Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ამბობს, შსს უარყოფს


შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სახალხო დამცველის მიერ გახმაურებულ ინფორმაციას, რომ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში არ შეუშვეს დაკავებულის მოსანახულებლად მისული სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ომბუდსმენის გარდა, ამ ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევენ უფლებადამცველები და ისინი დაუსჯელობის წახალისების საფრთხეზე ლაპარაკობენ.

სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში 2014 წლის 11 ივლისს 22.00 საათზე მივიდა. იმ დროისთვის იქ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოქალაქე მ.ი.-ს მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობდა. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მის რწმუნებულს ახალქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე თემურ სხირტლაძემ განუცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მ.ი. იმ დროისთვის უკვე ახალციხის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი, თუმცა ინფორმაცია არ დაადასტურა ახალციხის პოლიციის განყოფილებამ, რის შემდეგაც, სახალხო დამცველის თქმით, მისმა რწმუნებულმა კიდევ სცადა დაკავებულთან შეხვედრა:

”სახალხო დამცველის რწმუნებული დაბრუნდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვა, შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, დაეშვათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. პოლიციის მორიგე თანამშრომელმა არტუშ ჰარუთინიანმა განაცხადა უარი და სახალხო დამცველის რწმუნებულს მოსთხოვა დაეტოვებინა ტერიტორია, რადგანაც მას არ მისცემდნენ საშუალებას მოენახულებინა დროებითი მოთავსების იზოლატორი. ეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელსაც ითვალისწინებს წამების საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატიური ოქმი”.

სახალხო დამცველის რწმუნებულმა წარადგინა შესაბამისი მოწმობა, რის შემდეგ ის შევიდა პოლიციის შენობაში, მას გაესაუბრა სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა სამმართველოში...
შსს

ვიდრე ბრიფინგს გამართავდა, სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 12 ივლისით დათარიღებულ განცხადებაში მოუწოდებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაწყებულიყო დისციპლინური სამართალწარმოება ახალქალაქის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლის უფლება არ მისცეს. სახალხო დამცველის ოფისი მიუთითებს, რომ ”საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 ივლისამდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. 15 ივლისს კი, რადიო თავისუფლების მცდელობისას გაერკვია დეტალები, უწყებამ უარყო ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენთვის გამოგზავნილ წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ:

”სახალხო დამცველის რწმუნებულმა წარადგინა შესაბამისი მოწმობა, რის შემდეგ ის შევიდა პოლიციის შენობაში, მას გაესაუბრა სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა სამმართველოში, რის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა დატოვა პოლიციის შენობა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს მუშაობაში დაბრკოლება შეუქმნეს და მოქალაქესთან ვიზიტის განხორციელებაში ხელი შეუშალეს, სიმართლეს არ შეესაბამება. შსს აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან და 2013-2014 წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში 140-მდე ვიზიტი განახორციელეს”.

ექსპერტებს არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, შეგვემოწმებინა ჟურნალები მიმღებში და ლამის კინწისკვრით გამოგვყარეს საგარეჯოს პოლიციიდან...
თეა თუთბერიძე

შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაში აღწერილი და დადასტურებულია ომბუდსმენის განცხადების ერთი ეპიზოდი, თუმცა არაფერია ნათქვამი მეორე ეპიზოდზე, ანუ იმის შესახებ, რომ ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში ომბუდსმენის წარმომადგენელი მეორედაც მივიდა და სწორედ ამ დროს არ მისცეს მას შენობაში შესვლის უფლება.

სახალხო დამცველის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ეს დაპირისპირების პირველი ფაქტი არ არის. ბოლო ფაქტზე საუბრისას უფლებადამცველი თეა თუთბერიძე 2013 წლის ოქტომბერში საგარეჯოში მომხდარ ფაქტს იხსენებს და შიშობს, რომ დაუსჯელობა დანაშაულს წაახალისებს:

”პოლიციის უფროსის მოადგილემ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებს არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, შეგვემოწმებინა ჟურნალები მიმღებში და ლამის კინწისკვრით გამოგვყარეს საგარეჯოს პოლიციიდან. იმის ნაცვლად, რომ ამაზე პასუხი ეგო პოლიციის უფროსის მოადგილეს, - გვარად რევაზიშვილია, - ეს ადამიანი დააწინაურეს. ვითომ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, მაგრამ საქმე შეწყდა. ეს ადამიანი გახდა პოლიციის უფროსი”.

დაუსჯელობა დანაშაულის წახალისების საფრთხეს რომ ქმნის, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილიც აღნიშნავს და ასევე იხსენებს საგარეჯოს ინციდენტს. მისი თქმით, თუკი დანაშაულს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა დავუბრუნდეთ რეალობას, როდესაც პოლიციელები განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდნენ და მათთვის უცხო არ იყო სისტემატიური დანაშაულებრივი საქმიანობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG