Accessibility links

logo-print
მორიგი საკადრო ცვლილება ახალციხეში: სავარაუდოდ, ხვალ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება. ამასთან დაკავშირებით საკრებულოში განცხადებები უკვე შესულია. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირის დასახელებაზე საკუთარი მოსაზრება აქვთ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივ მხარდამჭერებს. ვინ წარადგინა კანდიდატურა გამგებლის პოსტზე და როდის უნდა ველოდეთ ცვლილებებს?

ბესიკ ბლიაძე, თამარ გოგოლაძე, იოსებ მარტინენკო, დავით სამსონიძე, ჯიმშერ გოგოლაური და ზაზა ხუციშვილი – ეს იმ პიროვნებების ჩამონათვალია, რომლებმაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის პოსტის დასაკავებლად განცხადებები უკვე წარადგინეს. ვინ დაიკავებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას, უახლოეს მომავალში გადაწყდება. ერთ-ერთი კანდიდატის, დავით სამსონიძის აზრით, მთავარი მოსახლეობისთვის სამართლიანობის აღდგენა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

საკრებულოში ოთხი დღის წინ შევიდა აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად პირველი წერილობითი მიმართვა, რომელსაც დღეს კიდევ 5 დაემატა. საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურების განხილვა დღეიდანვე დაიწყო, განცხადებების მიღების პარალელურად.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს დილიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრები შეიკრიბნენ. კოალიციის მხარდამჭერებთან ერთად ისინი სავარაუდო კანდიდატებზე მსჯელობდნენ, თუმცა ღია განცხადება იმის შესახებ, თუ ვის მოიაზრებენ საკუთარ კანდიდატურად, არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით შტაბის წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, მხარდამჭერებმა ოლეგ სანდროშვილს თხოვნით მიმართეს, წამოყენებული კანდიდატურებიდან ღირსეული შეარჩიოს. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შეხვედრების კოორდინატორის გიორგი ჟუჟუნაძის თქმით, მნიშვნელოვანია გამგებლის თანამდებობა ადგილობრივმა პირმა დაიკავოს.

გასულ კვირას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარეც აირჩია. ოლეგ სანდროშვილის, ისევე როგორც 2010 წელს მალხაზ გიქოშვილის კანდიდატურას, საკრებულოს 26-მა წევრმა მხარი ამჯერადაც ერთხმად დაუჭირა. მესამე სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ საკრებულოში განსხვავებული აზრი არ არსებობს - რეალურად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე აცხადებს, რომ 2010 წელს ადგილობრივმა საკრებულომ ცენტრის პოლიტიკა გაატარა და დღესაც იგივე განმეორდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ დროისათვის 6 განცხადებაა შესული. წამოყენებულ კანდიდატურებს უახლოეს მომავალში საკრებულოს წევრებს ოლეგ სანდროშვილი წარუდგენს. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში პირველი პირი რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს, რადგან გამგებლის თავისუფალი პოსტი ბიუჯეტის განხილვის პროცესს ხელს უშლის. სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG