Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილები ახალი საცხოვრებელი ფართის მოლოდინში


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის თვითმმართველ თემში 65 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, ქალაქ ახალციხეში კი - 180. ცენტრალური ხელისუფლების დაპირებით, 1 ოქტომბრიდან ახალი საცხოვრებელი ფართები ახალციხეში 66 ოჯახს უნდა მიეღო, თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გამაგრებითი სამუშაოების გამო, ბინების ჩაბარების ვადამ ერთი თვით გადაიწია. იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევა ოჯახები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერაფერს ამბობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მიხეილ ვარდიძე განმარტავს, რომ ამ საკითხს ცენტრალური უწყება გადაწყვეტს.

რუსთაველის ქუჩის #113-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო და 1-ლ ნოემბრამდე დასრულდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ იძულებით გადადგილებულთა ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს ნოემბრის თვიდან მიიღებენ. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული თბილისის სამშენებლო კომპანია „სენი“ ასრულებს. სამაჩაბლოდან დევნილი ციცინო ზედგინიძე ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ფართით მისი ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

ციცინო ზედგინიძის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია დევნილთა და განსახლების სამინისტროც. სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონი ამბობს, რომ ყველა უწყება ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 10 წლის წინ აუქციონზე გასხვისებული მისი საცხოვრებელი ფართის მფლობელი ამჯერად სხვაა. ციცინო ზედგინიძის მსგავსად, შენობის მოლოდინში არიან ახალციხეში მცხოვრები სხვა დევნილები.

ყოფილი ინტერნეტის შენობის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია და 66 ოჯახი უკვე საკუთარ საცხოვრებელ ფართში იცხოვრებს. დანარჩენი ოჯახების ფართებით უზრუნველყოფა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. ბინები დევნილებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმის შესაბამისად გადაეცემათ.

XS
SM
MD
LG