Accessibility links

logo-print

ახალკახათის მოსახლეობა თავის დეპუტატს მიკერძოებაში ადანაშაულებს


ახალკახათის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის შიდაგზების მოხრეშვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები სრულფასოვნად არ შეასრულა.

სოფლის ორი უბნის - სალოგუოსა და სათორიოს - მცხოვრებთა თქმით, გამგეობას, გეგმის მიხედვით, 12 მანქანა ხრეში უნდა დაეყარა, რეალურად კი 3-ზე მეტი არ მოუტანიათ.

გზის მოხრეშვასთან ერთად მოქალაქეები ხიდ-ბოგირებზე წყლის გამტარი მილების ჩადებას ითხოვენ, რადგან უბანი კოკისპირული წვიმის დროს მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის გამო იტბორება:

„წინ დავუდექით მანქანას და ძალით დავაყრევინეთ. თავიდან ბოლომდე ეზოში სულ წყალია, თხილნარი დატბორილია. ამიტომ პირველი პრობლემა არის მილის ჩადება“, - ამბობს მადონა რაფავა.

ამავე უბანში მცხოვრები ნონა სოსელია გვეუბნება, რომ ძლიერი წვიმის დროს ბავშვები გადაადგილებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ:

„სხვა უბანში თუ დაყარეს, აქაც დაეყარათ. ბავშვებმა ჩექმებით იარონ ზაფხულში?“

„გასასვლელი არ არის. ამ უბანში მარტო 8 ოჯახი ცხოვრობს. უგზოობის გამო ვერ სახლდებიან“, - ამბობს ახალკახათის მკვიდრი გურამ ღურწკაია.
მისი განმარტებით, სოფელში არსებული რიგი პრობლემების გამო ოთხმა ოჯახმა უკვე დატოვა საცხოვრებელი. სოფლიდან წასვლას ის თავადაც გეგმავს.

ეს არის აბსოლუტური სიცრუე. სოფლის პროგრამით გამოყოფილი იყო 65 მანქანა და მიზნობრივად დაიყარა. თუმცა ის, რაც მოხდა სალოგუოს უბანში, არის შეცდომა. ჩვენ ვიდექით და გამგებელთან ერთად ვანაწილებდით ამ მანქანებს...
ახალკახათის მოსახლეობა რადო თავისუფლებასთან პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი ქუჩისთვის გათვალისწინებული ხრეში მეზობელ უბანში „საკრებულოში სოფლის დეპუტატის ლაშა ქობალიას ახლობლობის გამოყენებით დაიყარა“, რადგან სამუშაოებს სწორედ ის ხელმძღვანელობდა.
სოფელში მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარებას რომელიმე მცხოვრებთან ნათესაური კავშირის მიზეზით უარყოფს ახალკახათის მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოში ლაშა ქობალია:

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე. სოფლის პროგრამით გამოყოფილი იყო 65 მანქანა და მიზნობრივად დაიყარა. თუმცა ის, რაც მოხდა სალოგუოს უბანში, არის შეცდომა. ჩვენ ვიდექით და გამგებელთან ერთად ვანაწილებდით ამ მანქანებს. ჩვენ გვეგონა, რომ ეს მანქანა წავიდა სალოგუოს უბანში და იქ იყრება ხრეში, სინამდვილეში ეს მანქანა წავიდა სხვა მიმართულებით. არანაირი ნაცნობობა, არანაირი ახლობლობა აბსოლუტურად არ ყოფილა. აწი ორასი მანქანა რომ დავყაროთ, ხალხი მაინც არ იქნება მადლიერი“.
ლაშა ქობალია ამბობს, რომ მან თხოვნით მიმართა ადგილობრივ გამგეობას, რომ ათი მანქანა ხრეშის სოფელში წაღებაზე ისევ გამოცხადდეს ტენდერი და მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა გამორიცხავს სამუშაოების შესრულებისას კონკრეტული უბნებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას. მისი განცხადებით, მოხრეშვის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და გამოდარების შემდეგ კვლავ განახლდება.

„შეიძლება ახლა ვიღაცამ შემთხვევით, ამას მექანიკურ შეცდომასაც ვერ დავარქმევ, რომელიმე სახლის წინ მეტი ხრეში დაყარა. ჩვენ გამგეობაში გვაქვს კაპიტალური მშენებლობის ინსპექტირების განყოფილება, ჩვენ ამ სამუშაოებს ვამოწმებთ და მხოლოდ ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ხდება შემსრულებლებზე თანხის გაცემა“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
მისივე თქმით, სოფლებში პროგრამები მოსახლეობის მიერ ჩამოთვლილი საჭიროებების მიხედვით ხორციელდება და ეტაპობრივად მოხდება პრობლემების მოგვარება ახალკახათშიც.
XS
SM
MD
LG