Accessibility links

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელის ატესტაციისათვის განსაზღვრულმა ბარიერმა ხმაური გამოიწვია. ,,საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების მიხედვით“, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა პირებმა, ტესტირების შედეგად, 60%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, რაც საკრებულოს სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა გააპროტესტა. მათი თქმით, ზღვარი მაღალია, რის გამოც შესაძლებელია მოხელეებმა ტესტირება ვერ გაიარონ და ადგილები ვაკანტური დარჩეს. საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაკა სუდაძე მიიჩნევს, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება გაუმართავია, რადგან მასში საპრეტენზიო კომისიის უფლებამოსილებები სრულად განსაზღვრული არ არის. მიუხედავად პრეტენზიებისა, სხდომაზე დამსწრე 23 დეპუტატიდან დებულების დამტკიცებას მხარი 18-მა დაუჭირა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეებისათვის ატესტაცია ოქტომბრის შუა კვირაში დაინიშნება. საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის პირმა პირველ ეტაპზე სავალდებულო ტესტირება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც იგი გასაუბრებაზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე წარდგება. სხდომაზევე დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს. პოსტი ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ დაიკავა. ხმები ასე გადანაწილდა: 20 - მომხრე, 3 - წინააღმდეგი და 1 - ბათილი. როგორც მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულებამ სხდომაზე გატანამდე არაერთი ინსტანცია გაიარა.

სხდომის ერთ-ერთი საკითხი ე.წ. ,,მიწის კომისიის“ ჩამოყალიბება იყო. 5-კაციანი ჯგუფი ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. კომისიის თავმჯდომარედ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე დაინიშა, წევრები კი ნოდარ ტალახაძე, ეკატერინე ხართიკაშვილი, ნოდარ ბალახაშვილი და მამუკა პარუნაშვილი იქნებიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომაზე დეპუტატებმა გადაწყვეტილება სოფელ ღრელში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის შესახებაც მიიღეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დასახლებაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული იყო სავალი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხიდან ნაშთი 95 865 ლარი დარჩა, რაც სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოხმარდება. დეპუტატ თეიმურაზ ბარძიმაძის თქმით, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში წარიმართება.

საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 10 საკითხი იყო გატანილი. მათგან ორი ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს შეეხო. დეპუტატთა თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებული მინაძისა და ურავლის სავალი გზების რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების სამინისტრომ 15 423 ლარი გამოყო. გარდა ამისა, მათ ქონების გაყოფის შედეგად მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩენილი ტექნიკის შესახებაც ისაუბრეს. დეპუტატთა განმარტებით, პირველი პირებისათვის გამოყოფილი ავტომანქანები მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული. მათ შესაკეთებლად თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG