Accessibility links

logo-print

კრემლის რეაქცია აშშ-ის ახალ სანქციებზე


პრო-რუსული სეპარატისტების რუსული სამხედრო შეიარაღება

პრო-რუსული სეპარატისტების რუსული სამხედრო შეიარაღება

კრემლმა მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ახალი სანქციები, რომლებსაც რუსეთს უწესებენ უკრაინის მიმართ მისი მოქმედებებისთვის. 17 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციებს უწოდებს „შურისძიების პრიმიტიულ მცდელობას იმისთვის, რომ უკრაინაში მოვლენები ვაშინგტონის სცენარისგან განსხვავებულად ვითარდება... ჩვენ არ შევეგუებით შანტაჟს და ვიტოვებთ საპასუხო ზომების უფლებას“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროკავშირით, რომელიც „დაემორჩილა ამერიკის შეერთებული შტატების შანტაჟს“.

16 ივლისს ვაშინგტონმა გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომელთა სამიზნე პირველად იქნება რუსეთის საბანკო, სამხედრო და ენერგეტიკის სფეროები.

პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 17 ივლისს სანქციებს „ბოროტი“ უწოდა და თქვა, რომ ასეთი ზომები ვერავის ვერასოდეს დააჩოქებს.

სანქციების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ვიზიტად იმყოფება ბრაზილიაში: „რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს ბუმერანგის ეფექტი აქვს და, ეჭვგარეშეა, ჩიხში შეიყვანს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობას. სანქციები სერიოზულ ზიანს მოიტანს და, დარწმუნებული ვარ, დააზარალებს თავად შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის გრძელვადიან ეროვნულსა და სტრატეგიულ ინტერესებს.“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სანქციების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ რუსეთმა არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად:

„როცა ამ ზომებს ვატარებთ, მჭიდრო კავშირი და კონსულტაციები გვაქვს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, რომლებიც ბრიუსელში თათბირობენ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ უკრაინაში მის მოქმედებებს შედეგები მოჰყვება - მათ შორის რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და მზარდი დიპლომატიური იზოლაცია.“

თავის მხრივ, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ პირველად მიიღო განკარგულება, სანქციები დაუწესოს რუსეთის წამყვან ბანკებსა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიებს.

მათ შორის არიან სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“, სახელმწიფო ბანკი „ვნეშეკონომბანკი“, ბუნებრივი აირის მწარმოებელი „ნოვატეკი“ და „გაზპრომბანკი“ – კომპანია „გაზპრომის“ ფინანსური შტო. ამ სიაში არ არის არც თავად „გაზპრომი“ და არც მისი ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

სანქციების სამიზნედ ახალი სექტორების შერჩევა იმაზე მიანიშნებს, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთისადმი უფრო მკაცრ მიდგომას ირჩევს მაშინ, როცა არ ჩანს უკრაინის კრიზისიდან გამოსავალი.

წინა სანქციები ძირითადად პიროვნებების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათთვის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებდა.

თუმცა ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები ორგანიზაციების გარდა მთელ რიგ ახალ პირებზეც გაავრცელა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციები დაუწესა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს; ყირიმზე მოქმედ ნავთობკომპანია „ფეოდოსიას“ და რუსეთის იარაღის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის კალაშნიკოვს.

ამასობაში ევროპის კავშირის ლიდერებიც შეთანხმდნენ სანქციებზე. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სანქციები მიმართულია „კერძო პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან მატერიალურად თუ ფინანსურად რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ყირიმის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვის“.

ევროკავშირის თანახმად, თვის ბოლომდე იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელი ადამიანები და ორგანიზაციები იქნება ამოღებული მიზანში.

უკვე ახლავეა ცნობილი, რომ ევროკავშირი აჩერებს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციებს რუსეთში.

XS
SM
MD
LG