Accessibility links

თუ საკრებულოს თავმჯდომარე ახალციხეში მარტივად შეიცვალა, სამაგიეროდ, გამგებლის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დროში გაიწელა. ორ კვირაზე მეტია მუნიციპალიტეტის პირველი პოსტისთვის განაცხადთა რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისათვის გამგებლის სავარძლის დაკავებას კოალიცია ,,ქართული ოცნების“ 9 კანდიდატი ცდილობს. კოალიციაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი დემოკრატიული პროცესებია. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ კანდიდატები ფრთხილად უნდა შეირჩნენ.

გამგებლის პოსტიდან ახალციხეში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამართლიანობის აღდგენასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვას აპირებს ერთ-ერთი კანდიდატი, ბესიკ ხითარიშვილი. ის ამბობს, რომ გამგებელი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.

ადგილობრივების ნაწილი ბესიკ ხითარიშვილს იცნობს, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებებს შეასრულებს.

ბესიკ ხითარიშვილის გარდა, გამგებლის პოსტის დასაკავებლად განცხადებები დაწერეს შემდეგმა კანდიდატებმა: ბესიკ ბლიაძემ, თამარ გოგოლაძემ, ჯიმშერ გოგოლაურმა, რაგულ სამსონიძემ, რომან გოგოლაურმა, იოსებ მარტინენკომ, დავით სამსონიძემ და ზაზა ხუციშვილმა. ახალციხეში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ უახლოესი საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ბესიკ ხითარიშვილს, გამგებლის პოსტზე, ხოლო რესპუბლიკელ თამარ გოგოლაძეს პირველი მოადგილის პოსტზე დაამტკიცებენ.
XS
SM
MD
LG