Accessibility links

logo-print

თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პირველი საერთო სამუშაო სივრცე და სოციალური ბარი გაიხსნა. „გენერატორი 9,8“ - ასე ჰქვია ადგილს, რომელიც ოფისის ალტერნატივაცაა და ადგილიც, სადაც საჯარო ლექციები, პოეზიისა და მუსიკის საღამოები თუ სხვა საინტერესო შეხვედრები გაიმართება. არაფორმალური გარემო მუშაობისთვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების შეხვედრის ადგილი, იდეების გაზიარება, ახალი მეგობრები, ჩაი და ყავა - „გენერატორი 9,8“ ამისთვის გაკეთდა.

ხალხი - პირველ სართულზე, ბართან, ხალხი - მეორე სართულზე, სამუშაო გარემოში, ხალხი - გარეთ, ტროტუარზე გამოდგმულ პატარა მაგიდებთან.ძირითადად - ახალგაზრდები, ძირითადად - ფერადი ტანსაცმლით. „გენერატორი 9,8“ უკვე დაიქოქა.თუ თქვენ პროექტი გაქვთ დასაწერი ან სტატია დასამთავრებელი, რაიმე კონცეფციაზე ფიქრობთ, მოთხრობის წერას შეუდექით, მშვიდ გარემოში გინდათ ექსელის ცხრილები გაშალოთ და რა ვიცი, კიდევ ისეთი საქმე გაქვთ, რაც სამსახურში მისვლას არ მოითხოვს და არც მარტოს, სახლში გამოკეტილს, გინდათ მუშაობა, მაშინ „გენერატორი 9,8“ ზუსტად ასეთი ადგილია - სოციალური საწარმო, რომელმაც თბილისში ერთ-ერთი პირველი საერთო სამუშაო სივრცე შექმნა.

ეს არის სივრცე ახალგაზრდებისათვის. მათ შეუძლიათ ეს სივრცე გამოიყენონ სამუშაოდ და ერთმანეთისთვის იდეების გასაცვლელად, საღამოს კი აქაურობა სოციალურ ბარად გადაიქცევა...

აქამდე იქაურობას ძირითადად თავიანთ ქვეყნებში ასეთ სივრცეს შეჩვეული უცხოელები სტუმრობდნენ, 19 სექტემბრიდან კი „გენერატორი 9,8“ ოფიციალურად გაიხსნა და ღიაა ყველასთვის.

“ეს არის სივრცე ახალგაზრდებისათვის. მათ შეუძლიათ ეს სივრცე გამოიყენონ სამუშაოდ და ერთმანეთისთვის იდეების გასაცვლელად, საღამოს კი აქაურობა სოციალურ ბარად გადაიქცევა. ეს გულისხმობს ყოველ საღამოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებას - კინოჩვენება იქნება ეს, ლიტერატურული საღამო, საჯარო ლექცია და დისკუსია თუ სხვა“, ამბობს ნატო ქენქაძე, „გენერატორ 9,8“-ის მენეჯერი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი (ICPI).

საერთო სამუშაო სივრცე

საერთო სამუშაო სივრცე

ნატო ქენქაძე გვეუბნება, რომ სივრცე ორად გაყვეს: რამდენიმე კიბით ზემოთ საერთო სამუშაო გარემოა. მაგიდები, სხვადასხვა საოფისე მოწყობილობა, უფასო ინტერნეტი. აქ იმ ხალხს ელიან, ვისაც მუშაობის და ერთმანეთთან კონტაქტის სურვილი აქვს. თავისუფალი ხარ თუ დაკავებული, ესსკაიპის ნიშნებით განისაზღვრება: ვისაც ურთიერთობის დრო და იდეების გაზიარების სურვილი აქვს, ის თავის მაგიდაზე მწვანე ბარათს დაიდებს, ვინც, პირიქით, გაცხარებული მუშაობს, წითელი ბარათით ატყობინებს დანარჩენებს, რომ სხვებისთვის არ სცალია. ზედა სივრცეში ბარის მომხმარებლებსასვლა ეკრძალებათ.როგორც ნატო ქენქაძე მოგვითხრობს, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია საკუთარი პირადი კომპიუტერი ე. წ. გარდერობში შეინახოს, მეორე დღეს მოვიდეს და მუშაობა განაგრძოს. ოფისის მომსახურება, ყავა და ჩაი მთელი დღის განმავლობაში 9,8 ლარი ღირს. რატომ „გენერატორი 9,8“? - ვკითხეთ ნატოს:

ნატო ქენქაძე

ნატო ქენქაძე

„გენერატორი იმიტომ, რომ იდეების და ურთიერთობების გენერირება იქნება შესაძლებელი, 9,8 კი ეს თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა, გრავიტაციის კანონიდან გამომდინარე, და გვინდა აქაურობა იყოს სივრცე, რომელიც ბუნებრივად იზიდავს აბსოლუტურად ყველანაირ ადამიანს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ეს ადამიანები აქ ხვდებიან ერთმანეთს, მათი ურთიერთობით კი რაღაც შემოქმედებითი იბადება - ესაა აქაურობის იდეაც, რაღაც რესურსის შექმნა ერთობლივად“.

„გენერატორ 9,8“-ში წიგნის თაროსაც იპოვით, ოღონდ იქ წიგნებს ფულით ვერ იყიდით.მათ სხვა ფასი ადევს. ახლავე გეტყვით, რა ხდება: ორგანიზატორებმა სოციალური საწარმოს გახსნას განგებ დაამთხვიეს „გაზიარების ფესტივალიც“, რომელიც ორ სოციალურ კამპანიას აერთიანებს და რომელიც დროდადრო განმეორდება. ერთია „1010 გზა იყიდო ფულის გარეშე“ და მეორე - ე. წ. „დისკო სუპი“.

ანა ფილაური

ანა ფილაური

პირველი სხვადასხვა თემატიკის წიგნების შეგროვებას გულისხმობს, რომლებსაცმფლობელი ინდივიდუალურ ფასს ადებს, - გვიხსნის „გენერატორ 9,8“-ის ჯგუფის წევრი, პროექტების მენეჯერი ანა ფილაური:

„მოაქვთ ადამიანებს წიგნები და მონეტარული ფასის ნაცვლად მათ ყიდიან იმ სურვილებზე, რაც სურთ, რომ ახალმა მფლობელმა შეასრულოს. ვიღაცას სურს, მაგალითად, მოხალისეობის წახალისება და წერს: „იყავი მოხალისე ჩვენს სივრცეში ორი კვირის განმავლობაში“ ან „მოაწყვე ერთი მუსიკალური საღამო გენერატორში“ და ა.შ. რაც მთავარია, ესსურვილები პოზიტიური უნდა იყოს, ორმხრივად საინტერესო“.

წიგნი შენი ხდება, მაგრამ რა საფასურიც გერგო, ის უნდა გადაიხადო, ხოლო იმის დასტურად, რომ მართლა შეასრულე პირობა, დამადასტურებელი კადრები ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტით უნდა გაუგზავნო.

ანი კოხტაშვილი

ანი კოხტაშვილი

რაც შეეხება „გაზიარების ფესტივალის“ მეორე კომპონენტს, ეს „დისკო სუპია“, რომლის მთავარი იდეასაკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანებაა. გენერატორის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ანი კოხტაშვილი, გვეუბნება, რომ ყოველდღიურად ადამიანები დიდი რაოდენობით საკვებს ყრიან:

„იდეა ის არის, რომ საკვები არ განადგურდეს. ხშირად ადამიანები მოიხმარენ საკვებს, მაგრამ ძალიან ბევრ ნარჩენს ყრიან. ჩვენ ვთავაზობთ მათ, მოვიტანოთ ეს საკვები, სხვებსაც გავუზიაროთ და ჩვენც მივირთვათ. დღესაც ასე გავაკეთეთ, მოვამზადეთ სახელდახელო კერძი და აქ მოსულ ადამიანებს გავუმასპინძლდით“.

ფესტივალის დღეს სიმბოლურად შეგროვილი ბოსტნეულისგან მომზადებულ კერძს ვეღარ მივუსწარით, მაგრამ წიგნების არჩევის ცდუნებას მე და ჩვენმა ფოტოგრაფმა, მზიამ, ვეღარ გავუძელით. ჯერ წიგნები ავარჩიეთ და მერე ცალი თვალით ჩავხედეთ საფასურს: მე ოჯახის წევრის სპექტაკლზე დაპატიჟება მერგო, მზიას კი - ათი ურბანული ფრაზის დასწავლა და მეგობრებისთვის მათი გაზიარება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG