Accessibility links

logo-print

მოსახლეობა დახმარების მოლოდინში


სეტყვა. ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ფოტო

სეტყვა. ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ფოტო

სეტყვისაგან დაზარალებული ოჯახების სიის დაზუსტება, მათთვის სახლების პოლიეთილენის ნაჭრებით გადახურვა, მზესუმზირის ზეთისა და ფქვილის დარიგება სამცხე-ჯავახეთში უკვე დასრულდა. ბოლო მონაცემებით, მარტო ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიისაგან დაახლოებით 2400 ოჯახი დაზარალდა. ამ დრომდე მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გადახურვაც. მოსახლეობა მომავალს შიშით შეჰყურებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა უკვე გადმოირიცხა. მუნიციპალიტეტში, ქალაქის გარდა, 19 სოფელი დაისეტყვა. მარტო ახალციხეში სტიქიამ 1800 სახლი დააზიანა. მოსახლეობას გამგეობა სამშენებლო მასალითაც ეხმარება. საცხოვრებელ სახლს შრომისუუნარო მოქალაქეებს, გამგეობის მიერ დაქირავებული მშენებლები შეუკეთებენ – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

„ჩვენ ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, რომელიც სეტყვის დროს დაზიანდა. მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას სტიქიამ მიაყენა.“

19 ივლისს სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ქრისტიან-დემოკრატებმაც მოინახულეს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთს ერთნაირი ყურადღება სჭირდება. მოძრაობის წევრის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მათთვის მთავარი მარტო სახლების გადახურვა არ არის.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზიანდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიც. ასპინძაში ყველაზე მეტად დაბის ნაწილი და 6 სოფელი დაზარალდა. იდუმალაში, რუსთავსა და ოთაში ნათესებთან და ხეხილთან ერთად ზიანი სახლებსა და ავტომობილებსაც მიადგა. მარტო სოფელ იდუმალაში 74 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას კრამიტითა და სქელი პოლიეთილენის ნაჭრებით ამარაგებს. დაბა ასპინძის ნაწილსა და 6 სოფელში სტიქიამ 200-ზე მეტი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გაანადგურა. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბექაურის განმარტებით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება. იგი მოსახლეობას ზარალის კომპენსაციას ჰპირდება.

უხუცესები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთში ასეთი მასშტაბური ზარალი არასოდეს დაფიქსირებულა.
XS
SM
MD
LG