Accessibility links

logo-print

გასული კვირის ბოლოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა. 10 ივლისს რუსეთის მესაზღვრეები ჯერ წითელუბნისა და ხურვალეთის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, 11 ივლისს კი საოკუპაციო ხაზი სოფელ ორჭოსანსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალს შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსწიეს. ბანერს მიღმა აღმოჩნდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთი მონაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საოკუპაციო ხაზი, დაახლოებით, 300 მეტრზე გადმოსწიეს და ბანერებს მიღმა 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი მოექცა, სადაც ხურვალეთელებს ქერი და ხორბალი აქვთ დათესილი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ისინი უკვე გააფრთხილეს, რომ ბანერებს არ მიუახლოვდნენ. ხურვალეთის მცხოვრების როლანდ ცეცხლაძის თქმით, მისი მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და არ იცის მოსავლის აღებას შეძლებს თუ ვერა.

ხურვალეთელების განცხადებით, მიწის ფართობების გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა სოფლის საძოვრები და მეზობელ სოფლებთან დამაკავშირებელი გზაც. მათი აზრით, თუ მცოცავი ოკუპაცია ასეთი ტემპით გაგრძელდა, სოფელს მიწა და საძოვარი საერთოდ აღარ დარჩება.

ბანერების დამონტაჟებიდან ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომგაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული სეგმენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენის ერთ მონაკვეთს რუსეთის მესაზღვრეები სოფელ ორჭოსანთან მანამდეც აკონტროლებდნენ. თვეების განმავლობაში ოსური მედიით ადგილობრივი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება ვრცელდებოდა იმის გამო, რომ თიბილოვის მთავრობა და რუსეთის მესაზღვრეები მილსადენის მფლობელ საერთაშორისო ორგანიზაციას ტრანზიტის გადასახადს არ სთხოვდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შაბათ-კვირას ხურვალეთში იმყოფებოდნენ და ადგილზე დაათვალიერეს მესაზღვრეების მიერ დაწყებული სამუშაოები. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც აშკარად სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელსაც ადგილზე პროვოკაციის სახე აქვს.

კვირას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძე ხურვალეთში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შაბათს დამონტაჟებული ბანერები და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. ზურაბ აბაშიძე აცხადებს რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში მთავარი განსახილველი თემა ეს იქნება. მისი თქმით, რუსეთის საკუთარი ქმედებების გამო საფასურს უკვე იხდის.

რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს მომხდარს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე.

მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამო საქმის კურსში უკვე ჩააყენა საერთაშორისო ორგანიზაციები.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ უკანონო ქმედებას, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მიიღოს ზომები მის აღსაკვეთად და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოფელ ორჭოსანის სიახლოვეს საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და საოკუპაციო ბანერს შორის დაშორება, დაახლოებით, 400 მეტრია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მესაზღვრეების ქმედებებს ივლისის ბოლოს ერგნეთში დაგეგმილ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG