Accessibility links

logo-print

როგორ ხვდებიან ზუგდიდის სკოლები და საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს


ახალი სასწავლო წელი ზუგდიდის სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დროს, 15 სექტემბერს, დაიწყება. ამავე დღეს ამოქმედდება ქალაქის მასშტაბით არსებული სახელმწიფო საბავშვო ბაღები. საგანმანათლებლო პროცესს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზეზით, ოდნავ მოგვიანებით, 1 ოქტომბერს, განაახლებენ მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებები.

თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა სამზადისი. მოსწავლეები და მათი მშობლები ცდილობენ სასურველ ფასად შეარჩიონ ახალი სახელმძღვანელოები, საკანცელარიო ნივთები და შეძლებისდაგვარად განაახლონ გარდერობი.

როგორც რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტები აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ სახელმძღვანელოებით მოსწავლეს სკოლა ამარაგებს, დანახარჯები მაინც დიდია:

„სამნი არიან და სამს რამდენი უნდა, თითოს რომ თითო კალამი, ფანქარი, რვეული, საშლელი უყიდო. თითქოს კაპიკებია, მაგრამ მაინც ბევრი რამე სჭირდებათ“, - გვითხრა ზუგდიდელმა იზოლდა ვეკუამ.

„ახლა ისეთი ცხოვრებაა, ვეღარ ვუძლებთ ამდენს. კარგი ბავშვია, კარგად სწავლობს, ცეკვაზეც დადის, მაგრამ სხვაგან ვეღარ დაგვყავს. ბევრია საჭირო“, - ამბობს ზაირა ნანავა.

„ჩემი ბავშვი ბაღში დადის. მე კი მიმყავს, მაგრამ კომპაქტურ ჩასახლებაში ვცხოვრობ და არიან იქ ისეთი ოჯახები, ბავშვს სკოლაში ვერ უშვებენ. არ გვაქვსო ტანსაცმელი და არც ფული, ბავშვს რომ ვუყიდოთო“, - ამბობს გალელი ირმა უბილავა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, კახაბერ ფარცვანიას, განცხადებით, ყველა მოზარდს მიმდინარე წელსაც უფასო სახელმძღვანელოები დახვდება. ამასთან, კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას უფასო ავტობუსი იმ სოფლებში, სადაც მოსწავლეებისთვის სკოლა 2 კილომეტრზე მეტადაა დაშორებული:

„ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის თემში 51 სკოლაა. ამ წუთისთვის ყველა სკოლა მზად არის იმისთვის, რომ 51-ივე სკოლაში დაიწყოს სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს. წელს ძალიან ბევრ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა“.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ პარლამენტის არჩევნებისთვის რამდენიმე სკოლაში საარჩევნო უბანი განთავსდება. კახაბერ ფარცვანიას მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ოქტომბერი უქმე დღეა და უბანს მხოლოდ შენობის მცირე ნაწილი ექნება დაკავებული, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება.

არჩევნების გამო არა, მაგრამ ფართის სიმცირეს სულ სხვა მიზეზით უჩივიან ქალაქში არსებული საბავშვო ბაღები. ზუგდიდის 17 ბაღიდან 13-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ და სააღმზრდელო დაწესებულებებს ფართობი არ ჰყოფნით.

„პრობლემა არის ჯგუფების სიმჭიდროვე. არ გვყოფნის ოთახები, ჯგუფები ჩვენი ბავშვებისთვის. ბაღების უმრავლესობაში ჯერ კიდევ არიან დევნილები, მაგრამ 2017 წელს დაგეგმილია მათი გადაყვანა. ბატონმა მერმა, ირაკლი გოგოხიამ, თვითონ მიაღწია ამას მოლაპარაკებით ბატონ სოზარ სუბართან”, - აცხადებს ქალაქ ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი მარინა კვიკვინია.

მისი ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ბაღების დიდ ნაწილში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება და ყველა მათგანის გაზიფიცირება მოხერხდა. ამასთან, როგორც ცენტრის დირექტორი ირწმუნება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სკოლამდელ დაწესებულებათა ნაწილში შესაძლებელი გახდა ინვენტარის, ავეჯისა და სათამაშოების განახლება.

ახალ სასწავლო წელს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზეზით, 15 დღის დაგვიანებით დაიწყებს ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტის სოფლების 44 საბავშვო ბაღი.

„ვფიქრობთ, რომ სარემონტო სამუშაოები 1 ოქტომბრისთვის ყველგან დასრულებული იქნება, მაგრამ თუ იქნება ისეთი, სადაც მორჩენილი არ იქნება, იმიტომ რომ ყველგან რაღაც ნაწილობრივ მიმდინარეობს რემონტი, ვეცდებით მოვძებნოთ რამე ალტერნატიული ფართი, რომ არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი”, - განაცხადა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცანა თოლორაიამ.

რაც შეეხება არჩევნებს, ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რამდენ ბაღში გაიხსნება საარჩევნო უბანი, თუმცა იქვე დასძენს, რომ არჩევნები ხელს ვერ შეუშლის სააღმზრდელო პროცესს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG