Accessibility links

logo-print

ქუთაისის 38 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. ადგილობრივი რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს ქალაქის საჯარო სკოლებში 2 851, კერძო სკოლებში კი 400-ზე მეტი პირველკლასელია რეგისტრირებული, რაც გასული წლის მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება, რადგან თითქმის 500 მოსწავლით მეტია რეგისტრირებული მხოლოდ საჯარო სკოლებში. საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლეები საჩუქრად პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. რესურსცენტრის ინფორმაციითვე, ახალ სასწავლო წელს სკოლების ნაწილი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, ასევე განახლებულ შენობებში და ახალი სასწავლო პროგრამით დაიწყება სწავლა ქუთაისის ბაგა-ბაღებში 19 სექტემბერს.

ქუთაისის რესურსცენტრის ინფორმაციით, ქალაქის 38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება და სასწავლო დაწესებულებში ბავშვებისთვის უსაფრთხო და კარგი გარემო იქნება შექმნილი. ქალაქის ყველა საჯარო სკოლის შენობა ბოლო წლების განმავლობაში გადაიხურა და კარ-ფანჯრებითა და გათბობის სისტემით აღიჭურვა. მიმდინარე წელს კაპიტალურად გარემონტდა 1 საჯარო სკოლა და რამდენიმე მათგანში კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა. ქუთაისის სკოლები ასევე უზრუნველყოფილია მერხებითა და სხვა საჭირო ინვენტარით. როგორც ქუთაისის რესურსცენტრში აცხადებენ, საჯარო სკოლებს უკვე მიეწოდა ახალი წიგნები და მოსწავლეებს მეორადი გამოყენების სახელმძღვანელოებთან ერთად ახლებიც დაურიგდებათ.

მოსწავლეები და მათი მშობლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. როგორც მშობლები ამბობენ, წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს ურიგდებათ, კარგ მდგომარეობაშია და მათთვის შეღავათია, რომ ყოველწლიურად სახელმძღვანელოების ყიდვა არ უწევთ.

როგორც რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტი, ნინო ლეჟავა, ამბობს, მისი ორი შვილი სწავლობს საჯარო სკოლაში და სასკოლო ნივთები უკვე შეიძინა, ნინოს თქმით, გასულ წლებთან შედარებით, სასწავლო ნივთებზე ფასები გაზრდილი არ არის, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის ორი შვილის სკოლისთვის მომზადებას ოჯახის დანაზოგი მთლიანად დასჭირდა.

სპეციალურ ფორმას ატარებენ ქუთაისის საჯარო სკოლების დიდი ნაწილის მოსწავლეები, რომელთა მაისურებსა და პერანგებზე სკოლის ნომერი და გერბია გამოსახული. საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლები ფორმებს საკუთარი სახსრებით იძენენ და, როგორც თავად ამბობენ, მათი ფასი 15-დან 30 ლარამდეა.

ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში სწავლა, საჯარო სკოლებთან შედარებით, მოგვიანებით, 19 სექტემბერს, განახლდება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე აცხადებს, ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალები სასწავლო პროცესის დასაწყებად მზად არიან. ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ბაღის ერთ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, სამ მათგანს კი მიშენება გაუკეთდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან ყველა ბაღი იქნება უზრუნველყოფილი ცხელი წყლით.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე აცხადებს, ახალი სასწავლო წლისთვის ბაღებში მიღებულ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან ბავშვთა რეგისტარცია 2016 წლის 10 სექტემბრამდე გრძელდება. გასულ წელს ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში 10 000-მდე აღსაზრდელი იყო რეგისტრირებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG