წევრის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერების, მინისტრების, კოალიციის ექვსივე სუბიექტის - მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა ახალ ქართულ პოლიტიკაში გაიზრდება და ეს ბუნებრივი პროცესია“.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა არ გაუჭირდებათ და მაქსიმალურად დაიცავენ პროცედურებს, თუმცა მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტების ნაწილი არც მანამდე მტკიცდებოდა ხოლმე და თუ ახლაც ასე მოხდება, ეს დაძაბულობას არ შექმნის.
XS
SM
MD
LG