Accessibility links

logo-print

„ახალი არჩევანი“ - ასე ჰქვია ახალ საარჩევნო ბლოკს, რომელშიც გაერთიანდნენ მემარჯვენე ორიენტაციის პარტიები: “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები”. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერთა თქმით, მათი ერთიანობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთნაირ ხედვას, თუმცა ლიდერები განსხვავებულად აფასებენ ქვეყნის უახლოეს წარსულს.

„ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების და არა პიროვნებების გარშემო“ - ასეთი განცხადება გააკეთა საარჩევნო ბლოკ „ახალი არჩევანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, პროფესიონალებისგან შემდგარ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია გადაჭრას საქართველოს წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის, საგარეოპოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათისა:

„ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გაორმაგდეს საქართველოს ეკონომიკა შემდგომი ოთხი წლის მანძილზე“.

გიორგი ვაშაძის მსგავსად, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაა, რისთვისაც საჭიროა სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება და დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალების გაერთიანება:

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია სწორედ ამ ნიშნით გაერთიანება, იმიტომ რომ მთავარი, რასაც ვხედავთ, არის სრული ნიჰილიზმი და იმედგაცრუება მოსახლეობის სწორედ იმ ნაწილში, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს, დასავლეთის, ნაწილი. როდესაც კონსულტაციები გვქონდა, ერთმანეთში არ გვიძებნია განსხვავებები, პირიქით, ვეძებდით გადაკვეთის წერტილებს და მივაგენით მათ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სიღარიბე და გამოსავალი მდგომარეობს რადიკალურ რეფორმებსა და სწრაფ განვითარებაში“.

პოლიტიკური იდეოლოგიის, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკისგან განსხვავებით, „ახალ არჩევანში“ შემავალი პარტიები ვერ თანხმდებიან წარსულის შეფასებაში. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას, თქმით, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე.

„ბუნებრივია, ექსპერტებსაც და ამომრჩევლებსაც გაუჩნდებათ ეს კითხვები, რადგანაც ჩვენ მკვეთრად ვიყავით დაპირისპირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხოლო ჩვენი პარტნიორები თავის დროზე იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის უფლება. მათ გადახედეს თავიანთ შეხედულებებს, რადგანაც გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და, სწორედ აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ქვეყნის მოსახლეობამაც და პოლიტიკურმა ძალებმაც უნდა დავივიწყოთ ის, რაც იყო წარსულში და ორიენტირებული უნდა ვიყოთ მომავალზე. სხვანაირად ვერ განვვითარდებით. მუდმივად წარსულისკენ ყურება ქვეყანას ისევ უკან ახედებს და უკან ექაჩება“, უთხრა მანანა ნაჭყებიამ რადიო თავისუფლებას.

„ახალი მემარჯვენეების“ კიდევ ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებს აქვთ, ფაქტობრივად, მომავლის იდენტური ხედვა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის შანსებთან დაკავშირებთი კი ის შენიშნავს:

„საკუთარი თავის მოტყუება იქნება იმის თქმა, რომ 2016 წლის არჩევნებში ვგეგმავთ საუკეთესო შედეგის ჩვენებას. ეს იქნება ტყუილი, მაგრამ თქმა იმისა, რომ ძალთა კონსოლიდაციის პირობებში შესაძლებელია სერიოზული შედეგის დადება, მით უმეტეს, იმ მოცემულობის დროს, როცა ბოლო სოციოლოგიური კვლევები გვეუბნება, რომ საკმაოდ მაღალი იქნება აქტივობა, ანუ 67 % მიდის არჩევნებზე და აქედან 57 %-ს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, ვის მისცემს ხმას - ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიისათვის, რომელიც ახალი ფორმითა და შეთავაზებით გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე“.

რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, მისი ელექტორატი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ამომრჩეველი...

მამუკა კაციტაძის ამ აზრს იზიარებს პოლიტოლოგი გია ნოდია, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ახალ პოლიტიკურ ბლოკს მოუწევს ბრძოლა საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის. გია ნოდიას ვარაუდით, ახალი ბლოკის ელექტორატში შესაძლოა გაერთიანდეს რამდენიმე ტიპის ამომრჩეველი.

„’გირჩის’ ამომრჩევლები არიან განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები იყვნენ, მაგრამ არ მოსწონდათ პარტიის პოპულისტური კომპონენტი... ისინი არიან თანამედროვე, სოციალურად ძალიან ლიბერალური ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვენ, მაგალითად, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას და ა.შ. ვაშაძის პარტიის ამომრჩეველი უფრო ბუნდოვანია. ესენიც არიან ნაციონალები, რომლებსაც გული გაუტყდათ ნაციონალებზე, სააკაშვილის მომხრეა, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებს იმ ლიდერებს, რომლებიც დღეს განასახიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, მისი ელექტორატი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ამომრჩეველი“, უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა გია ნოდია იქვე აზუსტებს: „ქართული ოცნების“ პროდასავლურად განწყობილი ამომრჩევლებიო, რომელთა იმედზე ასევე არიან კოალიციის სხვა ყოფილი წევრები რესპუბლიკური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების“ სახით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG