Accessibility links

ახალციხეში, სადაც ამჟამად ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, საგამოცდო ცენტრი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსშია განთავსებული. გამოცდაზე გასულ აბიტურიენტთა შორის არიან არაქართულენოვანი ახალგაზრდები, რომლებიც, ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, ყველა საგანს მშობლიურ ენაზე აბარებენ.

რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ამ დრომდე 14 არ გამოცხადებულა, დანარჩენები საგამოცდო ბარათებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენის შემდეგ საკუთარი ცოდნის დასაფიქსირებლად შედიან. გამოცდები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტებს 3 ტიპის დავალება უნდა შეესრულებინათ - ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 80-ია.

ახალციხის საგამოცდო ცენტრი 23 სექტორად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანზე თითო კამერაა განთავსებული. სესიას 46 დამკვირვებელი აკონტროლებს, რომელთა შემადგენლობაში ადგილობრივები და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან. ყველა საგამოცდო ცენტრში სამედიცინო, საპატრულო და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე ამბობს, რომ 3 ივლისიდან გამოცდაზე არაქართულენოვანი აბიტურიენტებიც გავიდნენ.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ 1024 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. მათგან უცხოენოვანი აბიტურიენტები ყველა გამოცდას საკუთარ ენაზე ჩააბარებენ. დღეს გამოცდის პირველ და მეორე სესიაზე 516 კურსდამთავრებულიდან 10 არ გამოცხადდა. ქართული ენისა და ლიტერატურის შემდეგ, 3 ივლისიდან, აბიტურიენტებს გამოცდა უცხო ენაში ექნებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, წელს ყველაზე დიდი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე იქნება, ამიტომ დაფინანსების 80% ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადანაწილდება. ტესტირება 18 ივლისს დასრულდება, შედეგები კი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG