Accessibility links

logo-print
საკაბელო კომპანიებმა მოცემულ ტერიტორიაზე ლიცენზირებული ყველა არხი საკუთარ ქსელში უნდა ჩართონ. Must Carry-ს პრინციპი დაეხმარება მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღებაში, თუმცა მხოლოდ წინასაარჩევნოდ საკაბელო მაუწყებლებისთვის დავალდებულება შეიძლება არ იყოს საკმარისი, – ფიქრობენ ახალციხეში. გამოკითხული მოსახლეობა ერთხმად აცხადებს, რომ მიესალმება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლო საფრთხეებზეც საუბრობს:

,,აღნიშნული პრინციპი დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში.“

,,ჩვენს ქალაქში საკაბელო ტელევიზიები მხოლოდ 20%–ს ფარავენ, ასე რომ, ბევრს ვერაფერს შეცვლის.“

,,საკაბელოები სოფლებში ვერ მაუწყებლობენ, მხოლოდ ქალაქში და ისიც ძალიან მცირე მასშტაბით. მთავარი მაინც ადგილობრივი ტელევიზიებია.“

Must Carry-ს მიხედვით, ვალდებულება საკაბელოებს არჩევნების დღის დასახელებიდან, სააგიტაციო პერიოდის განმავლობაში, მის ჩატარებამდე ეკისრებათ. არჩევნების შემდეგ საკაბელოებიდან ადგილობრივი სიხშირული არხების გამორთვას, შესაძლოა, მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვეს. გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭის“ ქართული მხარის რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის აზრით, მთავარი მაინც ის ფაქტია, რომ მიღებული კანონი მოსახლეობას გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება:
,,ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება და საშუალება მოუსმინოს, უყუროს ან წაიკითხოს ის მედიასაშუალება, რომელიც თავად სურს. ეს პრინციპი ჩემთვის მისაღებია და არ მგონია, რომ მხოლოდ ის 60 დღე, რომელიც განისაზღვრა, საკმარისია. ვფიქრობ, რომ ყოველთვის ასე უნდა იყოს.“
ამ ფორმით „მასტ ქერის“ მიღება - მხოლოდ 60 დღით - ქმნის საშიშროებას, რომ ლოკალურ მაუწყებლებს ადგილობრივ დონეზე არასდროს მოუგვარდებათ ეს პრობლემა ...

ახალციხეში ორი საკაბელო და ერთი სიხშირული მაუწყებელი ფუნქციონირებს. ადგილობრივი ტელეკომპანია “მე–9 არხის” ტრანსლირებას ორი მათგანი ახდენს. ტელეკომპანიის ტექნიკური დირექტორი ლაშა ბუტულაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია:


,,მასტ ქერის“ პრინციპის მიღება მისასალმებელია, რადგან ვინც საკაბელო ტელევიზიაშია ჩართული, ის ადგილობრივ ტელევიზიებს ვერ უყურებს, როგორც ჩვენ, მაგალითად.“

კობა გიორგაძე საკაბელო ტელევიზიას რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ Must Carry–ს პრინციპი მისთვის არ არის ცნობილი. ვითარებაში გარკვევის შემდეგ იგი მიღებულ კანონს დაემორჩილება.

,,მოვიცავთ ახალციხის დაახლოებით 10-15 %–ს. კერძო სახლებზე არ გვაქვს გაკეთებული, ძირითადი კორპუსებზეა. კანონს გაცნობილი არ ვარ და ჯერ ვერაფერს გეტყვით.“

Must Carry-ს საკითხის განხილვას ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია ითხოვდა. გასული წლის დასაწყისში კანონპროექტი GARB–ის მიერ პარლამენტშიც იქნა შეტანილი, თუმცა მისი განხილვა მანამდე არ მოხდა, ვიდრე მედიაბაზარზე რეგიონალურ მაუწყებელზე უფრო მსხვილი მოთამაშეები არ გამოჩდნენ. საკითხიც მხოლოდ მას შემდეგ გახდა აქტუალური, – აცხადებს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი.

,,ამ ფორმით „მასტ ქერის“ მიღება - მხოლოდ 60 დღით - ქმნის საშიშროებას, რომ ლოკალურ მაუწყებლებს ადგილობრივ დონეზე არასდროს მოუგვარდებათ ეს პრობლემა. ეს არის არსებითი პრობლემა არა მხოლოდ სიხშირული მაუწყებლებისთვის, არამედ მათი აუდიტორიისთვის და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კონტექსტში, იმიტომ რომ ვერც ერთ ქვეყანაში ,,მასტ ქერის“ მსგავსი რეგულაციების გარეშე ვერ მოხდა გაციფრვა ისე, რომ მოგვარებულიყო ლოკალური მაუწყებლების პრობლემები.“

საქართველოს პარლამენტმა Must Carry რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა 103 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. ,,არჩევნების შემდეგ საკაბელოების მიერ მაუწყებლის ჩართვა ურთიერთშეთანხმების საგანია და სახელმწიფო ამას მხოლოდ მიესალმება“, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ Must Carry-ს მესამე მოსმენის დაწყებამდე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არჩევნების დღეს სახელმწიფოს მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევა სრულდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG