Accessibility links

logo-print

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად 165 მილიონი ლარი გამოიყოფა – ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ თებერვლის თვეში გაჟღერდა. წელს, ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად სასმელი წყლის სისტემები და საავტომობილო გზები მოწესრიგდება, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღები, სპორტული და კულტურული დაწესებულებები. სამცხე-ჯავახეთში ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც ახალგაზრდობა ტოვებს სოფლებს, მაინც სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოუწესრიგებლობაა.

2015 წლის განმავლობაში მარტო გზების მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის დაბა ასპინძაში სულ 16 პროექტი დაიგეგმა, რომელთა განსახორციელებლადაც 800 ათასი ლარი დაიხარჯა. ძველი-ჭობარეთისა და ორგორა-საყუდაბელის გზის მშენებლობისთვის 660 ათასი ლარი გამოიყო. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორისაა დაბაში 2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ადგილობრივი ხელისუფლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად სარო-ხიზაბავრის გზის მონაკვეთის მოასფალტებას მიჩნევს. სოფელ საროში მთავარ პრობლემად წყლის სისტემის მოუწესრიგებლობასა და უმუშევრობას მიიჩნევენ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რეგიონებში პროექტების დასაფინანსებელი თანხები წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. პროექტები, მუნიციპალიტეტების წინადადებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ შეირჩა. 35 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის და აგრეთვე ჯავახეთში გზისა და სამცხე-ჯავახეთში საგანმანათლებლო დაწესებულების აშენება-რეაბილიტაციისათვის, აცხადებს მედიასთან მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

რეგიონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განვითარების პრიორიტეტებზე საქართველოს პრემიერმაც გააკეთა განცხადება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თბილისსა და რეგიონებს შორის სხვაობა არ უნდა არსებობდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG