Accessibility links

logo-print

ვის ინტერესებს შეეწირა სოფელ აგარის რწმუნებული?


ახალციხე

ახალციხე

ოფიციალური ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის რწმუნებულის გათავისუფლებას 20 აგვისტოს ხმაური მოჰყვა. ზაზა გელაშვილი, მისივე თანასოფლელების აზრით, „ქართული ოცნების“ ახალციხის ოფისში არსებულ დაპირისპირებას შეეწირა. რა პირობით აღადგინეს გათავისუფლებული რწმუნებული დაკავებულ თანამდებობაზე და რას ფიქრობენ სოფელ აგარაში მომხდარის შესახებ?

20 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება აგარის რწმუნებული სამსახურიდან გაეთავისუფლებინა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. გათავისუფლების მიუხედავად, ზაზა გელაშვილი 2 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართულ თათბირს ისევ დაესწრო, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სტატუსით. ამის თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბლიაძის მიერ მედიასთვის მიცემული განმარტების თანახმად, აგარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ამჯერად თავის თანამდებობაზე რჩება და გააგრძელებს თუ არა შემდგომში მუშაობას, ეს მის საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.

თავად რწმუნებულს არც აქციაზე და არც თათბირზე კომენტარი არ გაუკეთებია. 20 აგვისტოს სოფლის მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მისული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ აგარის რწმუნებულმა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ვერ შეძლო და სამსახურიდანაც სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ.

ზაზა გელაშვილის მხარდამჭერ აქციას თავად ყოფილი რწმუნებული არ ესწრებოდა. იგი ამ თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით. „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული და შემდეგ უკვე გათავისუფლებული რწმუნებულის შესახებ კოალიციის კიდევ ერთი წევრი ლაპარაკობს. ელვარდ ზაზაძე ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებს.

აგარის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან 20 აგვისტოს გათავისუფლდა. გამგეობის ოფიციალური ვერსიით, ზაზა გელაშვილმა თანამდებობა რიგი პროექტების ჩავარდნის გამო დატოვა. გამგებლის მოადგილემ მალხაზ ჟუჟუნაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა რწმუნებულმა ვერ უზრუნველყო მოსახლეობის აღწერა და სოფლისთვის პრიორიტეტები ვერ განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG