Accessibility links

„არა გაზპრომს!“ - ამ სახელწოდებით მთავრობის კანცელარიის წინ აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები არიან. ისინი რუსეთთან - კერძოდ კი, კომპანია „გაზპრომთან“ - ურთიერთობის გაღრმავებას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყოს.

საუბარია ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ყოველწლიურად ახლდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ ამჯერად რუსული მხარე ცვლილებებს ითხოვს:

​„ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს ხელშეკრულებების პირობები – კერძოდ, გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე: გატარებული მოცულობის 10%-ის მაგივრად, რაც მოგვქონდა, ჩვენ გადაგვიხადონ თანხები... ეს მოლაპარაკებები ჩვენ უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს – რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის“.

ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

საზოგადოების ნაწილის აზრით, „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. აქციის მონაწილე პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს:

„ჩვენთვის მიუღებელია „გაზპრომის“ გაძლიერება საქართველოში. რუსეთმაც უნდა დაინახოს, რომ გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც არის საქართველოში და რომელიც გვატყუებს ამ მოლაპარაკებების შესახებ, არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არ შეეგუება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას საქართველოში“.

მიზეზები, რომელთა გამოც საქართველო „გაზპრომის“ მოთხოვნებს არ უნდა დასთანხმდეს, აქციის მონაწილეებმა 12 პუნქტად ჩამოწერეს. მათ შორის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აზერბაიჯანი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, გაზის მოწოდება გაზარდოს.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა არც ძალიან სახიფათო იყოს, მაგრამ, მისივე თქმით, ცუდი ისაა, რომ თავად ხელისუფლება გაურკვევლობაში იმყოფება და, შესაბამისად, არც საზოგადოების კითხვებზე აქვს პასუხი:

„შეიძლება რამე სასწაული და ცუდი ამ ეტაპზე არ ხდება, - მე ასე მგონია, რომ არ ხდება, - მაგრამ როდესაც მთავრობამ ამდენი ხანი თავი ვერ დაადგა კომუნიკაციას, ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა უთხრას თავის მოსახლეობას, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია, როცა მთავრობა ავლენს აგრესიას იმაზე, რომ საზოგადოებას უჩნდება კითხვები და როცა მთავრობა აშკარად ვერ ჩამოყალიბდა, რა უყოს „გაზპრომს“ და „სოკარს“ - ეს არის დიდი პრობლემა“.

არა მარტო ეს აქცია არამედ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი აქცია გაიმართება იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჰქვია საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლა და ხალხი იქნებ ერთსულოვანი...

ოთხი საათისთვის კანცელარიის წინ ორასამდე ადამიანი შეიკრიბა. მათი ორგანიზება ძირითადად ფეისბუქის მეშვეობით მოხდა. აქციას კონცერტის სახე მიეცა.

„არა მარტო ეს აქცია არამედ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი აქცია გაიმართება იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჰქვია საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლა და ხალხი იქნებ ერთსულოვანი“, - ამბობს აქციაზე მოსული ვანო მაღალაშვილი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე კი, გოგი ქავთარაძე, აცხადებს, რომ ისინი მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ გამოდიან:

„გაჩუმების უფლება არანაირად არა გვაქვს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ და დაგვხვდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ძალიან ბევრი მავნებლური პუნქტი იქნება, რაც შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ენერგოუსაფრთხოებას და ევროატლანტიკურ მიმართულებას“.

თორნიკე შარაშენიძის თქმით კი, ბუნებრივია, რომ „გაზპრომიც“ და „სოკარიც“ ითხოვენ მოლაპარაკების გარკვეული დეტალები არ გახმაურდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს იმ მესიჯებზე, რომლითაც საკუთარ საზოგადოებას დაელაპარაკება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG