Accessibility links

logo-print

ზუგდიდში სოფლებისა და მდინარეებისთვის მეგრული სახელწოდებების დაბრუნებას ითხოვენ


ზუგდიდის არტგალერეა

ზუგდიდის არტგალერეა

მეგრულიდან ქართულად თარგმნილი ტოპონიმების შეცვლის მოთხოვნით ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. მისი წევრები აცხადებენ, რომ სამეგრელოს სოფლებს, ქალაქებსა თუ მდინარეებს ძველი, ისტორიული სახელწოდებები უნდა დაუბრუნდეთ. საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული მწერლები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ სოფლებისა და მდინარეების ძველი მეგრული სახელები არასწორად არის თარგმნილი და მათი ნაწილი პირდაპირ არ გამოხატავს ხალხის მიერ მისთვის წლების წინ დარქმეული სახელის მნიშვნელობას. მეგრული ტოპონიმების დაბრუნების მოთხოვნით შეკრებილმა ჯგუფმა პირველი შეხვედრა ზუგდიდის არტგალერეაში გამართა და იქ გააცნო სოფლების ძველი სახელწოდებები დაინტერესებულ მსმენელს:

„ტოპონიმები არ უნდა ითარგმნებოდეს. როგორც ხალხი უწოდებს მას, ისე უნდა დარჩეს. მაგალითად, შავღელეს უჩაღალი უნდა ერქვას, უნდა იყოს გოჭკადილი და არა კაჭედილი - ისე, როგოც ხალხი, მეგრელები ამბობენ ამ სახელს. ყულისწყალი კი არა, ყულიშწყარი, ისე როგორც ჯიხაშკარი და არა ჯიხასკარი“, - ამბობს ისტორიკოსი ავთანდილ თორდია.

საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ ტოპონიმების შეცვლა ხდებოდა როგორც საბჭოთა დროს, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში. შესაბამისად, ჯგუფი ასევე მოითხოვს ძველი სახელები დაუბრუნდეთ იმ სოფლებსაც, რომელთა სახელწოდებები კომუნისტებმა შეცვალეს. იდეის ავტორებს უკვე მოძიებული აქვთ კუთხეების ძირძველი სახელები.

„მაგალითად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ესენია: სოფელი ოქტომბერი, პირველი მაისი. კიდევ დარჩელის სოფლები: ტელმანი, კიროვი. როცა ევროპისკენ მივდივართ და სვლა არის ატლანტიკური სივრცისკენ, ეს საბჭოთა მემკვიდრეობა უხერხულობას იწვევს. ტოპონიმების შეცვლა ნელ-ნელა ხდებოდა, სხვადასხვა მიზეზებით. ზოგჯერ ერთი სიტვის მნიშვნელობას სხვა ენაში მეორე სიტყვის მნიშვნელობას უახლოებდნენ“, - ამბობს დავით გელაზონია.

მისი განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის თანახმად, აქვს უფლება თავად შეუცვალოს სოფლებს სახელწოდებები.

ზუგდიდის საკრებულოში საინიციატივო ჯგუფს პასუხობენ, რომ მზად არიან ამ საკითხის განსახილველად.

„ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნული საკითხით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს როგორც ადგილობივ გამგეობას, ისე საკრებულოს. გამგეობა, შესაბამისად, განიხილავს შემოსულ წინადადებას. მისთვის მისაღები თუ იქნა, განსახილველად წარადგენს საკრებულოში. განხილვის შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ობიექტისთვის ისტორიულად არსებული სახელწოდების მინიჭების თაობაზე“, ამბობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნატალია პაპასკირი.

საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი შეხვედრით. ისინი გეგმავენ ოფიციალურად მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას.

XS
SM
MD
LG