Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საბავშვო ბაღებში ატესტაცია დაიწყება


ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა დაიწყო. სასწავლო პროცესი მხოლოდ თვითმმართველი თემის ორ ბაგა-ბაღში არ განახლებულა.

ორი თვის წინ მოულოდნელად შეწყვეტილი სასწავლო პროცესი როგორც ქალაქის, ასევე თემის ბაგა-ბაღებში 1 სექტემბრიდან აღდგა. ქალაქ ახალციხეში 8 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, მათგან 4-ში სარემონტო სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა, – აცხადებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ახლად დანიშნული დირექტორი და განმარტავს, რომ დანარჩენ ბაღებში ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ სიარული. ნანა ბერიძე ვითარების გამოსწორებასა და მომავალი თნამშრომლების კონკურსის წესით დანიშვნაზე საუბრობს.

საბავშვო ბაღებში სწავლა მოულოდნელად შეწყდა 1 ივლისს. მიზეზად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეორგანიზაცია დასახელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებად დაყოფის შემდეგ დაიწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაც. ბაღების ნაწილი თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში დარჩა, ნაწილი კი თემს მიეკუთვნა.

ახალციხის 1-ლი ბაგა-ბაღის მენეჯერი ამბობს, რომ საბავშვო ბაღში მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ციცო საანიშვილი ქალაქის ხელისუფლებას საბავშვო ბაღის ეზოს მოპირკეთებასა და სათამაშოებით უზრუნველყოფას მაინც სთხოვს.

ქალაქის ბაღებში შექმნილ ვითარებას ახალციხის მერიც იცნობს. გიორგი კოპაძე ამბობს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გაწერილია, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში დანარჩენი ბაღებისთვის სარემონტო სამუშაოების თანხა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ქალაქის მერი ბაღებში ფსიქოლოგის ჩართვაზე საუბრობს და
აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლები წელს ატესტაციას გაივლიან, რადგან მათ ყველაზე მთავართან – ქვეყნის მომავალთან - უხდებათ მუშაობა.

ქალაქისგან განსხვავებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ თემში 8 ბაღიდან სწავლა მხოლოდ ექვს ბაღში დაიწყო. აგარისა და მუსხის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

XS
SM
MD
LG