Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მომავალი გუბერნატორები თუ სამხარეო საბჭოს ხელმძღვანელები?!


ახალციხე
ახალციხე
თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ივანე წიკლაურმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს მიიღო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მან პრეზიდენტის კანცელარიას შესაბამისი განცხადებით მიმართა. როგორც სამხარეო აპარატის რწმუნებული განმარტავს, გადაწყვეტილება ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლამ მიაღებინა. ივანე წიკლაური პრეზიდენტის სამხარეო ადმინისტრაციაში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის აპარატი სტიქიით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარა. გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გუბერნატორის მხრიდან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის აპარატში ამ დროისათვის დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული. მათი განმარტებით, ამ დრომდე ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მედიასაშუალებებიდან შეიტყო, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება კი თავად ჯერ არ დაუწერია, თუმცა მიიჩნევს, რომ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ისინი თანამდებობებს დატოვებენ.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობა რეგიონებში სპეციალური საბჭოების შექმნას ფიქრობს. მუნიციპალიტეტის საკრებულოებზე მაღალი უფლებამოსილების მქონე სამსახურების ძირითადი მოვალეობა მხარის ადმინისტრაციის არჩევა იქნება. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, გუბერნატორის პასუხისმგებლობა არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერისა და მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა. უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის დროს განმარტავდა, რომ გუბერნატორებს ძალა პრაქტიკულად არა აქვთ.

ვიდრე მხარის ადმინისტრაციას აირჩევენ, მანამდე რეგიონში გუბერნატორის სავარაუდო კანდიდატურებზე საუბრობენ. სამცხე-ჯავახეთში ამ პოსტზე ვარდების რევოლუციამდელ გუბერნატორს გელა კვარაცხელიას, პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს რევაზ მუმლაძეს და ახალციხის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსს მალხაზ ჟუჟუნაძეს ასახელებენ. მედიასთან ამ ფაქტს არც ერთი არ ადასტურებს. მალხაზ ჟუჟუნაძე კი განმარტავს, რომ ყოველთვის იქ იქნება, სადაც სამშობლოს დასჭირდება.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული დაკავებულ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მისი განცხადება გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდება. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად ივანე წიკლაური 2012 წლის 6 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი გუბერნატორის პოსტი ლაშა ჭკადუას ეკავა. საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის რეგიონების მიხედვით, ცხრა გუბერნატორი ჰყავს დანიშნული.
XS
SM
MD
LG