Accessibility links

logo-print

გამგეობის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნიან


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აპრილის თვეში დაანონსებული საკადრო ცვლილებები ივლისიდან დაიწყება. ახალი თანამშრომლები გარკვეულ პოზიციებზე კონკურსის წესით შეირჩევიან. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ უმიზეზოდ თანამდებობას არც ერთი მათგანი არ დატოვებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე მედიასთან განმარტავს, რომ სანამ შედეგები ცნობილი არ გახდება, არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული არ იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რომელ შტატებზე გამოცხადდება კონკურსი, ჯერ არ საჯაროვდება.

ივნისის დასაწყისში ახალციხის მუნიციპალიტეტმა კონკურსი გამგეობის სამსახურის 13 პოზიციაზე უკვე გამოაცხადა, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ დრომდე არ განხორციელებულა. საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით სპეციალური საკონკურსო კომისია შეიქმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი თავმჯდომარეობს. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე აცხადებს, რომ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გამგეობაში არც შიდა გადაადგილებასა და სამსახურებრივ რეორგანიზაციას გამორიცხავენ. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებები არ დაირღვეს და ხელისუფლებაზე საზოგადოების მხრიდან მუდმივი კონტროლი განხორციელდეს, 24 ივნისს ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებლები კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრები და გამგეობის ამჟამინდელი თანამშრომლები არიან. ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ კურტანიძე განმარტავს, რომ ნებისმიერ მსურველს ან დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მათ საქმიანობაში ჩაერთოს და დახმარების მიზნით მიმართოს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საკუთარი მუშაობის ძირითადი მიზნები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასაც გააკონტროლებენ. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ 6-მა პირმა ჩამოაყალიბა. მათგან 5 გამგეობის წარმომადგენელია. ერთ-ერთი წევრი - ზურაბ სამსონიძე - აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ.

სამოქალაქო სექტორის გააქტიურებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები ცივილიზებულად, ყველა კანონის დაცვით განხორციელდება.
XS
SM
MD
LG