Accessibility links

logo-print
,,ადვენტის 4 სანთელი ყოველთვის გვაქვს სუფრაზე, ეს გერმანიიდან ჩამოტანილია და როდესაც ჩვენ იესოს მოსვლას ველოდებით, 4 კვირა გადის და 4 სანთელს ვანთებთ როგორც ეკლესიაში, ასევე სუფრასთან. ეს 4 სანთელიც ამის მაჩვენებელია და ასე განათებული და გაბრწყინებული ვხვდებით საშობაო დღესასწაულს“.

,,შეიძლება აქ გაჩნდეს კითხვა, რომ ეს დისკომფორტს ხომ არ მიქმნის, რადგან სანთელი გერმანიიდან არის ჩამოტანილი. ჩემ შვილს ყოველთვის ვიხსენებ. ეს 4 სანთელიც რომ არის, მე არ ვიცი, ეს რომელ კვირებს თვლის, მაგრამ მე 4 შვილი მყავს და მათზე ვლოცულობ, არც არანაირი დისკომფორტი არ გამოდის“, – განმარტავს ოჯახის უფროსი ტარიელ მანველიშვილი.
გოზინაყი ნიშნავს, რომ იესო სიტკბოთი და სიკეთით მოდის. ამიტომ აუცილებელია გოზინაყისა და ქადის მომზადება...


მანველიშვილების ექვსსულიან ოჯახში ახალ წელს ჩვეულებრივად ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები მართლმადიდებლები, ხოლო ოჯახის ქალბატონები, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით, კათოლიკეები არიან. ოჯახის დიასახლისი ირწმუნება, რომ სხვაობის გამო დისკომფორტი არავის ექმნება. ლამარა ხითარიშვილი იხსენებს, როგორ შეხვდნენ კათოლიკე ქართველები 25 დეკემბერს იესო ქრისტეს და რატომ არის აუცილებელი საახალწლოდ გოზინაყის მომზადება:

,,გოზინაყი ნიშნავს, რომ იესო სიტკბოთი და სიკეთით მოდის. ამიტომ აუცილებელია გოზინაყისა და ქადის მომზადება“.

მანველიშვილები 4 შვილს ზრდიან – გოგონები კათოლიკეები, ხოლო ბიჭი, მამის მსგავსად, მართლმადიდებელია. მაშინ როცა, კათოლიკური სარწმუნოების მიხედვით, საშობაოდ 4 სანთელი ინთება, საახალწლოდ მართლმადიდებლები ჯერ კიდევ მარხულობენ. ოჯახის უფროსი ნუგზარ მანველიშვილი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა ქრისტიანებს შორის განსხვავებული წესები აღარ იარსებებს:

,,მგონია, რომ ადამიანები თანდათან ამ ყველაფერს მიივიწყებენ და ყველაფერი გადმოვა ფუძისეულ მართლმადიდებლობაზე და ერთად აღვნიშნავთ შობასაც და აღდგომასაც“.
ახალ წელს პირველად უნდა შემოსულიყო წყალი. თუ არ მოდიოდა, ვიმარაგებდით, რომ წყალობა არ მოგვკლებოდა. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ღმერთმა ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებში...


სამცხე-ჯავახეთში შერეული ოჯახები მრავლად არიან. რელიგიურის გარდა, აქ ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ წყვილებსაც ხშირად შეხვდებით. ტატალაშვილების ქართულ-სომხურ შერეულ ოჯახში საახალწლო მზადება 25 დეკემბრიდან იწყება. პირველი ნაბიჯი ახალი წლისთვის საჭირო პროდუქტების შეძენაა. სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ორივე ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები. ფრიდონ ტატალაშვილის ოჯახში კიდევ ერთი ტრადიციაა: მეკვლე აქ ყოველთვის თავად ოჯახის უფროსია.

,,12 საათის შემდეგ თვითონ შემოდის და ხელში უკავია წყალი და ამბობს: ,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ჩემი ფეხი კვალი ანგელოზის არი“. ამას ჩემი მამამთილი აკეთებდა და ახლა ფრიდონი აკეთებს. მალე, ალბათ, ჩემი შვილიშვილი გააკეთებს. ეს ოჯახის ტრადიციაა“.

ანაიდა ანესიანი ამბობს, რომ ქმრის ოჯახსა და ტრადიციებთან შეგუება არ გასჭირვებია. ფიქრობს, რომ ამის მიზეზი საერთო წეს-ჩვეულებებია. საახალწლოდ სუფრა ქართულ-სომხური ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძებით იშლება. ფრიდონ ტატალაშვილი განმარტავს, რატომ არის აუცილებელი ახალ წელს ოჯახში წყლის შეტანა:

,,ახალ წელს პირველად უნდა შემოსულიყო წყალი. თუ არ მოდიოდა, ვიმარაგებდით, რომ წყალობა არ მოგვკლებოდა. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ღმერთმა ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებში“.

სამცხე-ჯავახეთში ყველასათვის საერთო საახალწლო სურვილებია. თითოეული მათგანი უფალს ქვეყანასა და ოჯახებში მშვიდობას, სიყვარულსა და ჯანმრთელობას სთხოვს.
XS
SM
MD
LG