Accessibility links

logo-print

ახალი პრობლემები ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე


რუსი მესაზღვრეების ბლოკ-პოსტი ერგნეთში

რუსი მესაზღვრეების ბლოკ-პოსტი ერგნეთში

18 სექტემბრიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტრანსპორტის გადაადგილებას აკრძალავს. შესაბამისად, იკრძალება ტვირთების მოძრაობაც. ადამიანები კი ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს ფეხით გადაკვეთენ. ეს აკრძალვა ეხება მოსაბრუნის, წინაგარის და პერევის გადასასვლელებს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობასთან 3 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს განმარტებითი სამუშაოები, სექტემბრიდან კი ტრანსპორტისთვის ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაიკეტება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ჩვენს რადიოს კომენტარი მისცა და ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი განმარტა:

„18 სექტემბრიდან სახელმწიფო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალებების გამარტივებული გადასვლა შეწყდება. სამი თვეა იმისთვის, რომ ორივე მხარემ - სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ - ამ პუნქტებამდე ადამიანების მიყვანის საკითხი მოაწესრიგოს. ამ სამი თვის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ისევ განხორციელდება იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ პროცედურას, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება. ჩვენ გავაფრთხილებთ ადამიანებს, რომ სექტემბრიდან წესები იცვლება“.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა, მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის ასეთი მკაცრი ზომებისა, არ შევწყვიტოთ კონტაქტები ჩვენს ოს მოსახლეობასთან და ხელი შევუწყოთ ქართული მოსახლეობის იქ გაჩერებას...

ამჟამად ყველაზე ხშირი სატრანსპორტო მიმოსვლა ახალგორისა და პერევის მიმართულებითაა. 18 სექტემბრიდან, მაგალითად, ახალგორიდან თბილისისკენ წამოსულმა ადამიანმა ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო პუნქტამდე ერთი ტრანსპორტით უნდა იმგზავროს, შემდეგ ფეხით გაიაროს ეს პუნქტი და, აქეთ გადმოსული, სხვა ტრანსპორტში გადაჯდეს. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში ეს შეზღუდვა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს:

„მე, მაგალითად, და ჩემნაირებმა, რომლებიც აქ ვცხოვრობთ და თბილისში საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ან ექიმთან მივდივართ, სიმართლე გითხრა, ხანდახან გაბრაზებულ გულზე ვამბობ, ძალიანაც კარგი, ჩაიკეტოს, იქნებ რაიმე გზა გამოჩნდეს, - ან იქით წავიდეთ, ან მთლად აქაურობას ჩამოვეკიდოთ, იმიტომ რომ ჰაერში ვართ გამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ წეროვანში და აქ, უბრალოდ, ფულის ასაღებად ჩამოდიან, მე ხელფასს ვერ დავარქმევ მაგას. იმათ ცუდად აღიქვეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დილით და საღამოს ფეხით მოუწევთ გადაადგილება. არიან ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ აქ - თბილისიდან ჩამოაქვთ ხილი, პროდუქტი და ცხინვალელებზე ყიდიან. იმათ, რა თქმა უნდა, ცუდად მიიღეს, იმიტომ რომ 50 კილოგრამზე მეტი ტვირთის შემოტანა აიკრძალება. არაოფიციალურად ერთ შემოტანაზე 20-დან 30 ლარამდე იხდიან მილიციის თანამშრომლებთან და მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს უნდათ, რომ კა-გე-ბემ აიღოს ან ორივემ ერთად“.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. მით უმეტეს, რომ თვითონ მოსახლეობასაც აქვს მოთხოვნა, რომ ქართული მხრიდან პროდუქტები და სხვა საშუალებები იყოს შეტანილი...

დე ფაქტო ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისას პირს უფლება აქვს თან ჰქონდეს არა უმეტეს 65 ათასი რუბლის ღირებულების 50 კილოგრამი ხელბარგი, 2 ლიტრამდე ალკოჰოლური სასმელი, 5 კილოგრამი თევზის პროდუქტი, 10 ლიტრი საწვავი და ასე შემდეგ. ახალგორიდან და პერევიდან ცხინვალის მიმართულებით სოფლის მეურნეობის პროდუქტები შედიოდა. ამჟამად ცხინვალის ბაზარზე სწორედ ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი იყიდება, ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს აკრძალვა, პირველ რიგში, ფასების ზრდას გამოიწვევს და ოსურ მოსახლეობას დაარტყამს. გარდა ამისა, ეს იმ ოსი ჩინოვნიკების ჯიბეზეც აისახება, ვინც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ქართული ხილ-ბოსტნეულით დატვირთულ მანქანებს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე ატარებდა. კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს ნაკლებ რეალისტურად მიაჩნია, რომ ამ შეზღუდვებმა ბოლომდე იმუშაოს. მისი აზრით, არსებობს უამრავი ბილიკი და ადამიანები პროდუქტების გადასატანად სხვა გზებს მონახავენ:

„გადაადგილების შეზღუდვა მძიმედ აისახება, პირველ რიგში, ახალგორის მოსახლეობაზე, რომელსაც წეროვანიდან ინტენსიური მიმოსვლა აქვს. მეორე, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან ბევრი პროდუქცია, რომელიც დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შედის ქართული მხრიდან, ესეც შეიზღუდება და ამით, პირველ რიგში, მომხმარებელი დაზარალდება - ფასებით მოსახლეობა ნამდვილად ვერ დარჩება კმაყოფილი. მე უფრო მგონია, რომ ეს იქნება ნახევრად მკაცრი ღონისძიება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამით შემოსავლებს კარგავს - ის, ვინც საზღვარზე დგას და ფულს კრეფს ამ ტრანსპორტიდან და, ბუნებრივია, ეს ფული ზევით მიდის. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. მით უმეტეს, რომ თვითონ მოსახლეობასაც აქვს მოთხოვნა, რომ ქართული მხრიდან პროდუქტები და სხვა საშუალებები იყოს შეტანილი“.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი ამ ნაბიჯით თვითონ ეწინაააღმდეგება საკუთარ პოზიციას, რომ კონფლიქტის ზონაში ხელს შეუწყობდა ადამიანებს შორის დიალოგს. ზაქარეიშვილის თქმით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება, რათა გადაადგილების ახალი რეჟიმით პრობლემები არ შეექმნას:

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

„ამით რუსეთი ეწინააღმდეგება თავისსავე დეკლარირებულ პოზიციას, რომ ის ხელს შეუწყობს დიალოგს და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. აშკარად ეშინია ამ დიალოგისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა, მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის ასეთი მკაცრი ზომებისა, არ შევწყვიტოთ კონტაქტები ჩვენს ოს მოსახლეობასთან და ხელი შევუწყოთ ქართული მოსახლეობის იქ გაჩერებას“.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გადაკვეთა მხოლოდ იმ პუნქტების გავლით შეუძლიათ, სადაც, სასაზღვრო სამსახურის გარდა, საბაჟო სამსახურიც მუშაობს. დე ფაქტო რესპუბლიკას ასეთი ორი პუნქტი აქვს - ერთი რუსეთის ფედერაციასთან, ზემო ზარამაგზე, და მეორე საქართველოსთან, სოფელ ერგნეთთან, რომელიც ამჟამად მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისთვის გამოიყენება. ოსური მხარის აზრით, თუ ქართული მხარის თანხმობა იქნება, ერგნეთთან შეიძლება მოეწყოს სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტი, საიდანაც ტრანსპორტი იმოძრავებს. ქართული მხარის პოზიცია კი დიდი ხანია ცნობილია - ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიას ოკუპირებულად მიიჩნევს და მათთან არანაირ საზღვრებს არ აღიარებს.
XS
SM
MD
LG