Accessibility links

logo-print

შეუსრულებელი დაპირებები თუ დაწყებული პროგრამები ქვეყანაში შექმნილი ვითარების გასაუმჯობესებლად. ახალციხეში „ოცნების“ ხელისუფლების 2014 წლის მუშაობას ოპოზიციის წარმომადგენლები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ, ხელისუფლების წევრები კი ირწმუნებიან, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირება ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად შესრულდება. ვიდრე პოლიტიკოსები მიმდინარე წლის მუშაობას აფასებენ, მოსახლეობა აქცენტს სოციალურ მდგომარეობაზე აკეთებს.

„ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატების“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ადგილობრივი ხელისუფლების 2014 წლის მუშაობას არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში, რომელიც 5 მილიონ 800 ათას ლარზე მეტით განისაზღვრა, პრიორიტეტები არასწორად არის შერჩეული.

„ოცნების“ ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე აკეთებს აქცენტს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის ხელმძღვანელიც. გელა დემეტრაძის აზრით, ადგილობრივ დონეზე 2014 წელს პარტიის მთავარი მონაპოვარი ქალაქისა და თემის საკრებულოებში სამი ფრაქციის შესაქმენლად აღებული მანდატებია. რაც შეეხება მმართველი გუნდის მუშაობას, ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი პარტია საზოგადოებას უკეთეს პირობებს შესთავაზებდა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ქალაქის მერი ამბობს, რომ ახალციხელებს ყველა იმ მიცემულ პირობას შეუსრულებს, რომელზეც მათ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ესაუბრებოდა. განათება, წყალსაკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სოციალური ბიუჯეტის გაზრდა - ეს არის იმ დაპირებების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შესრულებასაც ქალაქის მერი მომავალ წელს აპირებს. გია კოპაძე ქალაქის დასუფთავების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება წინასაახალწლო სამზადისს, ქალაქის მერის განმარტებით, ტენდერი გამოცხადებულია და, 40 ათასამდე ლარის ფარგლებში, ქალაქის მორთვა, კონცერტის ორგანიზება და ახალციხელებისთვის საჩუქრების დარიგება ტენდერში გამარჯვებულ ფირმას მოუწევს. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ახალ წელს ახალციხელებს ჯგუფი ,,ფრანი“ მიულოცავს.

XS
SM
MD
LG