Accessibility links

logo-print

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ქალებიც შეუერთდნენ. „არა ძალადობას! არა ფემიციდს!“ – ეს იყო 25 ნოემბრის აქციის მთავარი სლოგანი. აქციის 50–მდე მონაწილემ, რომლებიც ძირითადად რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებს წარმოადგენდნენ, პეტიციას ხელი მოაწერეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მასშტაბით ქალთა მოძრაობა დაიწყო.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას რეგიონის ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია არა აქციის მონაწილეებისკენ, არამედ ჯერ კიდევ სახლში მყოფი ქალებისკენ არის მიმართული. ჟურნალისტი გულო კოხოძე ამბობს, რომ ძალადობისგან დაცული არავინ არის და მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქალს.

აქციის გამართვის ორგანიზატორი ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოებაა“. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქტივობები ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. საზოგადოების თავმჯდომარე მარინა მოდებაძე განმარტავს, რომ საზოგადოების ერთობა და აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

„გენდერული თანასწორობა“, „ქალთა უფლებები“ და 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 24 ქალის მკვლელობით შეშფოთებული საზოგადოება 25 ნოემბერს ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას აპროტესტებს.

XS
SM
MD
LG