Accessibility links

logo-print

ოლეგ სანდროშვილი: "ბიუჯეტში ცვლილებები იანვარში შევა"


ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2014 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი, 2013 წელთან შედარებით, ორი მილიონითაა გაზრდილი. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების კუთხით დაფინანსება შემცირებულია, ასევე შემცირებულია თანხები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მხრივ. კიდევ რა სხვაობაა ახალ და ძველ ბიუჯეტს შორის და რა არის ძირითადი პრიორიტეტები მიმდინარე წელს?

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 280 ათასი ლარით დამტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, ორი მილიონი ლარით გაიზარდა, მასში სოციალური, ინფრასტრუქტურული და განათლების მიმართულებით თანხები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მაგალითად: განათლების სფეროში 2013 წელს თუ 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს ის მხოლოდ 1 მილიონ 500 ათას ლარზე ცოტა მეტია. მსგავსი სხვაობაა, სოციალური უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, სპორტისა და შრომითი ანაზღაურების მიმართულებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი აცხადებს, რომ დამტკიცების შემდეგ ბიუჯეტში ცვლილებები მაინც შევა.

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა“, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტი შეაჯამა. ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ თანხები მნიშვნელოვნად არის შემცირებული სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა გაზრდილია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და საკრებულოს გადაუგზავნეს, თუმცა გაითვალისწინა თუ არა ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ შენიშვნები, მათთვის უცნობია.

მიმდინარე წლისგან განსხვავებით, ახალ ბიუჯეტში არ შესულა ახალციხის ციხის განვითარებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯები, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 2014 წელს ორივე პროგრამა განხორციელდება, ოღონდ არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსებით. მომავალი წლისათვის ახალციხელებს პრიორიტეტულად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიაჩნიათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯანდაცვის კუთხით თანხების შემცირებას საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებას უკავშირებენ და მომავალში მთავრობისაგან, ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კიდევ 7 მილიონით დაფინანსებას ელოდებიან. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ მომავალში შტატების შემცირება გარდაუვალი იქნება. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში უცვლელი დარჩა „ახალციხის ციხის დაფინანსება“. რაბათის ისტორიული ძეგლი წელსაც 400 ათასი ლარით ფინანსდება.
XS
SM
MD
LG