Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი ტყვიავის საკვირაო სკოლაში


საახალწლო ზეიმი ტყვიავის საკვირაო სკოლაში
საახალწლო ზეიმი ტყვიავის საკვირაო სკოლაში

ცდილობენ ხმამაღლა იმღერონ, საკუთარი ხმა მოგვაწვდინონ. ეს გამოსდით. ადრე საუბარიც კი უჭირდათ, დღეს კი ამღერდნენ. გულწრფელები არიან, შეუძლიათ შუა ღონისძიების დროს გაჩერდნენ და საკუთარი ემოციების შესახებ გიამბონ. წითელქუდას კალათიდან ნივთები დაებნა. ცოტა დაიბნა. - დამებნა და ახლა რა ვქნაო? -გააგრძელე, გააგრძელე, ყოჩაღი გოგო ხარო, - იყო შეძახილი დარბაზიდან. თოვლის პაპის შემოსვლას კი დიდი მხიარულება მოჰყვა. - შენ არა ხარ ნამდვილი თოვლის პაპა და ნუ გაახურეო საქმე, - მიაძახა გიორგიმ ადგილობრივ თოვლის პაპას. მისი წარმოდგენით, თოვლის პაპა აუცილებლად კახელი უნდა იყოს.

ახალი წელი ტყვიავის საკვირაო სკოლაში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:20 0:00
გადმოწერა

გიორგი კვირაში ორჯერ ტყვიავის საკვირაო სკოლაში მიჰყავთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ეს ოფისი 7 თვის წინ გაიხსნა. მაშინ პატარებს საუბარიც კი უჭირდათ, მშობლებს კი მათი სახლებიდან გამოყვანაც არ უნდოდათ. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. გიორგის კვირაში ორი დღე აღარ ჰყოფნის, უნდა, რომ ყოველდღე აქ იაროს. გიორგის დედა, ციური ჯალაბაძე, ამბობს, რომ ამ 7 თვეში ბავშვი ძალიან შეიცვალა. განვითარდა და გაცელქდა.

პედაგოგი ელენე უთნელიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ყოველდღე ხვდებოდა. ეს ბავშვები მშობლებს გორის კეთილდღეობის ცენტრში ვერ დაჰყავდათ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ფლაველი ბავშვებისთვის მცირე სოციალური საწარმოს პროექტი შეემუშავებინა. სოფელი ფლავი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. პროექტზე მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ბავშვებსა და მათ მშობლებს არ აწუხებდათ და გარშემო უამრავი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას. ბოლოს გადაწყდა, რომ ეს ყველაფერი თემის ცენტრალურ სოფელში, ტყვიავში, გაკეთებულიყო. თავიდან რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ახლა მსურველების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა საკვირაო სკოლის დაფინანსებას 2017 წელსაც გააგრძელებს და ამ ბავშვებს მაქსიმალურად დაეხმარება.

„სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტყვიავის საკვირაო სკოლა გაიხსნა. ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით პროექტს ახორციელებენ გერმანული ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. პროექტის კოორდინატორი გიორგი არსენიძე ამბობს, რომ ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობა დაიწყეს სოფლის მცხოვრებლებმა.

ღონისძიების ბოლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები უსახსოვრეს და გაზაფხულზე ახალ წარმოდგენაზეც დაპატიჟეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG