Accessibility links

logo-print

ზარდიაანთკარში მცხოვრებმა ლუდამ ახალი წლის დადგომამდე ქართველ და ოს მეზობლებს ჩამოუარა, ტკბილეული დაურიგა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, თვითონ კი ვლადიკავკაზში შვილებთან და შვილიშვილებთან წავიდა და იქ ხვდება 2015 წელს. მისი თქმით, ომის მიუხედავად, სოფელში კეთილმეზობლობას ინარჩუნებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი შერეული ქართულ-ოსური სოფელია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. მაშინ სოფელში მეზობელი ოსური სოფლიდან მაროდიორები შევიდნენ და სახლები გაძარცვეს. ზარდიაანთკარიდან 60 ქართული ოჯახი გორში გაიხიზნა და საბავშვო ბაღებში მძიმე პირობებში ცხოვრობდა. იმ დროს სოფელში ოსური მოსახლეობა დარჩა და მეზობლების დაბრუნებას ელოდა. ზარდიაანთკარში ქართველების დაბრუნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სოფლის ცენტრში პოლიციური საგუშაგო გაიხსნა. ქართველების დიდი ნაწილი დაბრუნდა და საკუთარი სახლების აღდგენა დაიწყო, ნაწილი კი ისევ საბავშვო ბაღებში დარჩა, რადგან სოფლის სახლი იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ჭაბურღილი გაკეთდა, სოფელში გაზიც შეიყვანეს, ახალგაზრდები ომის შემდეგ იქ მაინც არ ბრუნდებიან. ზარდიაანთკარში არც გზაა ნორმალური, არც სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია არსებობს და აქაურები მეზობელ სოფელ მერეთში დადიან ხოლმე. ზარდიაანთკარელი ელენე გაბლიშვილი იხსენებს, რომ წინათ ოსები და ქართველები ახალ წელს ერთმანეთის ოჯახებში ხვდებოდნენ, მეზობელ ოსურ სოფელ ხელჩუაშიც გადადიოდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ. ხელჩუას შესასვლელთან ახლა რუსული საგუშაგო დგას, ამიტომ მეზობლები შორიდან თუ მიულოცავენ ერთმანეთს.

სოფლის მკვიდრის თემურ გაბლიშვილის აზრით, მავთულხლართებთან რუსეთის მესაზღვრეები რომ არ იდგნენ, ქართველები და ოსები სწრაფად აღადგენდნენ ურთიერთობებს, რადგან ზარდიაანთკარისა და ოსური სოფლის, ხელჩუას, ახალგაზრდები ერთად დაიზარდნენ, არსებობს ნათესაური კავშირები, მაგრამ მავთულხლართები მეზობლებსა და ნათესავებს ერთმანეთისგან აშორებს. თემურ გაბლიშვილის თქმით, ახალი წელი ისეთი ხალისიანი ვეღარ არის, როგორიც ადრე იყო.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში ომის შემდეგ ყველაზე მეტად მშვიდობის ფასი გაიგეს, ამიტომ პირველ საახალწლო სადღეგრძელოდ მშვიდობისას დალევენ. ერგნეთის მცხოვრები ზურაბ კასრაძე საოკუპაციო ხაზიდან მთელ საქართველოს ადღეგრძელებს.

ზარდიაანთკარელები და ერგნეთელები ამბობენ, რომ მთავარი მშვიდობაა და ნელ-ნელა დანგრეული სოფლებიც აშენდება.

XS
SM
MD
LG