Accessibility links

logo-print

ახალციხის მერიამ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დაუბრუნა


ახალციხე

ახალციხე

გარე ფასადების მოწესრიგებისთვის – 725 000 ლარი, დასუფთავებისთვის – 650 000, სახურავების რეაბილიტაციისათვის – 450 000, ახალციხის ციხეს, სუბსიდიის სახით, – 200 000 ლარი – ეს იმ თანხების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს ისაუბრეს. ახალციხის მერმა ქალაქის მცხოვრებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. გიორგი კოპაძემ აღნიშნა, რომ ფინანსური დოკუმენტი მომავალ წელს 9 მილიონ 635 000 ლარით განისაზღვრა.

ყაზბეგისა და ხარისჭირაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ლიფტი რვასართულიან შენობებში, სპორტული ინვენტარის შეძენა კრივის ჯგუფისათვის, სახელოვნებო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება – ეს საკრებულოს მიერ გაცემული რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალია. ბიუჯეტის პროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებნი დაესწრნენ. ახალციხელებმა შეხვედრაზე ის პრობლემური საკითხები დასვეს, რომელთა მოგვარებასაც 2016 წელს ითხოვენ.

პროექტის განხილვაზე შშმ პირთა უფლებადამცველებმა მერს სთხოვეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პანდუსების მშენებლობა გაითვალისწინონ, ხოლო ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც მომავალი წლიდან დაიწყება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახადონ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ,,საქართველოში დაკეტილ სივრცეზე“ ამახვილებს ყურადღებას.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე მედიასთან განმარტავს, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი ჯერ კომისიისა და ბიუროს სხდომებზე განიხილება, შემდეგ კი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ. ამბობს, რომ საკრებულომ მერიას არაერთი რეკომენდაცია მისცა. რეკომენდაციები ძირითადად ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სოციალურ სფეროებს შეეხება.

კანონმდებლობის მიხედვით, 2016 წლის ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პროექტი თვის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. ქალაქ ახალციხის მერიამ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს უკან დაუბრუნა. წარმომადგენლობით ორგანოში ამ ეტაპზე ვერ ამბობენ გაითვალისწინა თუ არა მერიამ დეპუტატების ყველა რეკომენდაცია. რა ცვლილებები შევა ფინანსურ დოკუმენტში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ახალციხის მერის მტკიცებით, ის საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა, გათვალისწინებული იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG