Accessibility links

logo-print

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


ახალციხე

ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს. მერაბ ბერიძე შვიდწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სასწავლებლის ხელმძღვანელია. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული 1990 წელს ახალციხეში თსუ მესხეთის ფილიალის, ხოლო 2002 წელს ახალქალაქში ჯავახეთის ფილიალის დაარსება. ორივე სასწავლებელს იგი 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. მერაბ ბერიძე დღეს ახალციხისა და ახალქალაქის გაერთიანებული სასწავლებლების ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი პრიორიტეტი გაერთიანების განცალკევება და ორივე უნივერსიტეტისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭება იქნება.

,,შევხვდი უნივერსიტეტის თანამშრომლებს, წარმადგინა ყოფილმა ხელმძღვანელმა. 22 წელია აქ ვარ და არც არსად წავსულვარ“.

ორი სასწავლებლის გაერთიანებამ და ხელმძღვანელის შეცვლამ უნივერსიტეტში პრობლემები გამოიწვია. რეორგანიზაციის გამო ჯერ კიდევ არ გაცემულა ოქტომბრის თვის ხელფასები და არ დამტკიცებულა მომავალი წლის ბიუჯეტი. თანამშრომლები უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციას არაერთგვაროვნად ხვდებიან:

,,აქტიურად ვუჭერთ მხარს ბატონ მერაბს და მივესალმებით მის დაბრუნებას“.

,,ან დაგვანახონ, რომ არის რაიმე შეცდომა დაშვებული, ან აგვიხსნას განათლების სამინისტრომ, რატომ არის აუცილებელი რექტორის შეცვლა“.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, თინა გელაშვილი, მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ იგი მედიასთან განმარტავდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ 11 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანება ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელისთვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი:

,,არავინ არ გამითავისუფლებია პოლიტიკური ნიშნით და არც დღეს დგას იმის აუცილებლობა, რომ ამის გამო შეიცვალოს ხელმძღვანელი“.

უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელი 2005 წელს პროკურატურამ თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე ფილიალის სტუდენტთა გავლის, ხელმოკლე სტუდენტებისთვის შექმნილი ფონდიდან ლიმიტის გადამეტებისა და საწვავის გადახარჯვის ბრალდებით დააკავა. მერაბ ბერიძის დაპატიმრება მაშინ სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. დეპუტატთა თავდებობის შედეგად, მას პირობითი მსჯავრი მიესაჯა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელი, პირველ რიგში, ხელფასების გაცემასა და თანამშრომელთა შერჩევას აპირებს, მათი პროფესიონალიზმის მიხედვით.
XS
SM
MD
LG