Accessibility links

შს მინისტრი პრემიერის ნდობის გამართლებას ეცდება


ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ მოკლე ბრიფინგზე განაცხადა. ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო გასული წლის დეკემბრიდან. შს მინისტრის პოსტზე მან ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს მინისტრი ხელს აფარებდა 2006 წლის 2 მაისს „დინამოს“ ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ვახტანგ გომელაური მთავრობისა და ხალხის მოლოდინს გაამართლებს:

„ბატონი ვახტანგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, თავისი უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას აქვს კარგად გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც თან ახლავს ამ თანამდებობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. მაგრამ ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. მე მინდა ვუსურვო მას წარმატებები. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოლოდინები გაამართლოს, ხალხის მოლოდინები და იყოს წარმატებული მინისტრი“.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და აწ უკვე მინისტრად დასახელებულმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა პრემიერ- მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და თქვა, რომ ეცდება პრემიერის ნდობის გამართლებას:

გომელაური არის შერჩეული არა კვალიფიკაციის კრიტერიუმით, არამედ ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით. ჩვენ გვახსოვს, რომ ის დიდი ხანი იყო ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი და დღესაც ის, ბუნებრივია, დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს...

„ვეცდები გავამართლო თქვენი ნდობა, ხალხის იმედი. ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი 20-წლიანი სტაჟის ნახევარს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა და ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება, და თქვენი იმედები გავამართლო“.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა.2014 წლის დეკემბერში, სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ, გომელაური მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2013 წლამდე იგი ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. დიდწილად სწორედ ამ გარემოებით, ბიძინა ივანიშვილთან მისი ახლობლობით ხსნის საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას. ამის თაობაზე ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა:

„გომელაური არის შერჩეული არა კვალიფიკაციის კრიტერიუმით, არამედ ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით. ჩვენ გვახსოვს, რომ ის დიდი ხანი იყო ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი და დღესაც ის, ბუნებრივია, დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს - ის იქნება არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის, პაიკი, მარიონეტი და, ზოგადად, ამ ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ ქვეყანაში ამ სავალალო მდგომარეობაზე პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ მოქალაქეს - ივანიშვილს“.

განსხვავებული აზრი აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ყოფილ პრემიერთან მისი სიახლოვე ღირსების ნიშანიუფროა. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მინისტრს ახასიათებენ როგორც უაღრესად ღირსეულ ადამიანს და კარგ პროფესიონალს. დეპუტატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ის კვალიფიციური კადრია და მიესალმება მის დანიშვნას:

„ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა არის და მუდმივად ყველა ქვეყნისთვის იქნება, რომ კრიმინალი ქვეყანაში არ იყოს შემაწუხებელი ხალხისთვის. ჩვენს ქვეყანაში მიღწეულია ეს ამოცანა - კრიმინალი არის ძირითადად ციხეში და ქვეყნის მოსახლეობა მშვიდად ცხოვრობს და ეს სტანდარტი უნდა იქნეს შენარჩუნებული“ .

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის დახასიათებისას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დადებით ეპითეტებს არ იშურებს:

„წესიერი, პატიოსანი, აქტიური, მიზანდასახული ადამიანია. ეს არის ის თვისებები, რაც მე მასში შევიცანი, არ დაგიმალავთ“.

საკადრო პოლიტიკის გამო გვქონდა პრეტენზიები და კადრები, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ სპეცოპერაციაში, ისინი იყვნენ მაღალ თანამდებობებზე. ამის გამო ჰქონდა ბატონ იურის ძალიან ბევრი პრეტენზია ზოგადად ხელისუფლებასთან...

თავად ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს არ ულაპარაკია იმ პრიორიტეტებზე, რის განხორციელებასაც გეგმავს სამინისტროში, თუმცა დეპუტატ ელისო ჩაფიძის სიტვებით, კარგია, რომ მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამუშევარი კადრია და კარგად იცნობს სისტემას.

თუ ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდე ჭიკაიძის განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, - ჩემი გადადგომა განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებდი 2006 წლის 2 მაისს „დინამოს“ ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებსო, - ერთ-ერთ ამოცანად საქმის გამოძიების გააქტიურება უნდა ვივარაუდოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო პოლიტიკა იქნება ვახტანგ გომელაურის საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის, ირმა ჭკადუასთვის, ვინაიდან, მისი თქმით, გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილს გამოძიებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად სწორედ ეს საკითხი მიაჩნდა:

„საკადრო პოლიტიკის გამო გვქონდა პრეტენზიები და კადრები, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ სპეცოპერაციაში, ისინი იყვნენ მაღალ თანამდებობებზე. ამის გამო ჰქონდა ბატონ იურის ძალიან ბევრი პრეტენზია ზოგადად ხელისუფლებასთან და არა მარტო გამოძიებასთან და ვნახოთ. ვერც უარყოფითად შევაფასებ ახალი მინისტრის დანიშვნას და ვერც დადებითად. ვნახოთ, რას გააკეთებს“.

სამოქალაქო სექტორში თავს არიდებენ კომენტარს ახალი მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პირად საუბრებში კი ითქვა, რომ პოლიტიკური შეფასებისგან თავის არიდება გაჭირდება. რაც შეეხება თავად მინისტრის სამომავლო საქმიანობას, მას სამოქალაქო სექტორი დააკვირდება. საკითხი, მოჰყვება თუ არა საკადრო ცვლილებები მინისტრის დანიშვნას, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან შემდგომი შეხვედრების თემად დაასახელა.

XS
SM
MD
LG