Accessibility links

logo-print

ახალციხეში 400-ზე მეტი ოჯახი სასოფლო ბარათების გარეშეა დარჩენილი


ახალციხის მუნიციპალიტეტში არაერთი ოჯახი აღმოჩნდა სასოფლო ბარათების გარეშე. ურავლის ტერიტორიული გაერთიანება კი ერთ-ერთია მათ შორის, სადაც მოსახლეობის ნაწილს სასოფლო ბარათები არ მიუღია. თემში 142 ოჯახი სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩა. მომხდარში ყოფილი და ამჟამინდელი რწმუნებული ერთმანეთს ადანაშაულებენ. პრობლემის შესახებ თემის პირველი პირი საუბრობს. ბადრი ზაზაძე ამბობს, რომ სიებში უზუსტობები მისი წინამორბედის, ბეგლარ კაპანაძის დროს იქნა დაშვებული. ბადრი კაპანაძე ირწმუნება, რომ შესწორებული სიები სამინისტროში არაერთხელ გადაიგზავნა, მაგრამ ბარათები მოსახლეობამ მაინც ვერ მიიღო.

თავის მხრივ, ყოფილი რწმუნებული განმარტავს, რომ მუშაობის პერიოდში მხოლოდ საქმიანობის მცირე ნაწილის შესრულება მოასწრო - სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით სიები შეადგინა და სამინისტროსაც გადაუგზავნა. ყოფილი რწმუნებული პირველად სიებში უზუსტობებს არ გამორიცხავს და ეჭვობს, რომ ახალმა რწმუნებულმა ისინი არ გადაამოწმა და სამინისტროშიც ხარვეზებით გადაიგზავნა. ბეგლარ კაპანაძის აზრით, მოსახლეობა ბარათებს უკვე უშედეგოდ ელოდება.

ურავლის გარდა, სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით პრობლემებია სხვა ტერიტორიულ გაერთიანებებშიც. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფლის რწმუნებულებს საკითხის დეტალური გარკვევა და სიების დაზუსტება დაავალა. ბესიკ ბლიაძის აზრით, პრობლემები შესაძლოა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ მოსახლეობას მიწის ნაკვეთები ელექტრონულად დამოწმებული არა აქვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე იმუშავებს. მანამდე კი, ურთიერთბრალდებების ფონზე, პრობლემა გადაუჭრელი რჩება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულდა.
XS
SM
MD
LG